ნატალია ჯვარიძე
(11.04.2024)

საერთაშორისო მედიაში სულ უფრო აქტიურად განიხილება ირანსა და ისრაელს შორის ომის სცენარები. საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურად ისიც თქვა, რომ ირანის თავდასხმა გარდაუვალია და რელევანტურია მხოლოდ კითხვა „როდის?" დაძაბულობას საფუძვლად დაედო ისრაელის თავდასხმა დამასკოში განთავსებულ ერანის საელჩოზე, რასაც, სხვებთან ერთად, რამდენიმე ირანელი სამხედრო მეთაური ემსხვერპლა, მათ შორის ორი გენერალი. ერთ-ერთი მათგანი სირიაში ირანის ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

ამერიკული წყაროების თანახმად, ეს დარტყმა მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და ავიაციით განხორციელდება. და, თუ ასე მოხდა, აშშ კონფლიქტში ღიად ჩაერევა და ისრაელს მხარს დაუჭერს.

მაიკლ კურულა, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაური, აპირებს სასწრაფოდ ისრაელში ჩასვლას, რათა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ირანის თავდასხმის საფრთხეს განიხილოს.

10 აპრილს, თეთრი სახლის ვარდების ბაღში იაპონიის პრემიერთან გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის თავდასხმის შემთხვევაში აშშ ისრაელს დაიცავს.

„როგორც ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ურყევია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისრაელის უსაფრთხოება დავიცვათ," - თქვა ბაიდენმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმაც თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირაელის გვერდით იქნება.

10 აპრილს, ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ თეირანში შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ „ბოროტმა რეჟიმმა" დაუშვა შეცდომა და უნდა დაისაჯოს.

სააგენტო „აქსიოსს" სიტუაციაში გარკვეულმა ანონიმურმა წყარომ უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბრეტ მაკგურკმა საუდის არაბეთის, გაერთიანებული საემიროების, ყატარისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრებს დაურეკა და ირანთან დაძაბულობის დარეგულირებაში დახმარება სთხოვა. ამ საკითხზე თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ამავე დროს, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ" გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, ის თეირანში ფრენებს აჩერებს.

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კავშირში ვართ ხელისუფლებასთან. ჩვენი სტუმრების და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია," - განუცხადა „როიტერზს" კომპანიის წარმომადგენელმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანის თავდასხმა რეალურია, არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირებას სერიოზული სახე მიეცეს და დასავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც აისახოს.

„ფაქტია, რომ ირანის მუქარა რეალურია. გეოპოლიტიკის სივრცეში ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ირანია. განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გამძაფრდა, რაც გაირკვა, რომ ირანის საკონსულოს წინააღმდეგ თავდასხმა ისრაელმა მოაწყო. ისრაელი ღაზა სექტორში განლაგებულ „ჰამასის" შეიარაღებულ ძალებს უმკლავდება, მაგრამ პროირანულ „ჰეზბოლასთან" ჭიდილი ძალიან უჭირს, რომლებიც ისრაელს ჩრდილოეთიდან უტევენ. მთელი ეს კომპლექსი გვაფიქრებინებს, რომ ირანსა და ისრაელს შორის სერიოზული დაპირისპირება უნდა მომხდარიყო. ამაზე დაყრდნობით ამერიკელი სპეცსამსახურები აქვეყნებენ ამ დასკვნებს. მათთვის დამახასიათებელია ინფორმაციის ერთგვარი გაჟონვის ფორმატი.

„თუ აშშ ისრაელს მხარს დაუჭერს, ეს სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზრდება, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. ირანის მოკავშირეები რეგიონში ცოტაა, ვინაიდან მათ მთელ წინა აზიაში მდგომარეობა დაძაბეს, თუმცა ირანის გავლენები ამ რეგიონებში საგრძნობლად იზრდება და მათ მოახერხეს ის, რომ განსაკუთრებული დაძაბულობის სფერო იემენში შექმნილიყო, იმიტომ, რომ „ჰუსიტები" ირანის მიერ მართული სამხედრო-პოლიტიკური ძალაა.

„საბოლოო ჯამში, ირანი სუნიტური სამყაროსთვის ხელისშემშლელია. ირანი ცდილობს რეგიონალური ლიდერი გახდეს და ამ ქვეყნებს მათი პოლიტიკური ამბიციების გავრცელებაში ხელს უშლის, პირველ რიგში თურქეთს. აქედან გამომდიბნარე, არ გამოვრიცხავ, რომ სამხედრო ესკალაცია მოხდეს და ირანი ამ რეგიონებში თავისი სატელიტების ამარა დარჩეს, ანუ „ჰუსიტების", ერაყელი და ლიბანელი შიიტების.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ დასავლეთში ამან სერიოზული ცვლილებები მოიტანოს, რადგან ირანი რუსეთს ზოგიერთი სამხედრო კომპონენტით ეხმარება, პირველ რიგში დრონებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. რასაკვირველია, რუსეთი ირანს მხარს ვერ დაუჭერს, რადგან ამისთვის მათ არ სცალიათ. ისიც უნდა ითქვას, რომ ირანს აქვს იმხელა რესურსი, რომ დიდხანს და ნაყოფიერად იბრძოლოს. მათთვის ხალხის და ჯარისკაცების დანაკარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არასდროს ჰქონია," - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე