„დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს, დღე-დღეზე ოკუპანტები შესაძლოა სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ“
თამთა ჩაჩანიძე
(10.04.2024)

რუსეთი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს განსაკუთრებით უტევს - ხარკოვში მძიმე ვითარებაა და რუსებმა ქალაქის წინააღმდეგ თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება, რასაც მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ეწირება. უკრაინის ხელისუფლება კი გზებს ეძებს ქალაქის ცის დასაფარად, თუმცა საჰაერო თავდაცვით „პეტრიოტის" ტიპის სისტემებზე აშშ-სგან ამ დრომდე საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. ჯერჯერობით არც ის კონტურები იკვეთება, თ ფინანსური დახმარების კუთხით კონგრესი რას აპირებს.

მეტიც, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სფეროს ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგორესურსების ხელმისაწვდომობაზე.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედებს, მთავარი წინგადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს.

რა მიზანი აქვს რუსეთს ხარკოვში

ბოლო მონაცემებით, 10 აპრილის ხარკოვის ოლქის სხვადასხვა დასახლებების რუსულ დაბომბვებს მცირეწლოვანი გოგონა შეეწირა, დანგრეულია კლინიკა. უკრაინული მედიის ინფორმაციით შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა „ტელეგრამზე" დაწერა, რომ დაახლოებით 14:00 საათზე საჰაერო თავდასხმა მოხდა ლიპცისა და მალაია დანილოვკას მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად მაღაზიას და აფთიაქს ცეცხლი გაუჩნდა. არ გამორიცხა, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. თავდაპირველად სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ლიპციში დაბომბვის შედეგად 14 წლის გოგონა დაიღუპა.

„სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. 33 წლის აფთიაქის თანამშრომელი, რომელსაც ნამსხვრევები მოხვდა და 16 წლის ბიჭი, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აღნიშნა სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა.

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ვოლჩანსკში ორი ავიაბომბი ჩამოაგდეს „თავდასხმების შედეგად კლინიკა მთლიანად განადგურდა", რის შედეგად, 34 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ლიპციზე რუსი დამპყრობლების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, „დარტყმებს შეეწირა სამი ადამიანი: 14 წლის გოგონა და ორი შუა ხნისქალი (43 წლის და 59 წლის). დაშავებულია 16 წლის ბიჭი და 34 წლის ქალი". მისივე თქმით, ნანგრევების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი დარწმუნებულია, რომ რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ ქალაქამდე მისვლას. მისი თქმით,უკრაინის თავდაცვის ძალები, ხელისუფლება და ხარკოვის მოსახლეობა დაიცავს ხარკოვს ბოლომდე.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კი „პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ითხოვს და ამბობს, რომ რუსეთი ინტენსიური თავდასხმებით ცდილობს, რომ ხალხი აიძულოს ხარკოვი დატოვონ და ქალაქი დაიცალოს.

"ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა. რუსული ტერორი მუდმივია. რუსებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა გავზარდოთ ხარკოვის უნარი ცის დასაცავად. ეს არის ჩვენი სამხედროების და დიპლომატების ამოცანა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო კომუნიკაციებზე და უნდა აწარმოონ ყოველდღიური დიალოგი პარტნიორებთან.

„უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საკმარისი სისტემები და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა იგრძნოს რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული ტკივილი ხარკოვში, კუპიანსკში, დონეცკის ოლქის ქალაქებში, ზაპორიჟიეში, სუმის რეგიონში და სხვა უკრაინულ თემებში.

„მთელ მსოფლიოში არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მათი უკრაინაში გადასაყვანად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. მადლობელი ვარ იმ ქვეყნების, რომლებმაც უკვე დაგვეხმარნენ. ამ ამოცანის შესრულებაში აქტიურობა ჩვენი დიპლომატების პირადი პასუხისმგებლობაა, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროებში და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ საჭირო სისტემები

"პატრიოტები" ახლა უკრაინაში უნდა იყვნენ, შედეგად მომავალში ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე მათი გამოყენება აღარ იქნება საჭირო," - განაცხადა ზელენსკიმ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ხარკოვში ჩაფიქრებული ჰქონდეთ სირიის ქალაქ ალეპოს სცენარის მსგავსი რამ.

„არაა გამორიცხული, რომ ხარკოვს რუსები ალეპოს სცენარისთვის ამზადებდნენ. ისინი საჰაერო თავდაცვის საშუალებების დეფიციტს იყენებენ და ცდილობენ, რომ ჯერ საჰაერო დარტყმებით გაანადგურონ მოსახლეობა, ინფრასტრუქტურა და მერე ნაკლები დანაკარგებით აიღონ ქალაქი.

„ხარკოვი საზღვრისპირა ტერიტორიებთან ახლოსაა და როგორც ჩანს, ბუფერული ზონის სულ მცირე, 200 კილომეტრიანი ზონის შექმნა სურთ, რადგან უკრაინელების სარაკეტო კომპლესების წვდომის ვარიანტი 150 კმ-ის რადიუსია. ამით კი რუსები გავიდნენ და სუმის მხარე დაიკავონ.

„ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქია, ორ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და ამისთვის სულ მცირე „პატრიოტის" ოთხი ბატარეა მაინც უნდა. არა მგონია აშშ-ის გარდა, რომელ ქვეყანასაც სისტემები აქვს, გაიღონ, უკრაინას გადასცენ და თავიანთი უსაფრთხოება შეამცირონ.

„თან ამერიკამ თავის დროზე ეს სისტემები თურქეთსაც არ მისცა. მერე უკრაინას მცირე რაოდენობით კი გადასცა, რომელიც ახლა ძირითადად კიევის ოლქისთვის გამოიყენება, მაგრამ ესეც დიდი ზარ-ზეიმით არ მიუციათ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ეს კომპლექსი რუსმა დივერსანტებმა ხელში ჩაიგდონ. თავშეკავების ბევრი მიზეზია, თან ხარკოვი საზღვრისპირა ოლქია",- განაცხადა მაისაიამ.

რას აპირებს აშშ

კონგრესი არდადეგებიდან 9 აპრილს უკვე დაბრუნდა და როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინის საკითხს დაუბრუნდება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი წარადგენს, ჯონსონის წინადადების არსი შემდეგია - უკრაინის დახმარება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ბიუჯეტის გარე წყაროებზე.

დახმარების ნაწილი კიევისთვის სესხის სახით უნდა გაიცეს. ასევე მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თხევადი გაზის ექსპორტის ახალ პროექტებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმება და აქედან მიღებული შემოსავლის უკრაინისათვის გადაცემა. გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, ასევე განიხილება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინისთვის გამოყენება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ.

„ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების სიმტკიცეზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები იყოყმანებს, მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას სასიკვდილო საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად დაცული იქნება, თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს", - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და „წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის" რისკს შექმნის. მინისტრის განმარტებით, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ის რეაქციას.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობის მიუხედავად,"შესანიშნავი სამუშაო" შეასრულა და შეძლო, დაებრუნებინა რუსების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიის დაახლოებით 50%. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს მისთვის ბრძოლას, არამედ ითხოვს მხოლოდ საშუალებებს თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად.

ამასთან ოსტინი ამბობს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სფეროს ობიექტებზე უკრაინის დარტყმებმა, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს მსოფლიოში ენერგორესურსების ხელმისაწვდომობაზე.

„ამ დარტყმებმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს გლობალურ ვითარებაზე ენერგორესურსების კუთხით. უკრაინისთვის უმჯობესია, კონცენტრაცია მოახდინოს ტაქტიკურ და ოპერატიულ მიზნებზე, რასაც შეუძლია, უშუალო გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე", - განაცხადა ოსტინმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, აღინიშნა, რომ უკრაინის დახმარება აშშ-ის ინტერესშია, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს და მთავარი წინ გადადგმული ნაბიჯი მაინც ისაა, რომ კონგრესმა კიევის სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაამტკიცოს.

„აქ მთავარი მდგენელი არა განცხადებები, არამედ ისაა თუ როდის მიიღებს 61 მილიარდიან პაკეტს კონგრესი. ამის პერსპექტივა ჯერ არ იკვეთება, კონგრესი სულ ცდილობს საკითხი გადასწიოს. ნატოც შეჰპირდა უკრაინას რამდენიმე მილიარ დოლარიანი შეიარაღების მოზიდვას, მაგრამ ესაც როდის განხორციელდება ჯერჯერობით უცნობია, ალბათ უფრო ალიანსის სამიტზე ზაფხულში, მაგრამ მანამდე უკრაინას იარაღი სჭირდება.

„დრო უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მუშაობს, ეს ფაქტია, დღითიდღე რუსი ოკუპანტები უფრო მეტი აგრესიით მიდიან უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს წირავენ საჰაერო დარტყმებს. გარდა იმისა, რომ ხარკოვს მიწასთან ასწორებენ, საშინლად დაიბომბა ლვოვიც, ინტენსიფიკაცია ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა დღე-დღეზე ამ მიმართულებით ოკუპანტები სტრატეგიულ შეტევებზე გადავიდნენ, ასეთი დროის გაწელვა და არაფრისმთქმელი განცხადებების გაკეთება, ისევ ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს.

„დასავლეთს ბუნებრივია უკრაინის დამარცხება არანაირად არ აწყობს, თუმცა დასავლეთშიც არიან პოლიტიკური ლობისტები, რომლებიც არ იზიარებენ ერთიან პოზიციებს, ტრამპის მომხრეები პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკა არ უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტში. ამ ეტაპზე დასავლეთში ანტიუკრაინული ძალები არანაკლებ აფერხებენ ამ პროცესებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე