თამთა ჩაჩანიძე
07.05.2024

31 ევროპარლამენტარი ითხოვს, რომ საქართველოს შეუჩერდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამავე დროს გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება. სტატუსის ჩამორთმევის პრეცედენტი ჯერ არ არსებობს და შესაბამისად საზოგადოებისთვის უცნობია პრაქტიკაში ეს როგორ ხდება, თუმცა როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ევროკავშირმა სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, დიდი ალბათობით, 2020 წლის დოკუმენტით იხელმძღვანელებს - „კომუნიკაცია ევროკავშირის ახალ გაფართოებასთან დაკავშირებით".

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი დროში ემთხვევა ევროპარლამენტის არჩევნებს, რომელიც 6-9 ივნისს გაიმართება, მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 400 მილიონი მოქალაქე საკანონმდებლო ორგანოს 705 წევრს აირჩევს. არჩევნები ოთხდღიანია და ითვლება მსოფლიოში ყველაზე დიდ ტრანსნაციონალურ პროცესად. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს განახლება ასევე იწვევს ცვლილებებს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელობაში.

ანალიტიკოსების თქმით, არჩევნები ამ პროცესს გარკვეულწილად ხელს შეუშლის, თუმცა თუ სტატუსის ჩამორთმევას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან მინიმუმ 14-მა დაუჭირა მხარი, შესაძლოა პროცესი დაჩქარდეს. აქვე დასძენენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ევროკავშირის არცერთ ორგანოს უფლებამოსილება არ უწყდება და ისინი არჩევნების დროსაც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ.

ანალიტიკოსების ნაწილი კი იზიარებს მმართველი პარტიის იდეას - რომ ევროკავშირი სტატუსს ვერ შეგვიჩერებს, რადგან საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა თავად ევროკავშირისთვისაა წამგებიანი და მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველო.

გამოხმაურება თბილისიდან

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ქსელ „იქსში" გამოაქვეყნა წერილის ტექსტი და ხელმომწერთა სია. მიმართვის ადრესატი კი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელია.

„პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების" ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.

„მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

„მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში „უცხოური აგენტების კანონის" ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ", - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რომელიც ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება, 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება.

„ჩვენ უკვე ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია და 31 ევროპარლამენტარს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება იმ რეზოლუციაში. არ ვიცი სათქმელი რა დარჩათ რეზოლუციის მიღმა. თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებით ახალი ამბავი საქართველოში.

„დავსვამდი კითხვას - რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? რამდენად არის ის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებში, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც, რომლის ნებასაც ხელისუფლება გამოხატავს, აქვს გაცხადებული სურვილი ევროკავშირში ინტეგრაციისა?

„საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც ეფუძნება, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას და მას 31 ევროპარლამენტარის განცხადება წინ ვერ დაუდგება", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორია, რადგანაც, თავად ევროკავშირის წარმომადგენელთა აღიარებით, ეს სტატუსი პირველ რიგში ქართველ ხალხს მიენიჭა.

„სტატუსის შეჩერების მოთხოვნას, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, რადგან ძალიან მკაფიო იყო ამ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი - ეს სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და წერტილი. „ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსი არ მიგვეღო, მაგრამ ეს სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა. ამ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„მეორეს მხრივ, ცხადია, რომ „ოცნების", ივანიშვილის „ოცნების" ხელისუფლების პირობებში საქართველო ნაბიჯს წინ, ევროკავშირისკენ ვერ გადადგამს. ვიმეორებ, სტატუსის შეჩერების მოთხოვნას, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებ, ასევე ძალიან ცხადია, ივანიშვილის პირობებში ეს ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ვეღარ გახდება", - განაცხადა ბუჩუკურმა.

„გირჩის" წარმომადგენელი დეპუტატი იაგო ხვიჩია კი აღნიშნავს, რომ ყველაფერი ისევ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული, სადაც, მისი თქმით, ქართველ ხალხს ახლანდელი ხელისუფლების მშვიდად შეცვლის საშალება უნდა მიეცეს.

„ჯობია, საქართველომ დაკარგოს მთავრობა, ვიდრე სტატუსი. რაც ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს ეხება, ამაზე მაღლა არც რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსი, პარტია ან მთავრობა არ დგას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს უნდა მიეცეს საშუალება მშვიდად შეცვალოს მთავრობა და გააგრძელოს ევროპული განვითარება და არა ის, რომ სტატუსი ჩამოგვართვან ან ვიზალიბერალიზაცია შეგვიწყვიტონ.

„ჩემი აზრით, „ქართულმა ოცნებამ" გაცნობიერების ზღვრები გადალახა და შემოდგომაზე ქართველი ხალხის ჯერია, რომ „ქართული ოცნება" ჩაანაცვლოს კოალიციური მმართველობით და დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ შემოდგომაზე ჩვენ შეგვეძლება დასავლეთს, ევროპას ვუთხრათ, რომ მათი ნაწილი ვართ და ეს არჩევნების შედეგებით დავადასტურეთ", - განაცხადა ხვიჩიამ.

სტატუსის შეჩერების პროცედურა

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრების უბრალო უმრავლესობას შეუძლია სტატუსი შეგვიჩეროს.

„თუ ამ საკითხს საბჭოზე გაიტანენ, კენჭს უყრიან, შემდეგ მიმართავენ ევროკომისიას იმისთვის, რომ შეასაბამისი კანონპროექტი გაამზადოს, წევრების ნახევარზე მეტს, ანუ უბრალო უმრავლესობას შეუძლია სტატუსი შეაჩეროს. 2020 წელს გამოვიდა დოკუმენტი - „კომუნიკაცია ევროკავშირის ახალ გაფართოებასთან დაკავშირებით" და იქაა აღნიშნული, რომ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ ნებისმიერ დონეზე - მოლაპარაკება იქნება, თუ სხვა.

„თუ უბრალო უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ საქართველოს სტატუსი უნდა შეუჩერდეს, შეუჩერდება. ეს პროცესი შეუძლიათ ერთ კვირაშიც მოასწრონ.

„თუ ქვეყნებმა სტატუსის შეჩერება გადაწყვიტეს, (ევროპარლამენტის) მოახლოებული არჩევნები ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის ევროკომისიას და ევროკომისია ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი მოამზადოს. აქ მთავარია მინიმუმ 14 ქვეყანა მოინდომებს თუ არა სტატუსის შეჩერებას.

„ევროპარლამენტარების მიმართვა რა თქმა უნდა ძალიან საგანგაშოა, რადგან მათ შესაძლოა ამით ბევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია ხელს არ შეუშლის პროცესს, თუ ევროკავშირმა ჩვენთვის სტატუსის შეჩერება მოინდომა.

„ევროკავშირში საარჩევნო კამპანია უკვე მომავალი თვიდან იწყება, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის, რადგან მისი უწყებები საარჩევნო კამპანიის დროსაც მუშაობენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა ამან გარკვეული როლი ითამაშოს, მაგრამ თუ სერიოზულად გაბრაზდნენ, მაშინ გადაწყვეტილებას ნებისმიერ დროს მიიღებენ. საარჩევნო კამპანიის დროს არცერთ ორგანოს უფლებამოსილება არ უწყდება, ეს მანამდე აქვთ, სანამ ახალი არ აირჩევა, ისინი არჩევნების დროსაც მუშაობენ.

„ეს გადაწყვეტილება 2020 წელს მიიღეს და მას მერე არ იყო ასეთი პირობები, რომ ვიღაცისთვის სტატუსი შეეჩერებინათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გამორიცხულია რომ მოხდეს. ყოველთვის რაღაცა ხდება პირველად.

„სტატუსის ჩამორთმევა კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც ამდენი ხანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად ისწრაფის. თუ ამას დაემატა ის, რომ არჩევნებში კვლავ „ოცნებამ" გაიმარჯვა, მაშინ ძალიან დიდი ხნით დავივიწყოთ, რომ საქართველი რამენაირად კიდევ ევროკავშირისკენ წავა. სადღაც შუაში გაიჭედება და შემდეგ შესაძლოა რუსეთისკენაც დაიწყოს სვლა. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რითაც პრაქტიკულად ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას უსპობენ და შესაძლოა აზერბაიჯანისნაირ ქვეყანად გადავიქცეთ, რომელიც ივაჭრებს ევროკავშირთან, მაგრამ ხალხისთვის არაფერი არ იქნება", - განაცხადა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

„სტატუსის შეჩერება თავად ევროკავშირს არ აწყობს"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი სტატუსს ვერ შეგვიჩერებს, რადგან საქართველოსთან ურთიერთობების დაძაბვა თავად ევროკავშირისთვისაა წამგებიანი და მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ვართ. ამბობს, რომ მალე ევროკავშირის არჩევნები მოდის, რის შედეგად, შეიცვლება უწყებების შემადგენლობა, მათ შორის ევროპარლამენტის.

„ამგვარი მოწოდებები ძალიან სასაცილოა, მით უმეტეს იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც უკვე ქართულ საზოგადოებაში ცნობილი არიან, როგორც „ნაცმოძრაობის" ანგარებიანი ლობისტები. ივნისში არჩევნებია და ამ ცალკეულმა ტიპაჟებმა უნდა იფიქრონ საკუთარ თავზე უნდა იფიქრონ საარჩევნო კამპანიის მხრივ. მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი ვეღარ მოხვდებიან მომავალი არჩვნების შედეგად პარლამენტში, რადგან არცერთ ევროპელ ამომრჩეველს ასეთი არსებები არ აინტერესებს.

„მიმართვა ერთია, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, თუ შედეგი რა იქნება. საქართველოზე უკვე დიდი ხანია ვერ მოქმედებს ამგვარი განცხადებები თუ მოწოდებები. სტატუსის შეჩერება არავისთან არ მომხდარა და თუ შეჩერდა, ეს იქნება იმის თქმა, რომ საქართველოსთან ნებისმიერი ურთიერთობა შევაჩეროთო, რაც თავად ევროკავშირს არ აწყობს.

„ევროპას ახლა ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ეს ღია წყაროებიდან ისედაც ჩანს. საქართველოსთან, ამ ერთგულ მოკავშირესთან ნებისმიერი ურთიერთობის დაძაბვა, ევროპისთვის ძალიან წამგებიანია. ამას ცალკეული ევროპარლამენტარები თუ ვერ აცნობიერებენ, ეს მათი პრობლემაა.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყოველთვის სტრატეგიული ურთიერთობაა და ცალკეული გამოხტომები ამას ხელს ვერანაირად ვერ შეუშლის", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×