რეზონანსი
02.05.2024

პარლამენტში „რუსული კანონის" განხილვის დაწყებამდე ვთხოვე მის მოწინააღმდეგეებს, პროტესტი მხოლოდ კანონით განსაზღრულ ფარგლებში გამოეხატათ და პოლიციელების გარდა, პარლამენტის შენობასაც გაფრთხილებოდნენ (გასულ წელს 50-მდე მინა ჩაიმსხვრა).

მადლობა, რომ „მოლოტოვის კოტეილი" აღარავის გამოუყენებია, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამჯერად უკვე პარლამენტის წევრები დაერეოდნენ ერთმანეთს. შეიძლება, ერთმა „ხალხის რჩეულმა" (თუნდაც „ჩოხოსანმა"...) ბილწსიტყვაობით ან არაკაცური საქციელით შესცოდოს, თუმცა ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულმა უმრავლესობამ რატომ უნდა გაიგდოს ის ფეხქვეშ, მით უმეტეს, ილია მართლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ვერ ამიხსნია...

ამ სამარცხვინო (აშკარად „არაევროპული"...) ინციდენტის შემდეგ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც გადამაწყვეტინა, უკვე არაერთგზის „გამარჯვებული ხალხისთვის" განმეორებით მიმემართა. განსაკურებით, ცნობილი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიმართ პოლიციელთა აშკარად არაადამიანურმა მოპყრობამ აღმაშფოთა, რასაც პარლამენტის წევრის საჯაროდ „მიჯირყვნა" მოჰყვა...

ფაქტია ისიც, რომ თუ პოლიციის მხრიდან გაფრთხილების გარეშე ე. წ. სპეციალური საშუალებების გამოიყენებაა დაუშვებელი, არც იმის გამართლება შეიძლება, როდესაც პარლამენტის წინ ფაქტობრივად მორიგი „რევოლუციური მოწოდებებიც" ისმის, (მაგ, „აჯანყების უფლების" და „ქართველი ერის არსებობის არსის წინააღმდეგობაში ყოფნის" თაობაზე...), ხოლო „რეიტინგული" არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ე. წ. ოპოზიციური ტელევიზიების მიერ მორიგი „რეჟიმის" „მშვიდობიანად შესაცვლელად", „თავისუფალი მოქალაქეების" ამჯერად უკვე „რუსული კანონის" წინააღმდეგ საბრძოლველად „მობილიზაციის" შედეგად სახელმწიფო ქონების ვანდალურად დაზიანების ფაქტების გარდა, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებისა და „შტურმით აღების" მცდელობიც ვიხილეთ.

არადა, კონსტიტუციის („უზენასესი კანონის") თანახმად, საქართველო ევროინტეგრაციაზე ორიენტირებული სამართლებრივი სახელმწიფოა, რაც ხელისუფლების სამი დამოუკიდებელი შტოს, ადამიანის უფლებების პრიორიტეტულად აღიარების და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. ამასთან, ცნობილია, რომ მონარქიისგან ან სხვა სახის ერთპიროვნული (ან ერთპარტიული) რეჟიმებისგან განსხვავებით, რომლებშიც ერთი პირი (ან პირთა ჯგუფი) მართავს ქვეყანას, სამართლებრივ (დემოკრატიულ) სახელმწიფოში საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას ერთმანეთის დაბალანსება (შეკავება, გაწონასწორება) უნდა შეეძლოთ. „მეოთხე ხელისუფლებად" დამოუკიდებელი მედია მოიხსენიება, რომელიც ხელისუფლების პირველ სამ შტოს აკონტროლებს და არც ერთს აძლევს საშულებას საკუთარ უფლებამოსილებას და იმ გონივრულ ზღვარს გასცდეს, რომლის მიღმა წესრიგის დაცვის ინტერესებს ადამიანის უფლებები ეწირება. ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი იმიტომ ითვლება „მესამე სექტორად", რომ ხელისუფლებისა და ოზოციისგან განსხვავებით პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია და, ძირითადად, ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტურობის ამაღლებით („სამოქალაქო განათლებით") არის დაკავებული.

რეალურად ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა, აღმასრულებელი ხელისუფლების მესვეურები და გავლენიანი მოსამართლეები („კლანი") იმდენად „ერთი გუნდია", რომ ტელეკამერების წინ, ჯერ პარლამენტარები სხდომათა დარბაზშივე „ახორციელებენ მართლსაჯულებას" კოლეგა დეპუტატის მიმართ, შემდეგ კი პოლიციელები ოპოზიციური პარტიის ლიდერს რუსთაველის გამზირზე საჯაროდ „სჯიან"... არადა ფაქტია, რომ „ღირსებით ევროპისკენ" მიმავალი მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალაზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, „სარწმუნოება" და რამდენიმე ჯვარი ფიგურირებს, თითქოს თეოკრატიული მონარქია ვიყოთ... არადა, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ „სახელმწიფო აღიარებს აღმსარებლობის თავისუფლებას და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან".

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო მექანიზმი გაუმართავად მუშაობს (ფაქტობრივად, მოშლილია...), ხოლო „რუსული კანონის" მეორედ ინიცირებამ პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში იმდენად გაზარდა „პოლარიზაცია", რომ ქვეყანაში აშკარად მორიგი „რევულუციური სიტუაციაა" შექმნილი, რომლითაც ისევ „ვიღაც მესამე" ისარგებლებს (შეიძლება, ერთმანეთთან დაპირისპირებაში ისევ დავკარგოთ ტერიტორიები...), ერთადერთ გამოსავლად ვთვლი, წმინდა სინოდმა ორივე მხარეს დაუყოვნებლივ მოუწოდოს კანონის დაცვისა და „სააღდგომო დაზავებისკენ" (პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა შობა, ფაქტობრივად ერთად აღნიშნეს...), ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ პარლამენტს მიანდოს და კონტიტუციაში მორიგი ცვლილების შეტანა დააინიციროს, რომლითაც დომინანტი ეკლესია და სახელმწიფო ერთიანი გახდება.

იმედი მაქვს, ქართველებს ეს ნამდვილად „ქართული იდეა" დროებით მაინც გაგვაერთიანებს და „ღირსებით ევროპისკენ" სცვლის პროცესში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რჩევებსაც გავითვალისწინებთ. ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!"

არადა, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე, სახელწიფო სიმბოლიკის თვითნებურად შეცვლაზე, რუსი პეტრუხინის მიერ დაწერილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებაზე, რუსულიდან უხეიროდ თარგმნილი და 1985 წლიდან მოქმედი (დღემდე ასევე წერია, რომ „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის" დროინდელია...) ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსით ან მხოლოდ რუსულ ენაზე არსებული, 1992 წლამდე საბჭოთა კავშირში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების მარეგულირებელი „ტექნიკური რეგლამენტით" დღემდე დაჯარიმებაზე რეაქცია არ გვაქვს, ხოლო პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მორიგ „რადიკალურ პოლარიზაციას" უკვე „უცხოეთიდან დაფინანსების გამჭვირვალობის" თემის წამოწევა იწვევს, თუ ემოციები არ მოვთოკეთ და გონებას არ მოვუხმეთ, შეიძლება, ევროკავშირში შესვლამდე საქართველო ყოფილი იუგოსლავიასავით „შემოგვეშალოს" და მიწასთან ერთად, ჩვენი ისტორიაც „ვიღაც მესამემ" მიითვისოს... (გუბაზ სანიკიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ხომ გამოაცხადა, ხუთჯვრიანი დროშა ბაგრატიონების დინასტიის არისო, ხოლო დავით აღმაშენებელი თავს ებრაელად თვლიდაო...). ცხადია, მეზობელი ქვეყნების მიერ საზღვრების გადმოწევის ფაქტზე „ევროპელი მეგობრებიც" და „სტრატეგიული პარტნიორებიც" ბევრჯერ „შეშფოთდებიან" ან „აღშფოთდებიან", მაგრამ ნამდვილად აღარაფერი გვეშველება...

ავთანდილ კახნიაშვილი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×