ნატალია ჯვარიძე
(12.04.2024)

გაზაფხულის დადგომასთან ერთად რუსებმა უკრაინის ენერგოობიექტების დაბობვა გაახშირეს. ამას ისეთი მასშტაბი აქვს, უკრაინის ოფიციალური პირები განგაშს ტეხენ, რომ ქვეყნის ენერგოსისტემამ ისეთი ზიანი მიიღო, მის აღდგენას წლები დასჭირდება. მაგალითად, 22 მარტს რუსებმა ააფეთქეს დნეპროჰესი, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ენერგოობიექტი, გუშინ კი დაარტყეს კიევის ოლქის უდიდეს ტრიპოლსკის ტეც-ს.

„ცენტრენერგოს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი გოტამ განაცხადა, რომ კიევში საჰაერო განგაში 5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად ტრიპოლის თბოელექტროსადგური მთლიანად განადგურდა. მისი თქმით, დარტყმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ტურბინის განყოფილებაში. ტრიპოლსკის თბოელექტროსადგური იყო კიევის, ჩერკასისა და ჟიტომირის ოლქებში ელექტროენერგიის უმსხვილესი მიმწოდებელი.

„ნგრევის მასშტაბები საშინელია, ფინანსურად ეს ვერ შეფასდება. ეს საწარმოს ისტორიაში ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, გავუმკლავდებით," -გოტამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის მონაცემებით, ტრიპოლსკის ტეც-ს რუსებმა უახლესი ფრთოსანი რაკეტა X-69-ით დაარტყეს, რაც ამ იარაღის გამოყენების პირველი პრეცენტდენტია.

დნეპროჰესი და ტრიპოლსკის ჰესი გამონაკლისი არ არის, უკრაინის ენერგო-ინფრასტრუქტურაზე იერიშები ყოველდღიურ და მზარდ ხასიათს ატარებს. თუ ასე გაგრძელდა, ამან შეიძლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკული კოლაფსი გამოიწვიოს.

ზოგიერთი ექსპერტი აცხადებს, რომ ეს უკრაინის მიერ რუსულ ნავთობ-ბაზებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია. ამავე დროს, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა არაორაზროვნად უთხრეს კიევს, რომ რუსეთის „სამშვიდობო ობიექტებზე" თავდასხმებს არ მიესალმებიან.

სამხედრო ექსპერტის და სამხედრო ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნებისმიერ ომში ორივე მხარე ცდილობს ელექტროსადგურებზე თავდასხმას. უკრაინას შეუძლია რუსეთის თავდასხმები აიცილოს, მაგრამ დასავლეთი გამიზნულად არ ეხმარება საზენიტო კომპლექსებითა და რაკეტებით, რადგან რუსეთის ეშინია.

„რუსეთი უკრაინაში შეჭრის დღიდან ახორციელებდა თავდასხმებს უკრაინის როგორც თბო- ასევე ჰიდროენერგეტიკულ ობიექტებზე. მანამდე მან დაიპყრო ორი ატომური ელექტროსადგური, მათ შორის გაჩერებული სადგური ჩერნობილში და მეორე მოქმედი ზაპოროჟიეში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ ევროპაში. ბოლო პერიოდში თბო- და ჰიდრო-სადგურებზე სარაკეტო თავდასხმები გახშირდა, რადგან ეს რომ ზამთარში მომხდარიყო, უკრაინის მაცხოვრებლები დენის და ცხელი წყლის გარეშე დარჩებოდნენ. ახლა, როდესაც დათბა, გათბობა საჭირო საჭირო იმდენად აღარ არის, რა თქმა უნდა, იგივეს ელექტროენერგიაზე ვერ ვიტყვი. თვითონ პუტინმა როგორ ცინიკურად განაცხადა, რომ ზამთარში უკრაინელები დავინდეთ და ახლა იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს დაკავშირებულია უკრაინის თაცდაცვითი მრეწველობასთან და მათი მათი ელექტროსადგურების განადგურებით ჩვენც ხელს ვუშვლით უკრაინის მიერ საბრძოლო მასალების წარმოებასო.

„ნებისმიერ ომში მოწინააღმდეგე მხარეები ცდილობენ, რომ გაუნადგურონ არა მარტო სამხედრო ობიექტები, არამედ ორმაგი დანიშნულების ობიექტები, ელექტროსადგურები.

„ნებისმიერი საჰაერო თავდასხმის მოგერიება შეიძლება სამი გზით: პირველი, როცა უშუალოდ გამოშვებულია საბრძოლო იარაღი, მაგალითად რაკეტა ან „კამიკაძე დრონი", მისი ჩამოგდება და ობიექტზე დაცემამდე განადგურება. მეორე არის იმ თვითმფრინავის განადგურება, რომელიც ამ რაკეტას უშვებს და მესამე არის უშუალოდ რაკეტის განადგურება სტარტამდე ან თვითმფრინავის აფრენამდე. რა თქმა უნდა, ყველას სჯობს, სანამ აფრინდება, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე განადგურება, თუმცა ვიცით, რომ ეს რთულია და ამისთვის საჭიროა შორი მოქმედების ზუსტი იარაღი, რომელსაც დასავლეთ უკრაინას გამიზნულად არ აძლევს, რადგან რუსეთის რეაქციის ეშინია," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე