ნატალია ჯვარიძე
(10.04.2024)

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება მიღებული. როგორც მან აღნიშნა, ევროკომისია ევროპის ფარგლებს გარეთ მდებარე დასავლური ქვეყნების შვილობილი კომპანიების მეშვეობით, სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის წინააღმდეგობის საშუალებას შეისწავლის.

„ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას და მათზე, ვინც მას ბრძოლის ველზე მხარს უჭერს, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. პუტინს მეგობრების დევნას გავაგრძელებთ და მათი, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება ან მის სამხედრო არსენალს ავსებს".- განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აღნიშნულ სანქციებს სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარია ევროპამ სანქცია რუსულ გაზსა და ნავთობს დაადოს, რითიც ისინი სულდგმულობენ. მისივე თქმით, ეს რუსეთს მოლაპარაკების სკამზე დაჯდომას აიძულებს.

„პრობლემა იმაშია, რომ ევროპა პირდაპირ თუ ირიბად რუსულ გაზზე და ნავთობზეა დამოკიდებული. რუსეთის წინააღმდეგ ყველა პაკეტს რომ გადავხედოთ, ამ ხნის განმავლობაში, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მას შემდეგ რუსული ეკონომიკა მართალია ცოტათი, თუმცა, მაინც გაიზარდა. ანუ, მათ სანქციების ეფექტი არც უგრძვნიათ.

„გასაგებია, რომ გარკვეული მაღალჩინოსნების ანგარიშებია დაყადაღებული, მაგრამ, მხოლოდ იმ დაყადაღებულ ანგარიშებზე აქვთ თანხა? რა თქმა უნდა, არა. სხვადასხვა ოფშორებში აუცილებლად ექნებათ. ასე რომ, მე აბსოლიტურად სკეპტიკურად და ნეგატიურად ვუყურებ ამ ფსევდო სანქციებს და ეფექტური რომ იყოს სანქციები უნდა დაადონ იმ გაზზსა და ნავთობს, რომლითაც რუსეთის ბიუჯეტი სულდგმულობს.

„რაღაც ეტაპზე ეს სანქცია უნდა გამოიყენონ და რუსეთი აიძულონ, რომ მოლაპარაკების სკამზე დაჯდეს. ნებისმიერი ომი მოლაპარაკებით სრულდება და ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალი იქნება. არ შეიძლება ამდენი ხნის განმავლობაში უკრაინა ასე დაფლეთილი იყოს და ხალხი ასე დაიტანჯოს, დაჭრილებზე და დახოცილებზე აღარ ვლაპარაკობ. კატასტროფული შემთხვევაა 21-ე საუკუნეში ევროპის შუაგულში რუსეთის ამხელა აგრესია.

„ზუსტად არ ვიცი ამ პაკეტში რა იქნება, თუმცა, შესაძლოა იმ მაღალჩინოსნების სია გაიზარდოს, რომლებიც ამ სისხლიან ომში ჩართულები არიან. მე ვფიქრობ, რომ ევროპას სადამდეც მიუწვდება ხელი ანგარიშების ანგარიშების გაყინვა-დაყადაღების, ამას გააკეთებს და რუსეთისთვის შენგენის ვიზას არ გასცემს, თუმცა, მე მგონია, რომ მის მეგობარ მაღალჩინოსნებს ეს პაკეტი დიდად არ დააზარალებს, რადგან მათ ხომ იცოდნენ, რომ ანგარიშებს დაუყადებდნენ და დიდი ალბათობით, მათ თანხები უკვე სხვა, მათთვის უსაფრთხო ფინანსურ ზონებში აქვთ განლაგებული". - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე