რეზონანსი
08.05.2024

ევროკავშირს არ აქვს ერთიანი ევროპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, აღიარებენ თუ არა ვლადიმერ პუტინს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირს არ აქვს უფლებამოსილება, აღიაროს ან არ აღიაროს რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, როგორც წესი, ასეთ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ.

„27 წევრი სახელმწიფო თუ ერთსულოვნად ამბობს, რომ ისინი არ აღიარებენ ქვეყნის წარმომადგენლის ლეგიტიმურობას, როგორც ეს სირიის ლიდერ ასადის ან ბელარუსში დიქტატორის, ლუკაშენკოს შემთხვევაში გააკეთეს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს ეს პოზიცია. ბელარუსთან, სირიასთან და ვენესუელასთან დაკავშირებით 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ იყო შეთანხმებული ევროკავშირის პოზიცია, როგორ განვიხილავთ ხელისუფლებაში დარჩენილ პირებს. რუსეთის შემთხვევაში, არ გვაქვს ერთიანი ევროპული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თუ არა პუტინს ლეგიტიმურ მმართველად", - განაცხადა სტანომ.

ევროკომისიის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაში არ არყევს ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ინაუგურაციაზე საელჩოს დიპლომატებით იყვნენ წარმოდგენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×