რეზონანსი
04.06.2024

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და სხვ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას გააცნო ძირითადი ასპექტები, თუ რა ცვლილებები იგეგმება.

პაპუაშვილის განმარტებით, ქორწინების საკითხი 2017 წელს მოწესრიგდა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.

„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ზომები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონში იქნება, ისევე, როგორც შემდეგ კონსტიტუციური კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.

მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. მათ შორის საუბარი გვაქვს ჩვენ მარტოხელა ადამიანებზე, რომელთაც სურთ შვილად აყვანა.

მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ, აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის მანიპულაციის გამოყენება.

მეოთხე, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხში, აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.

მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში - დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მეექვსე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება. ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება, მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობების ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე, აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც კიდევ ერთხელ, მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები იქნება დაუშვებელი, გადაიცეს ეთერში.

მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხებს. დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობების ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×