გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება
ქეთო გოგოხია
06.05.2024

გლობალურ ბაზრებზე საწვავის ფასის კლება აღინიშნება. ტენდენცია დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა. ამის მიზეზად სპეციალისტები  აშშ-ში ნავთობის რეზერვების ზრდას მიიჩნევენ. გარდა ამისა, იმატა მოქმედი ჭაბურღილების რაოდენობამაც, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახა. თუკი არსებული მოცემულობა გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ქართულ ბაზარზეც ექნება. ჯერჯერობით კი ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო დღეების განმავლობაში საწვავი რამდენიმე თეთრით გაძვირდა კიდეც, რაზეც გარკვეულ გავლენას რუსეთიდან იაფი საწვავის იმპორტის შეჩერებაც ახდენს.

წესით, ყველა პირობაა, რომ ადგილობრივ ბაზარზეც გაიაფება დაიწყოს, მაგრამ მსგავსი ნიშნები ჯერჯერობით არ იკვეთება და, როგორც ანალიტიკსოები განმარტავენ, ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება საერთაშორისო ფასს, ამ დროისთვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 82 დოლარის ფარგლებშია, როცა ცოტა ხნის წინ 90 დოლარიც იყო.

როგორც საერთაშორისო პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ განაცხადა, ბირჟებზე კლების ტენდენცია თუ გაგრძელდება, საფასო პოლიტიკა აქაც გადაიხედება, მაგრამ მხოლოდ საშუალოვადიან პერიოდში. ცვლილებას ჯერჯერობით არც ერთი კომპანია არ ჩქარობს, პირიქით, საპირისპირო ტენდენციაა და 5-10 თეთრის ფარგლებში ფასმა მოიმატა კიდეც.

,,საერთაშორისო  სანავთობო ბაზარზე ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა, 29 აპრილიდან დღემდე 89 დოლარიდან ერთ ბარელზე 82.60 დოლარამდე ვარდნა განიცადა. ეს გამოიწვია აშშ-ში ნავთობის რეზერვების  2,7 მილიონი ბარელით ზრდამ. სექტემბრის მერე ასევე მოიმატა მოქმედი ჭაბურღილების რაოდენობამ, რომელიც მაქსიმუმამდეა ავიდა. ერთიც და მეორეც ნავთობპროდუქტების გაიაფებას იწვევს და რეალურად ეს მოცემულობა დადგა.

საინტერესოა ასევე ჩინეთის ფაქტორიც, ფაქტობრივად, რუსეთიდან გაყიდული ნავთობი ჩინეთმა რაოდენობრივად თითქმის მთლიანად შეისრუტა. ახლა ბაზარზე ხელოვნური პროცესების გავლენაა და დიდხანს ვერ გასტანს, დაახლოებით ერთ თვეში გეზი გაძვირებისკენ იქნება.

მიუხედავად დღეს არსებული მონაცემებისა,  საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებას არ ველოდებით, შეიძლება ითქვას პირიქით მოხდა და  უკვე არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზეც საწვავი კიდევ 5-10 თეთრითაა გაძვირებული. ამას ხელს უწყობს რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის შეჩერებაც საქართველოს მიმართულებით. 2-3-კვირიანი შუალედი, მინიმუმ 10 დღე დასჭირდება საწვავის გაიაფებას, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი არსებული ტრენდი შენარჩუნდება.

ფასი რომ ადეკვატური იყოს, გვჭირდება ჯანსაღი გარემო, რაც ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრისთვის დამახასიათებელი არ არის. პრობლემას ქმნის   ის მოუშორებელი სენი, რასაც ქართულ ბაზარზე კარტელური გარიგება და მაღალი ფასის შენარჩუნების სურვილი ჰქვია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ანალიტიკოსები საწვავის გაიაფებას უკავშირებენ გლობალური ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინია, რაზეც, თავის მხრივ, გეოპოლიტიკური ვითარება ახდენს გავლენას. როგორც აფბას- ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა აღნიშნა, მთლიანობაში, ფასზე სხვადასხვა ფაქტორთა ერთობლიობა მოქმედებს. მათ შორის, მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი. კერძოდ, მიწოდება მეტი აღმოჩნდა მოთხოვნაზე და ბაზარზე საკმაოდ მკვეთრი ცვლილებაც აღინიშნა.

,,ნავთობის ფასთან დაკავშირებით  ურთიერთსაპირისპირო მოლოდინი იყო. უცხოელი ექსპერტების ნაწილი გაძვირებაზე საუბრობდა, ნაწილი, პირიქით, გაიაფებას პროგნოზირებდა, რომელიც ემყარებოდა გლობალური ეკონომიკების ზრდის ტემპის შენელებას ევროზანაში. იგივე მოცემულობაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ეკონომიკის რეცესიაში შესვლას ვარაუდობენ. შესაბამისად, გლობალური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებასთან ერთად, მოთხოვნა ნავთობზე შემცირდება და ეს, რა თქმა უნდა, ადეკვატურად აისახება ნავთობის ფასზეც და გაიაფებას გამოიწვევს.

წინა თვეებში კეთდებოდა პროგნოზი, რომ ბარელის ფასი 80-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდება, რაც გამართლდა კიდეც, ბევრი რამ მოქმედებს შავი ოქროს ღირებულებაზე, ახლა გეოპოლიტიკურად რთული სიტუაციაა “, - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზს, აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ფასის კორექტირება მიმდინარე ეტაპზეც შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით საწვავის გაიაფების არანაირი მოლოდინი არ ჩანს, რაც გარკვეულწილად, ქართული ბაზრის თავისებურებითაც აიხსნება.

,,გლობალურ ბაზრებზე გაიაფება აშკარაა. 10 დღე ის ვადაა, რაც საცალო ფასზეც უკვე უნდა აისახებოდეს, მაგრამ სიტუაცია მაინც უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებისთვის ნავთობის იმპორტიორებს რესურსი აქვთ და საკმარისია ,,კეთილი ნება", ამაზე მაინც თავს იკავებენ.

ჩვენთან ფასი მაღალ ნიშნულზეა. რამდენიმე კომპანია თავისი პოლიტიკით მართავს მთლიანად ბაზრის საფასო პოლიტიკას, აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა გლობალური ტენდენციები და ლარის კურსი ფასების შემცირების საშუალებას იძლევა. კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ეს დამოკიდებული იქნება ნედლი ნავთობის და ,,პლატცის“ ცვალებადობაზე.

კლების საშუალება ნამდვილად არის. სამწუხაროდ, გლობალური ტენდენციების მიმართ ქართული ბიზნესი კვლავ არაადეკვატურია. არადა, გაიაფების საფუძველი უკვე ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა ბაირახტარმა.

ბოლო დრომდე სანავთობო ბირჟებზე მნიშვნელოვანი რყევა შეინიშნებოდა, თუმცა არასასურველი ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა. ნავთობის ფასი ისევ დაღმა დაეშვა, რაც ექსპერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ინვესტორები და საერთაშორისო ბანკები ბევრად უფრო დიდ ესკალაციას და საფრთხეს ელოდებოდნენ. 28 აპრილიდან დღემდე კლების ტენდენცია უვცლელია.

ახალი პროგნოზით, 2024 წლის განმავლობაში რყევა გაგრძელდება და  ნავთობის საერთაშორისო ფასი 81-დან 89 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×