ელზა პაპოშვილი
(10.04.2024)

უკრაინის ქალაქებზე რუსები საჰაერო თავდასხმებს აგრძელებენ - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა,  უკრაინას შავი ზღვიდან, უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, რის გამოც რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაში, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. შეტევა იყო მიკოლაევისა და ზაპოროჟიას ოლქებშიც.

გავრცელდა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში უკრაინის მიერ საავიაციო ქარხანაზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრები. უკრაინის სადაზვერვო დაზვერვის ინფორმაციით, იერიში ქარხანაზე დრონებით მიიტანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი თავდასხმისას 2 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება.

სავარაუდოდ, დღეს უკრაინის რადა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს, თუმცა, დოკუმენტიდან ამოღებულია დებულება, სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციისა და როტაციის შესახებ.

გაეროს მიერ წარმოებული კვლევების თანახმად, მარტში უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლი მკვეთრად გაიზარდა. დოკუმენტის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში, საომარი ქმედებების შედეგად, ქვეყანაში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც 20%-იანი ზრდაა თებერვალთან შედარებით. დაღუპულთა შორის 57 ბავშვია.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.

„ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გვაქვს უკრაინაში, არ არის საკმარისი - და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, სუმის და ბევრ ჩვენს სხვა უკრაინულ თემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია.

„მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო“.   

აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს უკრაინელებისთვის სასწრაფო დახმარების გაწევის გზების ძიებას, როგორც ეს გასულ თვეში გააკეთა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ უკვე შემოვიღეთ გარკვეული გადაუდებელი ზომები. თქვენ ნახეთ, როგორ შეძლო პენტაგონმა მიეღო 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი მათთვის. გავაგრძელებთ ძებნას და ვნახოთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, - აღნიშნა კირბიმ.

კითხვაზე იმის შესახებ, არსებობს თუ არა ბოლო ვადა, რომლის შემდეგაც მთავრობა დაიწყებს მეტის გაკეთებას უკრაინის მხარდასაჭერად, კირბიმ აღნიშნა, რომ ეს ვადა დიდი ხანია დადგა, როდესაც პრეზიდენტმა კონგრესს დახმარების პაკეტით მიმართა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში კანონმდებლების უმოქმედობის გამო, უკრაინელი მეთაურები ადგილზე იღებენ რთულ გადაწყვეტილებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაზოგონ საბრძოლო მასალა პოზიციების შესანარჩუნებლად.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ ბოლო დროს რუსეთს უკრაინის საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით დიდი პაუზები აქვს, რადგან აღარ აქვს იმდენი რაკეტა, რომ ეს ყოველდღიური სახის იყოს. თუმცა, ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრობლემები თავის მხრივ, უკრაინასაც აქვს, რადგან მას დიდი ხანია დახმარება აღარ მიუღია და ეს სააჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომელიც უკრაინას აქვს, ადრე თუ გვიან გამოელევა. 

„რუსეთს ამ მიმართულებით კარგა ხანს რესურსები არ გამოელევა. მას სამხედრო მრეწველობა აქვს თავისი. ისეთი სწრაფი ტემპით ვერ აწარმოებს, როგორც ადრე, მაგრამ თვითონ აწარმოებს ამ რაკეტებს. იმაზე გათვლა, რომ მას რესურსი გამოელევა, არასწორია. რუსეთს რესურსი აქვს და სამწუხაროდ უკრაინის დროზე დახმარება თუ არ მოხდა, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო რთული გახდება. უკრაინა, ჩვენ ვხედათ რუსეთის ტერიტორიაზე გარკვეულ რეიდებს ცდილობს და ეს არის ტაქტიკა, რომლითაც ფრონტის ხაზიდან ყურადღების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა უნდათ. 

„ჩვენ ვხედავთ ასევე, რომ პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეების დინამიკა ძალიან შეიცვალა. ადრე თუ მის  წინააღმდეგ კავკასიელები იბრძოდნენ, ახლა რუსებიც აქტიურად არიან მის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩართულები. ბატალიონი „ციმბირი“ ამის კარგი მტკიცებულებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის გარადტეხისთვის, რომ მხნეობა თავად რუსებმა გამოიჩინონ და პუტინს პრობლემები საკუთარ არმიაში დ ხალხში დაეწყოს“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, რა შეიძლება ახლა უკრაინის სამხედრო გეგმები იყოს და შესაძლოა თუ არა გაზაფხულზე მან შეტევა განახორციელოს, ბერიძე ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით კონტრშეტევაზე საუბარი არასერიოზულია. 

„ვერანაირ კონტრშეტევას უკრაინა ვერ განახორციელებს. რუსეთი, ცოცხალი ძალითაც და შეიარაღებითაც ბევრდ მეტია, ვიდრე უკრაინა. გაცილებით ძლიერ თავდაცვაში მყოფ მოწინააღმდეგეს ებრძვის, კონტრშეტევა არასერიოზულია. ახლა უკრაინის ამოცანა არ არის კონტრშეტევის განხორციელება. აქ ძალიან დიდი რისკებია და ეს ერთხელ უკვე იგემეს. უკრაინის ამოცანაა, ომი არაკონვენციური მეთოდებით გააგრძელოს.             

„უკრაინას სჭირდება, რომ რუსეთმა რაიმე წინსვლა აღარ შეძლოს. ან თუ ესე მოხდება, უნდა იყოს უდიდესი მსხვერპლის ფასად. უკრაინას სჭირდება ბრძოლის გაგრძელება და ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა. ამას უკრაინა აკეთებს უკვე და ისეთ ადგილებზე მისთვის დარტყმების მიყენება ტაქტიკურად სწორია, რადგან ადრე თუ გვიან, რუსეთი ასეთ მასიურ შეტევებს ვერ გაუძლებს და მის თავდაცვაში ბზარი გაჩნდება და კონტრშეტევაზე საუბარი მაშინ შეიძლება დავიწყოთ“,-ამბობს ბერიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე