რეზონანსი
14.05.2024

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ორგანიზაციის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების გამო. კანონი, რომლის მთავარი მიზანი და შედეგი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაციაა, შეურაცხყოფს ჩვენს ღირსებას, ძირს უთხრის საქართველოს სასიცოცხლო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და საფრთხეს უქმნის მიღწეულ პროგრესს ყველა სექტორში. ამასთან, სრულიად მიუღებელია ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც თან სდევს კანონის განხილვის პროცესს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიზაციას დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე.

საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის და ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა, რომელმაც ქვეყანას დემოკრატიის და ევროპული მომავლისთვის საგრძნობი შედეგები მოუტანა, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც გვიწევს ვთქვათ, რომ საქართველოს დემოკრატია უმძიმესი გამოცდის წინაშე დგას. დღე, როცა საფრთხის ქვეშ დადგა ყველა ის მიღწევა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თაობებმა მოიპოვეს, დაიცვეს და გააძლიერეს! ამ კანონმა დღევანდელ დღემდე სანამ ის კანონად იქცეოდა ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მიზნები, რომელსაც ის ემსახურება: ძალადობა, სტიგმატიზაცია, განსხვავებული აზრის დევნა, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ევროინტეგრაციის პროცესის ჩიხში შეყვანა. ხელისუფლებამ არ შეისმინა საკუთარი საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორებისა და ქვეყნის მეგობრების რჩევა გაეწვია „რუსული კანონი". დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×