"სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ ქვეყანაში საბინაო პოლიტიკა შეიქმნას"
ირმა ჩიტაია
(06.05.2024)

საქართველოს მოსახლეობა საბინაო კრიზისის წინაშეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის უძრავი ქონების შეძენა მიუწვდომელია. ამასთანავე, ბინებისა თუ მიწების ფასი ყოველდღიურად ძვირდება. არსებობს იპოთეკური სესხებიც, თუმცა იმდენად მაღალი პროცენტებია, რომ მყიდველს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში უწევს მისი გადახდა, რაც ორჯერ და სამჯერ აძვირებს ბინის საფასურს.

ქვეყანაში არსებული არასახარბიელო სოციალური ფონი და ეკონომიკური მდგომარეობა, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება საქართველოს საბინაო პოლიტიკას. სპეციალისტები ყველა ერთხმად აღნისნავს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ბინის შეძენის საშუალების გარეშე არ დარჩნენ და ამ მიმართულებით უუნარონი არ აღმოჩნდნენ.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილის ინფორმაციით, ახალაშენებული ბინების უმეტესობას მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ხალხი ყიდულობს, რაც უახლოეს მომავალში საბინაო კრიზისს უფრო გაამწვავებს და კატასტროფულ სურათს მივიღებთ.

,,მეზობელი ქვეყნიდან შემოსული ხალხი ყიდულობს ახალაშენებულ ბინებს. ქართველები განუწყვეტლივ გარბიან საზღვარგარეთ, ხდებიან შრომითი მიგრანტები. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებენ. ეს წინაპირობაა იმისა, რომ უახლოეს მომავალში კატასტროფული სურათი მივიღოთ. მშენებლობის განვითარება კარგია მაშინ, როცა მსყიდველუნარიანი ჩვენი მოსახლეობა იქნება", - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი აზრით, სამშენებლო სექტორის აქტიურობა საქართველოში საბინაო სფეროს განვითარებისკენ არაა მიმართული. უფრო მეტიც, მოსახლეობა გამოუვალი მდგომარეობის გამო გარბის საქართველოდან, ცარიელდება სკოლები, მათ ადგილას შენდება კორპუსები.

,,ვაშენებთ უცხოელებისთვის, მყიდველი ქართველებში აღარაა ან ძალიან ცოტაა. ჩვენი ხელით ვითხრით საფლავს. ჩემს უბანში თითქმის ყველა სკოლა დაანგრიეს. მათ ადგილას უმეტესწილად, კორპუსები შენდება. ბავშვების რაოდენობაც კლებულობს.

საშინელი სურათია ფულად საკრედიტო პოლიტიკაში. სრული კატასტროფაა რაც დღეს კეთდება", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სიმონიშვილმა.

საბინაო პოლიტიკის არქონაზე საუბრობს ,,რეზონანსთან" ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილიც. იგი ხაზგასმით ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოსახლეობის საცხოვრისის უფლება დაცული გახადოს.

,,ჩვენ საბინაო  პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. სახელმწიფო არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს. არადა, თუ უახლოეს მომავალში საბინაო პოლიტიკა არ გავატარეთ, დედაქალაქში ქართველებს ბინის ყიდვა ძალიან გაუჭირდებათ.

მდგომარეობას დაამძიმებს ისიც, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა და მიმოსვლა გვაქვს. სულ რომ 10 ათასი ადამიანი ჩამოვიდეს და აქ უძრავი ქონება შეიძინოს, ფასებს კატასტორფულად გაზრდის. წარმოგიდგენიათ რა სურათი შეიძლება ვიხილოთ?

საქართველოში ქართველები მყარად უნდა ვცხოვრობდეთ და იმის საშუალება გვქონდეს, რომ უძრავი ქონება შევიძინოთ. თუ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება არ მოხდა, უახლოეს მომავალში საკუთარ ქვეყანაში ქართველები ბინას ვერ იყიდიან", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

რაც შეეხება საბინაო პოლიტიკაში სახელმწიფოს ჩარევას, ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასე ხდება და ეს პრაქტიკა საქართველოშიც უნდა შემუშავდეს.

,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახელმწიფო ერევა საბინაო პოლიტიკაში და სერიოზულად უწყბს ხელს მოსახლეობას. ახალდაქორწინებულებს, სტუდენტებს და სხვებას ეხმარება, მათ ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვთ. ჩვენ გვიყვარს საუბარი ,,მამული, ენა, სარწმუნოება!" თუ ამ მიმართულებას მივყვებით, მაშინ ეროვნული პოლიტიკა გავატაროთ და დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.

ვიცით, რომ საქართველოში საშუალოხელფასიანი ადამიანი ბინას ვეღარ იყიდის. ძალიან გამიხარდებოდა, თუ დედაქალაქის მერი ამაზე იზრუნებდა. საკანონმდებლო დონეზეც შეიძლება საკითხის მოგვარება. სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ საბინაო პოლიტიკა შეიქმნას. ბინებზე მოთხოვნა არის, მაგრამ მყიდველი უმეტესწილად უცხოელები არიან, რაც სამომავლოდ კარგ სურათს არ შექმნის", - განაცხადა ჯანიაშვილმა.

ბინებზე ფასების ზრდასა და საბინაო პოლიტიკის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე. ამ მიმართულებით კვლევა არ ჩატარებულა და ბინების ძირითადი მყიდველი უცხოელია, თუ ქართველი ამაზე საუბარი ძნელია.

,,ბოლო პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასი იზრდება. რაც შეეხება მყიდველს, ქართველი  თუ უცხოელია, ამაზე კვლევა არ ჩატარებულა. ამიტომაც, ვერ ვისაუბრებ, ვის რისი საშუალება აქვს.

ბინის საყიდელი ფული, რომ ერთიანად არა აქვს ადამიათა დიდ ნაწილს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ იპოთეკური პროცენტები დასავლურ ქვეყნებაში სულ სხვაა და ჩვენთან - სხვა. რატომაა მაღალი საპროცენტო განაკვეთი საქართველოში? ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს", - განაცხადა კუკულაძემ.

მისი აზრით, საქართველოს რეალობისთვის იმდენად რთული სოციალური ფონია, რომ უძრავი ქონების შეძენა მოქალაქეს უჭირს. სახელმწიფო კი სექტორში ყოველთვის შეძლებისდაგვარად ერეოდა.

,,მოსახლეობას არ შეუძლია უძრავი ქონება შეიძინოს. პრობლემა, რომ საქართველოს მოქალაქეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი უძრავი ქონებისა, თუ ძვირადღირებული ნივთების შეძენეისთვის, ვიდრე უფრო განვითარებული ქვეყნის მოქალაქეს, ეს არც გუშინდელი და არც დღევანდელი საკითხია.

სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა და ზოგადად საბინაო პოლიტიკის გატარება კარგია. ამას აკეთებდა კიდევაც. გავიხსენოთ სამხედრო ბინების მშენებლობა, იძულებით გადადგილებულ პირებისთვის ხელშეწყობა, სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარება. თუმცა, ამაზე მეტის გამკეთებელი ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს. მთავრობაში არის  ხალხი, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის სერიოზული ეკონომიკა. არც ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე აქვთ წარმოდგენა, რასაც ევროკავშირი ატარებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზურაბ კუკულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე