თამთა ჩაჩანიძე
28.04.2024

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, 29 აპრილის შეკრებაზე „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, თუმცა, კონკრეტულად რა შინაარსის იქნება გამოსვლა, ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ანალიტიკურ წრეებსა და სოციალურ ქსელებში რამდენინმე შესაძლო ვერსიაზეა მსჯელობა.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, რომ ივანიშვილის გამოსვლაში მთავარი ხაზი მაინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან იქნება დაკავშირებული. ამასთან, ისინი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისაგან გარკვეულ სიურპრიზებსაც არ გამორიცხავენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი ორშაბათს, 29 აპრილს დილის 9 საათზე, მეორე მოსმენით განიხილავს. „ქართული ოცნების" აქცია კი პარლამენტთან 20:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 4 საათისთვის, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტთან. ორგანიზდება ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანაც. შეკრებაზე წასვლას სხვადასხვა ცნობილი სახეებიც აანონსებენ.

„ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება. ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!", - აღნიშნულია „ოცნების" განცხადებაში.

„ოცნების" წევრებმა აქციის დაანონსების დღითვე დაადასტურეს ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილი მიმართვა. 29 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაც სწორედ იმას უკავშრდება, თუ რის თქმას აპირებს საზოგადოებისათვის „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე.

ანალიტიკოსთა უმრავლესობა პრაქტიკულად გამორიცხავს შარშანდელ სცენარს, როდესაც საპროტესო აქციების ფონზე მმართველმა პარტიამ იგივე კანონპროექტი თავადვე ჩააგდო პარლამენტში. თუმცა, ანალიტიკურ წრეებში არის მსჯელობა იმაზე, რომ ივანიშვილმა, შესაძლოა, ამჯერად კანონის განხილვის შემოდგომამდე გადადების შესახებ გამოაცხადოს.

ამ სცენარის თანახმად, პარლამენტი „უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტს ორშაბათს მეორე მოსმენით მიიღებს. ამის შემდეგ კი მისი განხილვა შეჩერდება და მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლდება. ანუ, მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტს უკვე ახალი პარლამენტი განიხილავს.

ანალიტიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გამოსვლის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის მარდამჭერთა კონსოლიდაციაა. შესაბამისად, მისი სიტყვაც „ოცნების" საარჩევნო კამპანიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ და საუბარი რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე არარეალურია. ამ სცენარის თანახმად, „ოცნება", როგორც დაგეგმილია, მაისის შუა რუცხვებში ბოლომდე მიიყვანს კანონის მიღების პროცესს.

რამდენად რეალურია კანონპროექტის დაპაუზება

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, 50/50-ზეა იმის შანსი, რომ ივანიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა შემოდგომამდე გადადოს. თუმცა ანალიტიკოსის აზრით, მისი უკან გაწვევა არცერთ შემთხვევაში არ მოხდება.

„რთულია იმის გამოცნობა, რას აპირებს ივანიშვილი. მაგრამ ეს ვერსია - რომ მიიღონ მეორე მოსმენით და შემდგომამდე დაპაუზდეს, ალბათ გულისხმობს, განხილვა რომ დაპაუზდეს არჩევნებამდე და განახლდეს არჩევნების შემდეგ. შესაძლოა ვივარაუდო, რომ ამის შანსი 50/50-ზეა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მართლა ასე მოხდება, თუმცაღა იქიდან გამომდინარე თუ რა რეაქციები წამოვიდა კოლექტიური დასავლეთიდან, ეს ვარიანტი გამორიცხული არაა.

„ვფიქრობ, რომ კანონის უკან გაწვევა არცერთ შემთხვევაში არ მოხდება. ძალიან ბევრი კანონპროექტი დევს (პარლამენტში), რომელიც საბოლოო დამტკიცებას ელოდება და თუ ეს „უცხოური გავლენების შესახებ" კანონპროქეტი მათ რიცხვს შეემატება, ეს უბრალოდ დროის გაწელვის სტრატეგიაა და მეტი არაფერი", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი პარლამენტში სადავო კანონის განხილვის შემოდგომამდე გადადებას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რადგან, მისი თქმით, ეს უკვე პრინციპის საკითხია.

„მრავალი ვერსია და ინსინუაცია ვრცელდება, მაგრამ აქ პრინციპის საკითხია, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და თვითმყოფადობაა დასაცავი, რასაც საპატრიარქომაც ხაზი გაუსვა ბოლო განცხადებაში. საზოგადოებისა და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების გაწყობიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი დაპაუზდეს, ან გაიწვიონ.

„აი, (ლგბტ პროპაგანდის შეზრუდვის) საკონსტიტუვციო ცვლილება კი, რასაკვირველია, ამ პარლამენტში ვერ დამტკიცდება, რადგან საპარლემენტო უმრავლესობას - „ქართულ ოცნებასა" და „ხალხის ძალას" - - ერთობლივად არ აქვთ ამისთვი საჭირო 113 ხმა. შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტში მოხდება ეს საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც სჭირდება სამი მოსმენით 113 ხმა", - განაცხადა აბაშიძემ.

პროცესის ბოლომდე მიყვანა

ანალიტიკოსი ანჯაფარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „გავლენების კანონის" ბოლომდე მიყვანა და მისი ამოქმედება ბევრ შიდა და გარე ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

„ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ შიდა თუ გარე ფაქტორზე. საჯარო ინფორმაციით მსჯელობის საფუძველზე, მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ შესაძლოა კანონპორექტის დაპაუზდეს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით „ქართულ ოცნებასა" და დასავლეთ შორის დახურული კომუნიკაცია რა არის? ივანიშვილი პოლიტიკაში ჯერ კიდევ ოფიციალურად არ იყო შემოსული, რომ მას უკრაინის ომის ფონზე, ამერიკის ელჩი ესტუმრა და როგორც ვიცი, სამი საათი ამუშავებდა, რათა ზეგავლენა მოეხდინა მმართველ პარტიაზე, რომ აქტიურად ჩაბმულიყო ომში, თუ შეიძლება ასე ითქვას.

„ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. მართალია, ჩემი გადმოსახედიდან ნაკლებ სავარაუდოა შექმნილი სიტუაციის ფონზე, მაგრამ თუ „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მას საკმარისი სახალხო მხარდაჭერა აქვს და აქვს იმის გარანტია, რომ არჩევნებს მოიგებს, მას შეუძლია ბოლომდე წავიდეს. დასავლეთი კი შესაძლოა არ წავიდეს „ქართული ოცნების" და ზოგადად საქართველოს ბოლომდე დასჯაზე, იქიდან გამომდინარე, თუ რეგიონში რა გეოპოლიტიკური ვითარებაა და ეს დასავლეთის ინტერესებში რამდენად შედის, რომ საქართველო დასავლურ სივრცეს დააშოროს.

„რუსეთსაც აქვს საკუთარი ინტერესები რეგიონში და ისიც ელოდება და დარწმუნებული ვარ, ძალიან ყურადღებით აკვირდება როგორ მიდის საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა. როგორც კი ნახავს, რომ დასავლური პოზიციები შესუსტდა, მაშინვე დაიწყებს აქ საკუთარი პოზიციების გაძლიერებას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ პროცესის ბოლომდე მიყვანა და „უცხოური გავლენების შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მაისში მიღება ყველაზე რეალისტური სცენარია და ივანიშვილიც, სავარაუდოდ, თავის გამოსვლაში იგივეს იტყვის.

„აქ არის პრინციპის, სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და თვითმყოფადობის დაცვის საკითხი. დეზინფორმაციულ ცეცხლოვან თავდასხმებს ვხედავთ თითქმის ყველა ქვეყნიდან, რომლებშიც ამგვარი კანონია მიღებული, უფრო ხისტიც და რატომღაც საქართველოსთვის ეს დაუშვებელია. ანუ ეს ის მახინჯი პრინციპი გამოდის - ჩემთვის ყველაფერი დაშვებულია, შენთვის არაფერი. ეს ვასალობის კლასიკური მაგალითია, რასაც სუვერენული სახელმწიფო საქართველო, მიუხედევად მისი მცირე ზომისა და მცირე მოსახლეობისა, ვერასოდეს შეეგუება.

„აქ მთავარი ისაა, როცა ერი და ბერი, საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ხელისუფლების გვერდით დგას და ორმაგ სტანდარტიანების ფარატინა რეზოლუციებსა და განცხადებებს არ ეგუება. საქართველოს არაერთი გამოწვევა ჰქონია უახლეს თუ წარსულ ისტორიაში, მაგრამ გამოწვევასაც გადავლახავთ, როცა ქვაყანაში ერთიანობაა, რაც 29 აპრილს საღამოს დაფიქსირდება", - განაცხადა აბაშიძემ.

სხვა შესაძლო ვერსიები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის გამოსვლა ძირითადად ნაკარნახევი იქნება საარჩევნო მიზნებით, რათა „ოცნების" ელექტორატის კონსოლიდაციია მოხდეს.

„ვფიქრობ, რომ რადგანაც ივანიშვილი ამ შეკრებაზე გამოსვლას დათანხმდა, მას ზოგადად ექნება ისეთი მესიჯები, რომელიც საზოგადოებაში კონსოლიდაციის განცდას გააღვიძებს ტრადიციული ღირებულებებისა და პრინციპების გარშემო, რაც განსაკუთრებით საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილშია მიღებული და რისი ერთგულიც რჩება ეს ხალხი.

„ჩვენი საზოგადოება ერთგვაროვანი არაა, არის უმრავლესობა, რომლიც მაინც პატრიარქალურ პოზიციებზე დგას და არის შედარებით უმცირესობა, რომელიც ლიბერალურ პოზიციებზეა.

„ივანიშვილის გამოსვლა ძირითადად ნაკარნახევი იქნება საარჩევნო მიზნებით, რომ „ქართული ოცნების" ელექტორატის კონსოლიდაცია მოახდინოს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი გვეუბნება, რომ შესაძლოა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს სიურპრიზებიც შესთავაზოს.

„როცა საქართველოს გარკვეულწილად უჭირს უსაფუძვლო საგარეო თავდასხმების ფონზე, იქ, რასაკვირველია, საჭიროა „ქართული ოცნების" დანფუძნებლის გამოსვლა, რომელმაც თავისი და საკუთარი ოჯახის სიცოცხლე სასწორის პინაზე დადო, როცა 2011 წელს საქართველოს გადასარჩენად გამოვიდა ასპარეზზე. არ ველოდები, რომ რაღაც რადიკალურს იტყვის, მაგრამ შესაძლოა გარკვეული სიურპრიზები შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას და გარე სამყაროს", - თქვა აბაშიძემ.

კითხვაზე რა სიურპრიზები შეიძლება იყოს, აბაშიძემ განაცხადა:

„ვერ დავკონკრეტდები, რამეთუ ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა რას იტყვის. არ მაქვს ის მოლოდინი, რომ იქნება რადიკალური ცვლილებები. უწინარესად რადიკალური ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსში, რადგან ეს ჩვენს კონსტიტუციაშია დამტკიცებული."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×