თამთა ჩაჩანიძე
07.05.2024

თბილისში მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ადევნებს თვალს. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, ამას აქტიურად განიხილავენ როგორც აფხაზ და ოსურ საზოგადოებაში, ისე სოციალურ ქსელებში. ძირითადად კი ერთი დაახლოებით ასეთი შინაარსის მოსაზრებები გამოითქმება - რომ თუ თბილისსა და მოსკოვის ურთიერთობების დარეგულირების ფონზე „ოცნებამ" ეს კანონი გაიტანა, არ გამორიცხავენ, მათ ზურგს უკან ქართველებმა რუსებთან მოილაპარაკონ, რომ კონფედერაცია შექმნან.

როგორც კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ცხინვალსა და სოხუმში საპროტესტო გამოსვლებს ყოველდღიურად ინტერესით აკვირდებიან. პარალელურად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა შიშით უყურებს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებს.

„უკვე ძალიან ბევრი წერილი იწერება, ძირითადად „ტელეგრამ" არხებში (ეს სოცქსელი იქ უფრო პოპულარულია). დღე არ გავა, თითქმის ერთი და იგივე ტექსტი რომ არ იწერებოდეს - რომ საქართველოსა და რუსეთის შერიგების ფონზე, თუ „ოცნებამ" გაიმარჯვა, მერე ნახეთ, რუსეთი ჩვენ პრაქტიკულად გადაგვცემს საქართველოს, როგორც რუსეთმა ხელი შეუწყო ყარაბაღის გადაცემას აზერბაიჯანისათვისო. ამიტომ ყველა შიშით უყურებს თბილისისა და მოსკოვის მეტ დამეგობრებას და ურთიერთობებს, ეს აშკარად იგრძნობა. ამას შიგნითვე სხვა ექსპერტები ეჭვით უყურებენ, მაგრამ მოსახლეობაში ზოგადად ეს იდეა არის.

„ამ შინაარსის ტექსტები სოხუმშიც იწერება და ცხინვალშიც, მაგრამ სოხუმში ამას უფრო ეჭვით უყურებენ - აქ დარწმუნებული არიან, რომ რუსეთისთვის აფხაზეთი ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა დაალაგონ ურთიერთობები თბილისმა და მოსკოვმა, რუსეთი არ შეუწყობს ხელს, რომ საქართველომ თავისი იურისდიქცია აღადგინოს აფხაზეთში. ცხინვალში უფრო პოპულარულია მოსაზრება, რომ თუ რუსეთმა მოინდომა, გადაგვცემენ და ჩვენ არავინ არაფერს არ გვკითხავსო.

„აფხაზეთშიც ეს პრობლემა აქვთ, იქაც ინიცირებულია „კანონი უცხოელი აგენტების" თაობაზე. ისინი ამის წინააღმდეგები არიან. რა თქმა უნდა, მათთვის თბილისში მიმდინარე პროცესები იმდენად მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ გარკვეული მოლოდინები არსებობს, რომ თუ თბილისში „ოცნებას" არ გამოუვიდა თავის კანონის გატანა, მაშინ ჩვენც ხმას ამოვიღებთო. თუ თბილისში ახალგაზრდებმა მიაღწიეს იმას, რომ კანონი უკან გაატანინეს და ამის გამო „ოცნება" არჩევნებში დამარცხდა, როცა დაინახავენ, რომ ამ კანონმა „ქართული ოცნების" რეპუტაცია ძლიერ დააზიანა, მაშინ თვითინაც ჩათვლიან, რომ ჩიტი ბრდღვნად ღირს, რომ შეეწინააღმდეგონ ისე, როგორც თბილისში ახალგაზრდობა შეეწინააღმდეგა ამ კანონის მიღებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" იმ რეაქციებზე საუბრობს, რომელიც ცხინვალსა და სოხუმშია თბილისში მიმდინარე მოვლენებზე.

„რეაქციები სხვადასხვანაირია, განსაკუთრებით სოხუმში. მათ თავიანთი პრობლემა აქვთ, იგივე კანონთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვაა. მოგეხსენებათ, ამ კანონის და ზოგიერთი სხვა მოვლენის გამო, კიდევაც შეიჭრნენ არძინბას (ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც 7 მაისს ამ „თანამდებობიდან" გადააყენეს) კაბინეტში. ბუნებრივია, იქ ეს კანონი განსხვავებულია, პირდაპირ რუსულიდანაა გადმოწერილი - საერთოდ აკრძალულია იმ ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან, გაეროსთან და სხვა ორგანიზაციებთან.

„რაც შეეხება ცხინვალს, მათ მსგავსი კანონი 2016-17 წლებში მიიღეს და ყოველგვარი ამდაგვარი აქტიურობა პრაქტიკულად გაჩერებულია. ცხინვალში იმის აღქმადობა, რომ თბილისში რაღაც განსაკუთრებული ხდება, მინიმალურია, რადგან რუსეთს იქ იმდენად მოგვარებული აქვს ყველაფერი, რომ არ ჩანს, რომ ის თუნდაც ადმინისტრაციული ერთეულია.

„რაც შეეხება აფხაზეთს, აქ, რა თქმა უნდა, არის რეაგირება იმ პროცესებზე, რაც თბილისში ხდება და დაახლოებით ასე აფასებენ, რომ ძალიან ბევრი მოინდომეს დასავლელმა პარტნიორებმა",- განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის იმის შიში, რომ „ოცნების" და კრემლის დაახლოების შედეგად, რუსეთმა შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიები დათმოს.

„ეს შიში არის და ამის თაობაზე სულ არის ლაპარაკი, განსაკუთრებით აფხაზეთში. ცხინვალში ეს თემა არ მუსირებს, თუმცა არის იქაც გამოხმაურებები, მაგალითად სოციალურ ქსელში რამედნიმე კაცი ხანდახან გააჟღერებს ხოლმე.

„რეაქცია აქციებთან იმდენად არა, რამდენადაც თვითიონ მოვლენასთან დაკავშირებით. მაგალითად, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ამბობს, რომ ესენი რომ დაუწვნენ დასავლეთს ამის გამო ხდება ყველაფერიო - მეორე პასუხობს, რომ რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისგან იქნება ეს თუ რუსეთისგანო, ეს კი კამათს იწვევს.

„ყველაზე მწვავე რეაგირება ისაა, რომ თავად წერენ - არაა გამორიცხული ჩვენს ზურგს უკან მოლაპარაკება მიდიოდეს და ქართველებმა რუსებთან მოილაპარაკონ, რომ კონფედერაციის შექმნა მოხდესო. ხოლო თუ ვიღაც აქტიურობს და ამბობს, რომ კონფედერაცია გამორიცხულია და ამაზე არ დავთანხმდებითო, პასუხია, რომ დღევანდელი მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ პატარა ხალხები არავის აინტერესებს, თუ საჭიროა კონფედერაციას გააკეთებენო", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×