რეზონანსი
28.04.2024

საზღვრებდაუდგენელი, ოკუპირებული, დაგლეჯილი ქვეყანა სუვერენიტეტის გასამაყარებლად ათასობით ორგანიზაციას რომ "აგენტად" აცხადებს, ეს ნორმალურია ?!!!  - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, მემარცხენე აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე წერს:

ირგვლივ გამეფებული სიყალბე მახრჩობს და სულს მიუხუთავს. 

მთელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ეფუძნება ტურიზმს, პრივატიზაციას, სპეკულატიურ დარგებს (ბიტკოინები, ფულის გათეთრების მანქანები და ა.შ.), ვალს და უცხოურ ინვესტიციებს. 

გვაქვს მიწასთან მოსწორებული, ჩამორჩენილი და არაეფექტიანი სოფლის მეურნეობა, ხორცის საკეპ მანქანებად და ბუნების განადგურების ასპარეზად არის ქცეული საქართველოს ინდუსტრიის რამდენიმე შემორჩენილი ცენტრი. ჩვენი რკინიგზა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გაუმართავი სტრუქტურაა, ნაირ-ნაირი ოლიგარქების ხელშია გადასული საქართველოს მთელი საპორტო ინფრასტრუქტურა, "შოთა რუსთაველი" სტამბულის აეროპორტის დანამატია. იმპორტი ხრავს მთელ ქართულ მეურნეობას, ექსპორტზე სერიოზული ვერაფერი გაგვაქვს... კაპიკებად ვყიდით ყველაფერს ბუნებრივი რესურსებით დაწყებული, საბჭოთა მემკვიდრეობით დასრულებული. 

ასეთი ეკონომიკით სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მოწინავე რაზმად თავის გამოცხადებას როგორ ბედავთ? ასეთია სუვერენული ქვეყნის ეკონომიკა?

სოციალური სამართლიანობის გარეშე სუვერენიტეტზე ლაპარაკი ბლეფია! საქართველოში მედიანური ხელფასის დონე სამარცხვინოა, მინიმალური ხელფასის რეგულაცია საერთოდ არ გვაქვს! პენსია ძაღლის მოსავლელად არ ეყოფა ადამიანს, საპენსიო სისტემაში სოლიდარობის ელემენტიც კი არ არის ჩადებული, სიბერე ამ ქვეყანაში საშიშია! ჯანდაცვა, დაზღვევა, ფარმაცია ერთიანად აქვთ ხელში ჩაგდებული კორპორაციებს, ავად გახდომას სიკვდილი სჯობს ამ ქვეყანაში! საბინაო პოლიტიკა არ გვაქვს, ხალხი 30 წელი ცხოვრობს ბორკილებით, რომ 30 კვ.მ. შეიძინოს. უმუშევრობის დაზღვევა არ გვაქვს, ხალხი ვალს ვერ აუდის! სტუდენტისთვის უხარისხო განათლებაც კი არ არის ხელმისაწვდომი! მიგრაცია კოლოსალურ ნიშნულს აღწევს!კიდევ დავამატო?

შეიძლება ღარიბი, დაუცველი, სოციალური უსამართლობითა და გაქცევის სურვილით გატანჯული ხალხი სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრობდეს? 

ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თურქეთის გარდა საზღვრის დადგენა ვერც ერთ მეზობელთან ვერ შევძელით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რა ხდება კაცმა არ იცის, ხვალ შეიძლება ოჩამჩირეში პორტი ააშენოს ჩვენმა მტერმა... 

საზღვრებდაუდგენელი, ოკუპირებული, დაგლეჯილი ქვეყანა სუვერენიტეტის გასამაყარებლად ათასობით ორგანიზაციას რომ "აგენტად" აცხადებს, ეს ნორმალურია ?!!! 

მეგობრებო, საქართველოს ხელისუფლება იბრძვის ერთეულების სუვერენიტეტისათვის! მათთვის ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი არის რამდენიმე ათეული ოჯახის, აბსოლუტური უმცირესობის ხელშეუხებლობა და უზრუნველი ცხოვრება. მათთვის სუვერენიტეტი არ ნიშნავს უმრავლესობის კეთილდღეობას!

P.S. დაიდოს სრული გამჭვირვალობა, ოღონდ "მეხუთე კოლონას" ნუ ეძახით ხალხს! - წერს ლევან ლორთქიფანიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×