თამთა ჩაჩანიძე
10.05.2024

სამხედრო ანალიტიკოსი და ბლოგერი უჩა აბაშიძე ბრალის წარდგენის მოლოდინშია, მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბლოგერის საცხოვრებელ სახლში პოლიციის შესვლის თაობაზე ინფორმაცია ხუთშაბათს საღამოს გავრცელდა, რის შემდეგაც მის სახლთან „გავლენების კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მივიდნენ გასაპროტესტებლად.

უჩა აბაშიძე ახლა დროებით მოთავსების იზოლატორშია. მისი ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი. მისი თქმით, აბაშიძის სახლიდან ამოღებულია ორი რეგისტრირებული ცეცხლსასროლი და სათამაშო იარაღები.

„უჩა აბაშიძისგან ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია მის სახელზე და მის კანონიერ მფლობელობაშია. დანარჩენი რაც იქნა იარაღის მსგავსი საგნები ამოღებული, არის „აირსოფტის" სათამაშო იარაღები, რომლითაც უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო ერთობა. მათ შორის, საქართველოშიც. ჯერ ჩვენ ბრალი არ გვაქვს და არც დოკუმენტებია წარმოდგენილი, საქმის მასალები არ გადმოგვცემია. აქედან გამომდინარე, კონკრეტულად რას ედავება პროკურატურა უჩა აბაშიძეს, ამას შევიტყობთ უკვე ბრალის შესახებ დადგენილებას თუ გამოიტანენ და როცა გააცნობენ მას და ჩვენ," - აცხადებს გიორგი მახარაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ 9 მაისს საღამოს 20:00 საათისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა მიდიოდა, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, პროტესტის მოწინაწილეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გაავრცელა განცხადება, რომ ჩხრეკისას ადგილზე მისული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაეცვა უჩა აბაშიძის ინტერესები და დასწრებოდა საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, „უწყება არ აძლევდა მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას".

„გვესმის ცალკეული სპეკულაციები გუშინ პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით, ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირის საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის არაერთი საბრძოლო ვაზნა. ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც. ამოღებული ნივთმტკიცებები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს" 10 მაისს.

დაკავებული უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები. მისივე თქმით, სურათზე მხოლოდ ორი ნამდვილი იარაღია და ორივე უჩას სახელზე ოფიციალურადაა რეგისტრირებული.

„სახლში ამოღებული იარაღი, რასაც შსს გვაჩვენებს, ძირითადად სათამაშო თოფები და პლასტმასის სათამაშო ტყვიებია - იმიტომ რომ სტრაიკბოლს თამაშობს უჩა მთელი ცხოვრება. ამ სურათზე ორი ნამდვილი იარაღია მხოლოდ და ორივე - უჩას სახელზე ოფიციალურად რეგისტრირებულია", - წერს უჩა აბაშიძის დედა.

ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს, რომ რწმუნებულებმა 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, უჩა აბაშიძე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა.

„სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

„ამასთან, დაკავებულმა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.

„არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური. სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ პერიოდულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას.

„უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში",-აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასულ 24 საათში კვლავ დაფისქირდა მოქალაქეებზე თავდასხმების შემთხვევები - „სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, დააზიანეს ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის ავტომანქანა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ფასადზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს, გუშინ საღამოს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ნიღბიანები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ინფომარცია სოციალურ ქსელში აქტივისტმა ალიკა კუპრავამ დაწერა.

„გირჩი - მეტი თავისუფლებას" წევრი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა მის წინააღმდეგც მოხდა, პოსტს ფოტოსაც ურთავს და სახეზე დაზიანება ჩანს. არსებული ინფორმაციით, ყურუა კლინიკაში გადაიყვანეს.

„სახლთან დამხვდნენ ტიტუშკები, ბიტებით და დრინებით. ცოტა ვეხმალავე, მაგრამ მომერივნენ. არაუშავს, ეს გაივლის. ამათ უფრო სტკივათ ახლა და ეშინიათ, ამიტომ ვარ მშვიდად", - წერს ყურუა.

თავს დაესხნენ პარტია „ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესაც, თავად ყვება, რომ თავდამსხმელებმა დიდხანს ვერ შეძლეს ჩხუბის გაგრძელება და რამდენიმე წამში მანქანისკენ გაიქცნენ.

„ტვ პირველის" წამყვანმა ნოდარ მელაძემ კი გასულ ღამეს განაცხადა, რომ ჩასაფრება ტელეკომპანიის ტერიტორიაზეც იყო, მისი თქმით, ორი ავტომობილი იდგა ტრანზიტული ნომრებით და შიგნით ნიღბიანი პირები ისხდნენ. ნოდარ მელაძის თქმით, მან ჩასაფრებაზე ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რომელმაც 112-თან გადაამისამართა.

ნოდარ მელაძის თქმით, მან საქმის კურსში ჩააყენა პოლიციაც. მან პირდაპირი ეთერიდან მიმართა შსს-ს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და აღნიშნა, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შეტყობინება ორივე უწყებაში შესულია და პასუხისმგებლობა ამ ორ უწყებას ეკისრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×