რეზონანსი
28.04.2024

აპელაცია სამართლებრივი ტერმინია და იგი სათავეს ანტიკური ეპოქიდან იღებს, რომელსაც შესაძლოა ასეთი სახელით არ იცნობდნენ, მაგრამ რადგან უძველეს დროიდან დაწყებული ყველა მონარქი სასამართლო ხელისუფლების სათავეში იდგა. ამიტომ იერარქიული დონეების სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადამიანები მას მიმართავდნენ სამართლიანობის დადგენისათვის. თავის მხრივ, ყველა მეფე თავს საკუთარი სამართლით იწონებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეფეს, როგორც უმაღლეს მსაჯულს, უნდა დაედგინა საბოლოო სამართალი და შესაბამისად უნდა მიეღო მის მიერ განხილულ საქმეზე სასამართლოს სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტილება. 

სასამართლო საქმეებში გასაჩივრების ელემენტების გაჩენა-გამოყენების ობიექტური წინაპირობა ისეთი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებაა, რომელშიც სახელმწიფო ძალაუფლება იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია საკმარისი გავლენა მოახდინოს სასამართლოზე, მათ შორის სადღაც საკუთარი მმართველობითი ინსტიტუტების ჩანაცვლებით და სადღაც სასამართლოების საქმიანობაში ისეთი იერარქიის შემოღებით, რომლებშიც ქვედა დონის სასამართლოები დაქვემდებარებული არიან უფრო მაღალი დონის სასამართლოებზე. 

როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ვიდრე აპელაციური ინსტიტუცია წარმოიშობოდა, მანამდე არ შეიძლებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. იურისტი მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ანტიკურ დასავლეთში გასაჩივრების სააპელაციო ინსტიტუტის ჩამოყალიბება უკავშირდება რომის სამართლის მზარდ გავლენას (к вопросу истории и развития апелляционного обжалования. м. 2015. Шабунина О.В. ). ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა სამართალი რომის რესპუბლიკაში ძველი წელთაღრიცხვის დასასრულში და იმპერიის პერიოდის დასაწყისში ახალი წელთაღრიცხვისათვის, რადგან ეს პერიოდი გარდამტეხ ეპოქად ითვლება რომის ისტორიაში. 

მაგალითად, იმპერატორ დიოკლიტიანეს რეფორმების მიხედვით რომის ტერიტორია ადმინისტრაციულ ერთეულებად დაიყო, რომლითაც შემცირებული იქნა პროვინციების ტერიტორიული მმართველობის სივრცეები, თუმცა მათი უფლებები ერთმანეთთან იქნა გათანაბრებული. ამ რეფორმის შედეგად სასამართლო სისტემაც გადწყობილი იქნა ტერიტორიული დაყოფის პრინციპზე. ახალ პროვინციებში ჩვეულებრივი სასამართლოების განხორციელების უფლება პროვინციის მმართველებს გადაეცათ. ამგვარი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიძლება შეტანილიყო თვით იმპერატორთან ან მის თანაშემწესთან, ხოლო ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა პროვინციის მმართველთან.

აპელაციამ ნორმატიული სიმტკიცე მე-VI საუკუნეში შეიძინა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს, რომელმაც გარკვეულწილად შეზღუდა აპელაციის რაოდენობა და ერთი და იგივე საქმეზე მხოლოდ ორჯერ იყო შესაძლებელი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. ზემდგომ სასამართლოში საჩივარი უნდა შეტანილიყო გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი დღის ვადაში, თუ საქმე საჩივრის შემტანს ეხებოდა, ხოლო სამი დღე იყო დაწესებული იმ პირებისათვის, ვისაც საჩივარი სხვისი სახელით შეჰქონდა. ცოტა მოგვიანებით სააპელაციო საჩივრისათვის განისაზღვრა 10-დღიანი შეტანის ვადა. 

აპელაციის პროცედურა მკაცრად იყო რეგლამენტირებული. მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად უკმაყოფილო მხარე ვიდრე საჩივარს შეიტანდა, მას სიტყვიერად უნდა განეცხადებინა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოსათვის ამ განზრახვის თაობაზე. სააპელაციო საჩივრის იმავე ინსტანციაში შეტანის შემდეგ, მოსამართლე შეისწავლიდა საჩივარს და განიხილავდა მისი დასაშვებობის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარს დასაშვებად მიიღებდა, მაშინ იგი გასცემდა დამოწმებულ დოკუმენტს აღნიშნულის თაობაზე და საქმეს მის მიერ შედგენილ მოხსენებასთან ერთად გადაუგზავნიდა ზემდგომ სასამართლოს. 

პირველი ინსტანციის მოსამართლეს შეეძლო აპელანტისათვის უარი ეთქვა დასაშვებობაზე, თუმცა ეს საბოლოო პასუხი მაინც არ იყო, ვინაიდან ასეთი უარის გასაჩივრებაც შეიძლებოდა. 500 სოლიდის ფარგლებში საქმის სააპელაციო განხილვის ზემდგომი სასამართლო ვიკარიებად იწოდებოდა, ხოლო 750 სოლიდამდე ღირებულების დავას კი პრეტორის სასამართლო იხილავდა აპელაციური წესით. ამ ინსტანციის ზემოთ იდგა თავად იმპერატორის სასამართლო, ან კიდევ მასთან მოქმედი კოლეგიური საიმპერატორო საბჭოს ინსტანცია, რომელიც კონსისტორიუმად იყო წოდებული. 

 თავად ძველ რომში სამეფო ხელისუფლების დროს აპელაციის სახით არსებობდა სამეფო სასამართლო, ხოლო ამ სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სახალხო ტრიბუნების სასამართლოში, თუმცა მეფეს გააჩნდა ე.წ. ვეტოს მსგავსი უფლებამოსილება და თუ იგი თანხმობას არ მისცემდა სახალხო ტრიბუნების მიერ საჩივრის განხილვას, მაშინ სამეფო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედიოდა. 

რესპუბლიკის დროს სამეფო სასამართლოს ფუნქცია სენატმა და კონსულებმა შეითავსეს, რომელთა გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო სახალხო ტრიბუნების სასამართლოში. 

რომისა და ბიზანტიის იმპერიების დაცემის შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპულმა სახელმწიფოებმა სხვადასხვანაირად მოაწყვეს ჯერ საფეოდალო სასამართლოები, ხოლო შემდეგ კი სამეფო სასამართლოები. მაგალითად, საფრანგეთში, რომელიც ევროპული სამართლის განვითარებაში მაინც პირველ სახელმწიფოდ ითვლება, ჯერ სენიორული სასამართლოები ჩამოყალიბდა, ხოლო მე-13 საუკუნიდან უკვე ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც დაიწყო სააპელაციო სასამართლოების ჩამოყალიბების პროცესი. 

მაგალითად, 1270 წელს მეფე წმინდა ლუდოვიკმა მიიღო დებულება, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას იარაღის ხელში აღებით უნდა დაეცვა და ამას ერქვა ზემდგომ სასამართლოში გამართული სასამართლო ორთაბრძოლები. ეს წესი მხოლოდ მეფე ჰენრიხ III-ის მიერ 1667 წლის ორდონანსით შეიცვალა, რის შემდეგაც მოსამართლის წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული სააპელაციო საჩივარი, არამედ სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. მანვე გამოსცა ბრძანებულობა, სადაც პირდაპირ იყო აკრძალული მეფის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოების მიერ. 

1796 წლის კანონით, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა ყოფილიყო იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა მხარისათვის არასასურველი გადაწყვეტილება. 

1810 წლის საფრანგეთის სამოქალაქო კანონმდებლობის მიღების შემდეგ დაწესდა ( შეიქმნა ) როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო სასამართლო ინსტანციები. აქედან გამომდინარე, ფრანგულმა სამოქალაქო კოდექსმა სათავე დაუდო ევროპული სასამართლო სისტემის მოწყობისა და პროცესუალური სამართლის განვითარებას რომაული სამართლის ინსტიტუტებისა და ძირითადი პრინციპების გავალისწინებით. ამდენად, დღეისათვის ევროპაში მოქმედი სააპელაციო სისტემა ერთნაირი არ არის არც ინსტიტუციურად და არც პროცესუალურად, თუმცა საწყისი საბაზისო სათავე მაინც ფრანგული კოდექსიდან არის აღებული, გადამუშავებული და ჩამოყალიბებული.

ვალერი გელბახიანი

პატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×