ნატალია ჯვარიძე
(03.05.2024)

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები ეხმაურებიან. განსაკუთრებით სპორტსმენები აქტიურობენ, რომელთა ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებენ პოსტებს ლოზუნგით „არა რუსეთს", „საქართველოს გზა ევროპაშია", ისინი გმობენ ძალადობას. მეორე ნაწილი „ოცნებას" უცხადებს მხარდაჭერას, ბევრი კი საერთოდ დუმს.

ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე „ფეისბუქზე" წერს: „არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს, საქართველოს გზა ევროპაშია". მისი განცხადებით, „ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა."

„ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე. მაგრამ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს. საქართველოს გზა ევროპაშია.

„ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის. ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა," - წერს ზივზივაძე.

მას შოთა ხარაბელი, ოლიმპირი ჩემპიონი ძიუდოში და პარლამენტის წევრი გამოეხმაურა. მან ზივზივაძეს მიმართა, რომ კანონი წაიკითხოს და მერე გამოიტანოს დასკვნები.

„ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდესმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას.

„ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები. ან კანონი წაიკითხე და გვითხარი რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან. არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა". - აცხადებს ხარაბელი.

ფეხბურთელებიდან : გიორგი ქოჩორაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ანზორ მექვაბიშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და ლუკა ზარანდიამ სოციალურ ქსელში დააფიქსირეს თავიანთი აზრი. ისინი ერთხმად ამბობენ, რომ არც ერთ კანონად არ ღირს მოქალაქეების სიცოცხლის ფასად.

„დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას. არა რუსეთს!! საქართველოს გზა ევროპაშია! მე ვარ საქართველო!" - წერს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი.

„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ქალებს და ბავშვებს. არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, არანაირი კანონი არ დგას ამაზე მაღლა. გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც 26 მარტს იყო! უარი რუსეთს, სრული სვლით ევროპისკენ". - წერს ინსტაგრამ სთორიში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე

„რამდენი ადამიანიც ეს დღეებია რუსთაველის გამზირზეა გამოსული, ამდენივე და ალბათ მეტიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ზეიმობდა. ევროპის, რადგან ჩვენი ადგილი მხოლოდ იქაა". - წერს ანზორ მექვაბიშვილი

„ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია. არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც აზრს კარგავს ყველაფერი, დღეს ეს ზღვარი ჩვენი სამშობლოა. სწორედ ამიტომ, არა რუსეთს! არა ძალადობას და მადლობა ყველას, ვინც ამ ღირებულებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს".- გიორგი ქვილითაია.

„ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდი ჩემს აზრს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს გზა ევროპაშია. პირველ რიგში, არა ძალადობას და არა რუსეთს, არა საერთოდ ყველაფერს რუსულს. მადლობა ყველას, ვინც თავისებურად ცდილობს დააფიქსიროს სწორი პოზიცია, იქნება ეს აქციაზე ყოფნა თუ ნებისმიერი სხვა!" - აღნიშნავს ლუკა ზარანდია.

რუსეთში ქართველი მოღვაწე, თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. იგი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საქართველო ყოველთვის ამარცხებს გარედან ხელოვნურად დაწესებულ ნებისმიერ ღირებულებას(დასავლეთიდან).

„2008 წელი - ომი, მყისიერი დამარცხება, ლტოლვილები, ტერიტორიის დაკარგვა. ისევ ძალაუფლების შეცვლა. აქ მაინც „გაჩერდი" და ამ გიჟური კარუსელიდან გადმოდი, მაგრამ მარიონეტების მიერ გაშვებულმა კარუსელმა კვლავ დაიწყო ტრიალი". - წერს კანდელაკი.

ასევე აქტიურობენ კანონის წინააღმდეგ მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ტელეწამყვანი დათო გორგილაძე და შეფი ლუკა ნაჭყებია.

„მიგზავნილი ზონდერი რომ ხარ და უდანაშაულო ახალგაზრდებს ერთს რომ 5 ურტყამს, თქვენ კი არ გჯერათ არც ღმერთის, არც სამშობლოსი, არაფრის... მაგრამ იმ ცხოვრებაში რამე თუ არსებობს, თქვენ იქ ნაღდად არ მიგიღებენ.

ასეთი ადამიანები არიან დაბადებული და გაზრდილი ურთულეს, არაადამიანურ პირობებში და წესით ლოიალურები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჯანდაბაში ქონიათ გზა" - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

„სააღდგომოდ სახელისუფლებო ელიტა, ვისშიც უფრო ნაკლები ქრისტეა, ვიდრე ეშმაკში, მივა ეკლესიაში. ისინი დაიჭერენ ხელში სანთლებს და დაიფენენ სახეებზე ისეთ სათნოებას, თითქოს თხემით ტერფამდე თანამოზიარენი არიან სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების. დროდადრო თვალებით მოძებნიან კამერებს - ხომ კარგად უღებენ, ხომ მართალთა სულები იკითხება კადრებში. დახუჭავენ თვალებს და ფიქრით კი სხვაგან იქნებიან. იქნებ სთხოვონ კიდეც ღმერთს გამოსავალი გზის ჩვენება. თუმცა, ჩემზე უკეთ მათ იციან, რომ აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე ეგენი გამოძვრებიან ამ ბოროტებიდან". - წერს დათო გორგილაძე.

„გაჩერდი, არ ჩასქროლო, ადამიანო ვინც ბოლომდე ვერ ხარ ხალხის მხარეს... ვისაც "მაგრამ" გაწუხებს...იცი, ბოლომდე თუ გადმოხვალ ხალხის მხარეს, მაგარ თავისუფლებას იგრძნობ. თითქოს წონა მოიხსენი გულიდან და სუნთქვაც გიმარტივდება, შიგნიდან სინდისის ჭია აღარ გკბენს... 33 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ, და ეს დღეები მხუთავი გაზით სავსე რუსთაველზე, ყველაზე სუფთა ჰაერი იყო და ყველაზე მარტივი იყო ღრმად სუნთქვა". - აღნიშნავს ლუკა ნაჭყებია.

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ღია წერილს ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს" აუცილებლად მიიღებენ, რადგან ის სჭირდება საქართველოს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს.

„უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს" ჩვენ აუცილებლად მივიღებთ, რადგან, როგორც თქვენმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რუსულ-ამერიკულმა FARA-ს კანონმა და ევროკომისიის დირექტივამ დაგვარწმუნა, ის აუცილებლად სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ უცხოური აგენტურის სიჭარბე და თქვენ მიერ დაგეგმილი და მათ მიერ განხორციელებული შემოტევის მცდელობები ჩვენ სახელმწიფოებრიობაზე, სუვერენიტეტზე. ლგბტ პროპაგანდისგანაც ავარიდებთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და ყველა თაობა ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, ენას და სარწმუნოებას. საქართველო დღეს შემდგარი, სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოა. თქვენგან განსხვავებით, არა ყალბ და დეგრადირებულ, არამედ ტრადიციულ ევროპულ, ანუ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ევროპული ოჯახის, საუკუნოვანი, ერთგული და თავგანწირული გუშაგი, დამცველი. ჩვენ აუცილებლად გავწევრიანდებით ღირსეული ევროპელი ხალხების და ქვეყნების თანამედროვე კავშირში, რადგან ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავალზე ზრუნვით", - წერს გოგა ხაინდრავა.

საქართველოს რაგბის კავშირი პრეზიდენტი, იოსებ ტყემელაძე მიმართვას აკეთებს. იგი აცხადებს, რომ მორაგბეებზე, განსაკუთრებით კი ნაკრების მოთამაშეებზე სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს. იგი ყველას მოუწოდებს, რომ სპორტსმენებს თავიანთი საქმის კეთების საშუალება მისცენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტის წარმომადგენლებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" -აღნიშულია ტყემალაძის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე