თამთა ჩაჩანიძე
01.05.2024

მეორე კვირაა საპროტესტო გამოსვლები არ წყდება, ხუთ თვეში კი საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენებს არჩევნებზე გავლენა აუცილებლად ექნება - ეს ჯერ ელექტორატის განწყობებზე აისახება, რასაც საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებს, თუმცა, იმასაც დასძენენ, რომ გააჩნია პროცესები როგორი სცენარებით განვითარდება.

მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა - მაგრამ იცით, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა. კალაძის თქმით, მცდელობაა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული.

„შეიძლება რაღაცაში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და არ მოგვწონდეს ხელისუფლება, მაგრამ მოდის არჩევნები, მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა. მაგრამ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს".

„ისიც იცით თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და პატრონებმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულს ქვემოთაა. ამიტომაა მცდელობა, რომ დაპირისპირება შემოიტანონ, შუღლი გააღვივონ და ისეთი ქმედებები განახორციელონ, რაც რევოლუციასთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა",- განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ორბელიანების სასახლეში გამართულ სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს და ამ არჩევნებში ახალგაზრდებისა და დიასპორის აქტიურ ჩართულობას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნები, რომელზეც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიოს საქართველოს ევროპული მომავალი.

„საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპულ პლატფორმაზე, ერთიან სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც შეუერთდებიან პოლიტიკური ძალები და არჩევნების შემდეგ განახორციელებენ იმ ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების დასაწყებად",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები.

„უცნობია როგორი იქნება ამ მოვლენების გაგრძელება. მაგალითად, პარლამენტში კანონის განხილვისას დასაწყისში ჩხუბი იყო, მერე ძალიან კონსტრუქციულად მიდიოდა საუბარი. შესაძლოა ასეთი გაგრძელება ნახოს ამ მოვლენებმა - შესაძლოა ადგნენ და ჩათვალონ, რომ ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებას აზრი არ აქვს და უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის.

„სხვათა შორის, ასეთი დაპირისპირების დროსაც ოპოზიციას არცერთხელ არ უთქვამს, რომ ჩამოვაგდოთ ხელისუფლებაო, ყოველთვის ამბობს, რომ ეს ხალისუფლება არჩევნების გზით უნდა გავუშვათო, მაგ დამოკიდებულებას რა სჯობს?! ადამიანებმა ვინც უნდა გაუშვან და მოიყვანონ ისე,როგორც ეს ნორმალურ საზოგადოებებშია, ოღონდ დესტაბილიზაცია არ იყოს, ეს აზრი მემგონი ოპოზიციაშიც მომწიფებულია.

„თუკი მოვლენების განვითარება ამ მიმართულებით წავიდა, მაშინ შედეგი ის იქნება, რომ არჩევნებში შევალთ. ამასთან, თუკი ოპოზიციამ მოსახლეობას აჩვენა, რომ მას კონსტრუქციული მუშაობა შეუძლია, მისი შანსი უფრო მეტი იქნება.

„და თუკი პროცესები რადიკალური გზით წავიდა, აქ ორი ვარიანტია, ერთი რადიკალური ვარიანტი ხელისუფლების შეცვლას ახლავე ითხოვს, რასაც მოჰყვება უკვე ხელისუფლების მხრიდან რადიკალური ნაბიჯები, ანუ ძალის გამოყენება. მეორე ვარიანტი ისაა, რომ თუკი არჩევნებამდე სიტუაცია ასეთი ჯანჯღარით გაგრძელდა და რევოლუცია არ მოაწყეს, დესტაბილიზაციის ავტორებს არჩევნებში ხმის მიღების შანსი ნაკლები ექნება, უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ავტორი ოპოზიციაა ხოლმე.

„ოპოზიციას გარდა კონსტრუქციულობისა, აგრესიულობის პრობლემაც აქვს, ასეთი აგრესიულობის ფონზე, ძალიან გაუჭირდება ხმების მოპოვება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიმდინარე მოვლენები არჩევნებში ოპოზიციის და მთლიანად საქართველოს სასარგებლოდ ასახება.

„მიმდინარე მოვლენები მერე უკვე რჩევნებში უფრო ოპოზიციის და საერთო ჯამში საქართველოს სასარგებლოდ აისახება, რადგან, მგონია, რომ „ოცნების" პროდასავლელი ამომრჩეველი დაფიქრდება მისცეს თუ არა ხმა ისევ მათ და შესაძლოა მათი სახით სადღაც 5-6% დაკარგოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ენმ-ს მისცემენ ხმას, შესაძლოა არჩევნებზე საერთოდაც არ წავიდეს.

„ელექტორატის გაწყობები 2020 წლისგან განსხვავებით შეიცვლება, თუმცა შესაძლოა რადიკალურად არა, რადგან „ოცნების" მახრადმჭერების უმრავლესობა ისეთია კატეგორიაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვას საქართველო რუსეთს უერთდება და გუბერნია ხდებაო, იტყვიან, რომ არა უშავს, მთავარია მიშა არააო.

„ამ მოვლენების გათვალისწინებით, წესით ოპოზიციამ ხმების 50%-ზე მეტი უნდა მოაგროვოს, თუმცა მთავრობის ჩამოყალიბებას ეგრევე ვერ შეძლებს, თან 5%-იანი ბარიერია და ამ პირობებში მაშინ გარკვეულმა პროდასავლურმა პარტიებმა გაერთიანება უნდა შეძლონ, რომ ხმები არ დაიკარგოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×