რეზონანსი
10.05.2024

„ქართული ოცნება", მისი პარტიული დანაყოფის შესაბამისად, იმუშავებს, რათა ყველა მოძალადის მხილება მოხდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმისთვის ჟურნალისტები ალეკო ელისაშვილს გარს ეხვეოდნენ და მადლობას უხდიდნენ.

„ძალადობის პირდაპირი ტალღა იყო პოლიტიკოსების მიმართ, უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართ. არ მახსოვს არავის აღშფოთება მაშინ, როდესაც ყველა „ენჯეომ", საელჩოები რომ აფინანსებენ, პარლამენტის წევრების პლაკატები დადო. 83 და ეპითეტები, რაც მოჰყვებოდა. პირდაპირ, თავიანთი ოფიციალური სოციალური ქსელის ანგარიშებზე. როდესაც პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები ქვეყნდებოდა, ჰკითხეთ პარლამენტის წევრებს, რა სახის მუქარა მიდიოდა მათზე და მათი ოჯახის წევრებზე და დღემდე მიდის. არ მახსოვს აღშფოთება ამასთან დაკავშირებით.

როდესაც ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს თავს დაესხა, ჟურნალისტები გარს ეხვეოდნენ მას და მადლობას უხდიდნენ. „პუბლიკას" ჟურნალისტი გადაეხვია და მადლობები უხადა. ძალადობა, რომელიც არათუ ფარულად, გაუგებრად, არამედ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პარლამენტში მოხდა პარლამენტის წევრზე და ნახევარი ოპოზიცია ხარობდა. ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოება. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტის განხილვა, შეიძლება, გახდეს ვინმესთვის ლეგიტიმური საფუძველი იძალადოს სხვაზე. ამას ამბობდნენ შარშანაც, წელსაც, ასევე, 2019 წლის 20 ივნისსაც, რომ მათ ჰქონდათ უფლება ეძალადათ პოლიციაზე, ესროლათ ბოთლები, მოლოტოვის კოქტეილი, რადგან მიზანი ჰქონდათ დიადი. ეს არის ის ბოლშევიკური აზროვნება, როდესაც მიზანი ამართლებს საშუალებას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არცერთ საელჩოსა და უცხოურ აქტორს არ დაუგმია საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა.

„ძალადობის სპირალში შესვლა დაიწყო პარლამენტის შენობაზე თავდასხმით. მეორე დღეს სამწუხაროდ, ვერცერთი საელჩოს, უცხოური აქტორის განცხადება ვერ ვნახე, რომელიც დაგმობდა იმ ძალადობას, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე, პოლიციელების დაზიანებაზე. ვნახეთ, რომ ძალადობრივი აქცია შერაცხილი იქნა, როგორც მშვიდობიანი აქცია. ისევე, როგორც ეს მოხდა, 2019 წლის 20 ივნისს, ისევე როგორც ეს მოხდა, შარშან მარტის აქციების დროს. ძალადობა ყოველ ჯერზე ფორმდება, როგორც მშვიდობიანი აქცია. ზუსტად ეს ახალისებს მოძალადეებს. ხედავენ, ესროლა მოლოტოვის კოქტეილი, შეიწყალა პრეზიდენტმა, გმირად გამოაცხადეს ის, ვინც პოლიციელს წვავდა. თურმე, გმირობა ყოფილა პოლიციისთვის ქვის სროლა. თურმე, თუკი მიზანს ვიტყვი, რომ დიადი და მაღალია, შემიძლია ადამიანზე ვიძალადო, ან დავემუქრო, სხვადასხვა ზომები გამოვიყენო. ეს არის სპირალი, რომელშიც აქციის ორგანიზატორებს შეჰყავს საზოგადოება. ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ყველა ამ საკითხის ჩაყოლა და გამოძიება. ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. პირველი, რასაც აკეთებს ხელისუფლება, გმობს ძალადობას სიტყვიერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი სათანადო რეაგირება აქვს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხოელ აქტორებს, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან აქციად ნათლავენ, უკვირთ ძალადობაში ჩართული ადამიანების დაკავება.

„აქვე შეგახსენებთ, „პოსტივის" ჟურნალისტთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს. პირდაპირი თავდასხმა, ფსიქოლოგიური მუქარა ქალი ჟურნალისტის მიმართ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, ე.წ აქტივისტები, საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დებდნენ, აზიარებდნენ, იწონებდნენ, იცინოდნენ. მნიშვნელოვანია ის, ვინც ამ სიძულვილს წვეთ-წვეთ აღვივებს და ჩუმად ხარ, ვგულისხმობ აქ უცხოელ აქტორებს განსაკუთრებით, რომლებიც პარლამენტზე ძალადობრივ თავდასხმებს შემდეგ ნათლავენ, როგორც მშვიდობიან აქციას და უკვირთ, რომ ამ ადამიანებს აკავებენ, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×