ელზა პაპოშვილი
09.05.2024

არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და რას ნიშნავს ქვეყანაში ჯერ სატელეფონო მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების მიმართ,  შემდეგ კი ოპოზიციონერ ლიდერებზე ერთდროულად განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება?  ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ანგარიშსწორება, რათა 11 მაისს დანიშნულ საპორტესტო აქციაზე მიმსვლელი მოქალაქეები დააშინონ. მათი აზრით, „ოცნება“ პანიკაშია და მისი მოქმედებები უკონტროლო გახდა. 

მმართველ გუნდში კი ბრალდებებს პასუხობენ, რომ გამოძიება დაწყებულია და წინასწარ ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა პოლიტიკური პროვოკაცია, ოპოზიციას კი ქვეყანაში დაძაბულობის ტემპერატურის აწვა სურს.  

8 მაისს გამჭვირვალობის კანონის, იგივე  ოპოზიციის შეფასებით, რუსული კანონის  მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. თავს ორბელიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს ლაშა ღვინიანიძეს, ენმ-ის წევრს დიმა ჩიქოვანს, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარს გია ჯაფარიძესა და პოლიტიკოსს გიორგი ონიანს დაესხნენ. 9 მაისს კი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთ წევრს გიორგი მუმლაძეს გაუსწორდნენ ფიზიკურად.  მუმლაძე ამბობს, რომ მას „სუს-ის 4 დაკუნთული, ნიღბიანი პირი“ დაესხა. 

„გამოძიება გუშინ მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა და მივყვებით გამოძიებას. ვნახავთ, რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა მიიღეს დაზიანებები, დაწყებულია გამოძიება,“ - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ომის მემორიალთან და დაამატა, რომ ოპოზიციური  მედიისგან არ მოუსმენია შეშფოთება, როდესაც მისი პოს ტვ-ისა და იმედის ჟურნალისტებს ესხმოდნენ თავს. 

მსგავსი განცხადება გააკეთა ქალაქისს მერმა კახი კალაძემაც. 

„ყველანაირი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც მამუკა მდინარაძეს ლაჩრულად მიეპარა ალეკო ელისაშვილი, ნახეთ, რა განცხადებები კეთდებოდა, ეს ძალიან სახიფათოა, ძალიან ცუდია, არ შეიძლება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი იწყალებს ადამიანს, რომელმაც სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა და ოპოზიციას სურვილი ჰქონდა, რომ გამოეყვანათ ეს ადამიანი გმირად, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც ძალიან მძიმეა, შემაშფოთებელია... ჩვენ ხომ გვინდა ყველას, როგორც თქვენ ჟურნალისტებს, ასევე მე, რომ ასეთი ფაქტები მიუღებელი იყოს და, რა თქმა უნდა, უნდა დაიგმოს ეს ყველაფერი. ვსვამ მარტივ შეკითხვას, რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ გმობთ იმას, რომ მაგალითად, პოსტივის ჟურნალისტს თქვენ თვალწინ შეურაცხყოფას რომ აყენებენ, იგივე იმედის ჟურნალისტს"- თქვა კალაძემ.   

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების თავდასხმები „ქართული ოცნების" რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინებაა.  

„ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, საქართველოში შექმნას რუსეთის ანალოგიური პოლიტიკური სისტემა. ის უბრალოდ ამას აკეთებდა ეტაპობრივად, რადგან ეშინოდა ქართველი ხალხის რეაქციის და ახლა უკვე, როგორც ჩანს, რუსეთიდან კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, ის ძალიან ღიად ცვლის საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსს ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ,“ - ამბობს სამადაშვილი.  

90-იანელების სცენარი    

ანალიტიკოსი და სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამარაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ყველაზე მეტად ახლა ეს პროცესი მმართველ პოლიტიკურ ძალას არ უნდა აწყობდეს.“ 

„ოცნებას“ არ მგონია  ეს ახლა რამეში სჭირდებოდეს, მითუმეტეს, როცა იცის, რომ პირველი ეჭვმიტანილი ამ საკითხში ის იქნება. თუმცა ძალიან კარგად მახსოვს 90-იანი წლების დასაწყისი, როცა საკუთარი ხალხის ჩაცხრილვა და ცემა თავად დაიწყეს. სამწუხაროდ მაშინაც ასე დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება და მისი პროვოცირება. 

„ხომ შეიძლება სანამ კამერები მოვლენ სისხლი მოიწმინდო და ამას არ მისცე სანახობრივი სახე?! არა პირიქით, ცდილობენ, რომ ტემპერატურას რაც შეიძლება მაღლა აუწიონ და ხალხს ეს ამბავი უფრო  მძაფრი სახით მიაწოდონ. ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 90-იან წლებში ხდებოდა. ეს არის იმ სცენარის მიმსგავსება, როცა პოლიტიკური პროცესების დაძაბვა ხელოვნურად სურთ. რა თქმა უნდა, ვემიჯნები ძალადობას და ეს არის დასაგმობი ფაქტი, ვისზეც არ უნდა განხორციელდეს ის. პოლიცია ყველას ერთნაირად უნდა იცავდეს, ამიტომ ალბათ ახლა ყველაზე მეტად „ოცნების“ ინტერესებში უნდა შედიოდეს დაადგინოს, ვინ არიან ეს მოძალადე ჯგუფები“,-აცხადებს პეტრე მამრაძე. 

მისივე თქმით, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ასეთი  მიდგომა არსებობს , რომ მოქალაქეს შეუძლია  პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ქვა, და სხვა ნივთები ესროლოს, ხოლო თუ პოლიცია თავს დაიცავს, მაშინ ის მოძალადეა. მამრაძე ამბობს, რომ ეს ტენდენცია 2012 წლის შემდეგ დამკვიდრდა, რაც პოლიციის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს. ამიტომ მას მიაჩნია, რომ ძალადობა მხოლოდ ერთი მხრიდან არ მოდის და ამან ქვეყანაში ორივე დაპირისპირებული პოლიტიკური მხარისგან ჩვეულებრივი სახე მიიღო. ეს კი ქვეყანაში ფაქტია დაპირისპირების რისკებს ზრდის. 

ხელისუფლება აქციის მონაწილეების დაშინებას ცდილობს 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ოცნებას“ სწორედ ახლა სჭირდება მსგავსი სახის ძალადობის გამოყენება, რათა აქციის მონაწილეები და მოწინააღმდეგე აზრის მოქალაქეების დაშინება შეძლოს.   

„ოცნება“ დაშინების მეთოდით მოსახლეობის პროტესტის და აქტიურობის შეჩერებას ცდილობს, რაც, რა თქმა უნდა,  არ გამოუვა. ივანიშვილს ძალიან უყვარს განდის სიტყვების ციტირება და ამაზე აქციაზეც ისაუბრა. სწორედ განდის აქვს ნათქვამი, რომ „თავიდან ისინი იგნორირებას გვიკეთებენ, შემდეგ ისინი დაგვცინიან, გვიტევენ და მარცხდებიან.“  ეს არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოქცევის ფორმულა. „ოცნება“ უკვე შეტევაზე გადავიდა და ამას უნდა გავუძლოთ. ხელისუფლებას ცოტა რესურსი აქვს, მხოლოდ თითო-ოროლა ხალხი დარჩათ იმისთვის, რომ ასეთი დაშინების მეთოდით ხალხს ქუჩაში გაუსწორდნენ. 

„ამიტომ მოვუწოდებ იმ ხალხს, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ, არ დარჩნენ მარტო ღამე ქუჩაში და იმოძრაონ ჯგუფ-ჯგუფად. „ოცნება“ უკვე იქამდე მივიდა, რომ არ ერიდება ფიზიკურ ანაგრიშსწორებას. მმართველი გუნდი ვერ არბევს ასიათასიან მიტინგებს. არა აქვთ ჯერ ერთი ამის რესურსი და მეორეც ქართველი პოლიციელები და სპეცრაზმელები საკუთარ მოქალაქეებს სასტიკად არ გაუსწორდებიან. ამიტომ, ასევე მოვუწოდებ მეორე მხარეს ოპოზიციასაც და აქციის მონაწილეებსაც, რომ მოერიდონ პოლიციასთან კონფრონტაციას. არ დაუშვან, რომ მათი საქციელით ხელისუფლებას ძალადობაზე საუბრის საშუალება მისცენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×