2 მაისს სვანეთში, მდინარე ნაკრას ხეობაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი სვანეთი აატირა. იმ საბედისწერო დღეს სამი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იჯდა იმ ავტომობილში, რომელიც გზიდან მოცურდა და ხეობაში გადავარდა. საუბედუროდ მანქანაში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიღუპა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ ჯერ ეკა ვიბლიანი იპოვეს. გოგონას ამოცნობა მისმა ბიძამ შეძლო, რომელიც პირველივე წუთებიდან მაშველებთან ერთად ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში.
7 მაისს დილის საათებში 14 წლის გიორგი ვიბლიანი იპოვეს და იმავე დღეს, მოგვიანებით საბა გვარმიანის ცხედარსაც მიაგნეს. სამივე გარდაცვლილი ერთმანეთის ნათესავები არიან, ეკა და საბა კარგი მეგობრები და თანაკლასელები იყვნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მე-12 კლასში იყვნენ და ახლა სკოლის დამთავრება ერთად უნდა ეზეიმათ. იმ დღესაც თურმე ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ.
მათზე საუბარი ძალიან გაუჭირდა ნაკრას საჯარო სკოლის დირექტორს, სპარტაკ გვარმიანს. მის თვალწინ გაიზარდნენ ეს ბავშვები, სამივე მისი ნათესავია.
„არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. მართლა მიჭირს საუბარი. ეკუნა და საბა ჩემი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სკოლას ამთავრებდნენ. წინა დღეს ბანკეტის ამბებს გვითანხმებდნენ. გეგმავდნენ როგორი ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ და სად აღენიშნებათ ბანკეტი. სკოლის ეზოში ბოლო ზარს გავაკეთებთ, სურათებს გადავიღებთ, მერე ბანკეტი გვექნებაო. ისეთნაირად იყვნენ მოტივირებულები და ამაღლებულ განწყობაზე, ისე უბრწყინავდათ თვალები, მართლა საოცარი მოლოდინი ჰქონდათ. მაგრამ არ დაგვცალდა და მათი გაბრწყინებული სახეები არ დაგვავიწყდება არასოდეს, მარადიულ მე-12 კლასელებად დარჩნენ.
იმ დღე სკოლაში იყვნენ ორივე, გაკვეთილების შემდეგ სტადიონზე ბურთს თამაშობდნენ და წავიდნენ. როგორც ჩანს, მერე სამივე ახლო სოფელში ჩასულან, მანქანაში ბენზინი ჩაასხეს და მალევე ამობრუნდნენ სოფლისკენ, სამი კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი სახლამდე, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ჯერ არავინ იცის მიზეზი, ფაქტია, მანქანა მოცურდა და გადავარდა. საბა იჯდა საჭესთან, მანქანას კარგად მართავდა. გამორჩეული ბიჭი იყო თავისი ფიზიკური აღნაგობით, ადამიანობით, ადამიანების სიყვარულით, მეგობრების გვერდში დგომით. დედისერთაა საბა. კარგი სპორტსმენიც იყო, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, კარატეში დადიოდა და შავი ქამარი ჰქონდა. ძალიან უყვარდა ბუნება, ცხოველების მიმართ საოცარი სიყვარული ჰქონდა და ალბათ გინახავთ კიდეც მასზე გაკეთებული სიუჟეტიც.
ტყეში იპოვა არჩვი, მოიყვანა და გაზარდა. ისე ძალიან უყვარდა ცხოველები, ამბობდა ვეტერინარი გამოვალ, ცხოველების განკურნება რომ შევძლო და მათ დავეხმაროო.
საოცარი ბუნების ბავშვი იყო, ისევე როგორც ეკუნა. მუდამ მომღიმარი, თვალებციმციმა გოგონა იყო ეკუნა. მას ჰყავს 2 და და ერთი ძმა, ძმა ჩვენი სკოლის მოსწავლეა, დები ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან. ეკუნა გამორჩეული იყო, სულ პოზიტიური, სულ ღიმილიანი ბავშვები იყვნენ და ასეთ ბავშვებად დარჩებიან. არ ვიცი შევძლებთ თუ არა მათ გარეშე რამეს გაგრძელებს, არც ის ვიცი როგორ შევხდეთ მათ თანაკლასელ ბავშვებს, რომლებიც ძალიან განადგურებულები არიან. სამივე ჩემი ნათესავია, ჩემს თვალწინ გაზრდილები.
ეს დღეები იყო საშინელება. მთელი სოფელი დათრგუნულია, დამუნჯდა ყველა. მთელი სოფელი ეძებდა, დიდიან პატარიანად და ისეთ რამეებს ჩადიოდნენ, გაოცებული ვარ. მათი თანაკლასელებიც თვალცრემლიანები, ტირილით ეძებდნენ მათ ცხედრებს. უფსკრულებში შედიოდნენ. 60 კილომეტრიან მონაკვეთზე ყოველდღე მაშველებთან ერთად მთელი სოფელი იდგა დადუმებული და მათ ეძებდა. ხმას რომ ვერ იღებ და ისე რომ ეძებ. მიზანი იყო ცხედრები მაინც მოგვეძებნა. ამხელა ტრაგედიის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას შვებით ამოვისუნთქეო, მართლა ასეა, რადგან შვება იყო, რომ მოვნახეთ და საკუთარ ოჯახში დავაბრუნეთ ისინი".
წყარო: ambebi.ge