თამთა ჩაჩანიძე
(14.04.2024)

ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, რეალური დიდი ომის ზღვარზეა - 14 აპრილს ირანის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, ისრაელი საპასუხიო ზომებით იმუქრება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ისრაელის პასუხზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი დარყმები უკვე მოხდა - კვირას შუადღისას ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთში მდებარე პროირანული დაჯგუფება „ჰესბოლას" პოზიციებზე მიიტანა იერიში, თუმცა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე ამგვარი რამ ჯერ არ განუხორციელებიათ.

ამასთან, „ნიუ იორკ თაიმსი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ირანზე საპასუხო დარტყმაზე უარი თქვა. 

14 აპრილის ღამის იერიში იყო ირანის შეიარაღებული ძალების პირველი ღია შეტევა ისრაელზე. თეირანში აცხადებენ, რომ ეს 1-ლ აპრილს ისრაელის მიერ დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი შეეწირა და თუ ამას ისრაელის რეაქცია მოჰყვება, პასუხის პასუხი აუცილებლად იქნება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის კაბინეტს შეხვდა. ასევე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა ურყევია. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა ყველაფერი ისრაელზეა დამოკიდებული და თუ ის საპასუხო ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება „ნაბიჯი დიდი ომისკენ". ეს კი არც აშშ-ს და არც ზოგადად დასავლეთს არ აწყობს.

შეეხება თუ არა ომი სამხრეთ კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს - ამაზე ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თუ ესკალაცია ახლო აღმოსავლეთს არ გასცდა, საქართველოს ნაკლებად შეეხება, რადგან ჩვენსა და რეგიონს შორის თურქეთია, რომელიც „ნატოს წევრი სახელმწიფოა, რომელსაც თავისი მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აქვს".

რა მოხდა 14 აპრილის ღამეს

14 აპრილის ღამეს ისრაელის მთელ ტერიტორიაზე სირენების ხმა ისმოდა. ირანიდან გაშვებული 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების 99% ისრაელის საჰაერო სისტემების მიერ გადაჭერილია. სოც ქსელებში ამის ამსახველი ვიდეოებიც ვრცელდება. თუმცაღა იმის გამო, რომ 100%-იანი საჰაერო თავდაცვა არ არსებობს, იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის 7 წლის გოგონაა. დაშავებულთა ნაწილმა დაზიანებები დასახლებული პუნქტების თავზე ჩამოგდებული ირანული რაკეტებისა დრონების ნამსხვრებებისაგან მიიღო, ნაწილი კი - გვიან ღამით საყოველთაო არეულობასა და პანიკაში თავშესაფრის ძებნისას.

ამასთან, ისრაელის არმიის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები „მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს". თეირანის თქმით, ეს თავდასხმა ისრაელის მიერ 1-ლ აპრილს, დამასკოში ირანის საკონსულოზე განხორციელებული იმ თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური და ექვსი ოფიცერი შეეწირა.

„ნიუ იორკ თაიმსი" ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კომბინირებული იერიში 185 „შაჰედის" ტიპის დრონით, 30 ფრთოსანი და 110 ბალისტიკური რაკეტით მიმდინარეობდა.

ირანიდან გაშვებულ რაკეტების პირველ ტალღას ისრაელის ცამდე მისაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, დრონების ჩამოგდებაში იორდანიის, აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებიც მონაწილეობდნენ, თავდასხმის აღკვეთის მხრივ თანამშრომლობა იყო საფრანგეთთან.

აშშ-მა დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას განარგძობს. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ირანის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ისრაელმა ირანის შეტევა აშშ-ის დახმარებით აღკვეთა". ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ბაიდენი აღნიშნავს, რომ 15 აპრილს, „დიდი შვიდეულის" ლიდერები საგანგებოდ შეიკრიბებიან და ირანის თავდასხმას საერთო დიპლომატიურ პასუხს გასცემენ.

ირანის თავდასხმას გმობს ევროკავშირი, გაერო, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, დანია, მექსიკა.

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაგერიმ განაცხადა, რომ თუ აშშ ისრაელის საპასუხო ქმედებას მხარს დაუჭერს, ამერიკული ბაზები მათი სამიზნე გახდება. ამასთან ბაგერი ისრაელსაც აფრთხილებს:

„ჩვენი პასუხი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე ღამის სამხედრო ქმედება, თუ ისრაელი შეეცდება სამაგიერო გადაუხადოს ირანს".

ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მის ინტერესებზე, მოქალაქეებსა და ქალაქებზე თავდასხმის შემთხვევაში, თეირანი საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

ახალი დიდი ომის დასაწყისი, თუ ერთჯერადი სამხედრო აქცია

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირანის მხრიდან დარტყმა იყო საპასუხო რეაქცია ისრაელის ქმედებაზე დამასკოში. თანაც ირანი შეეცადა ისე ეპასუხა, რომ ამას არ გამოეწვია შეუქცევადი ესკალაცია. ახლა კი, მისივე თქმით, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ისრაელი.

„ეს ირანის საპასუხო რეაქცია იყო - ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში ირანის საკონსულო გაანადგურა, სადაც 6 მაღალჩინოსანი დაიღუპა, დიპლომატები და გენერლები. ჩემი აზრით, ირანი შეეცადა ისე ეპასუხა, რომ ამას არ გამოეწვია შეუქცევადი ესკალაცია, ანუ ისრაელის მეზობელი სახელმწიფოები - იორდანია, ეგვიპტე, თურქეთი წინასწარ გააფრთხილა, რომ 14 აპრილის ღამით რაკეტების და უპილოტოების გაშვებას აპირებდა.

„ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მსხვერპლი და ნგრევები სერიოზული იყო. ირანის მთავარი ამოცანა იყო შეეტყობინებინა მსოფლიოსთვის, რომ მე ამით დავკმაყოფილდები, თუ ისრაელი შემოტევებს არ გააგრძელებს, ანუ გავაფრთხილე ისრაელი, რომ დაანებოს თავი იმ აქტებს, რაც სირიაში განახორციელა. ამერიკაც გააფრთხილა, რომ თუ თქვენ არ ჩაერევით, მე არ დავბომბავ სირიაში არსებულ ამერიკულ ბაზებს.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ისრაელზე. ჩემი აზრით, მსოფლიომ და პირველ რიგში აშშ-მა და ბრიტანეთმა უნდა დააჯერონ ისრაელი, რომ არ გააგრძელოს შეუქცევადი კონფონტაცია. ეს რეგიონში ძალიან სერიოზულ დაძაბულობას გამოიწვევს.

„თუ ისრაელი ირანს არ უპასუხებს და იტყვის, რომ ჩემმა თავდაცვის სისტემამ, მოკავშირეებმა აშშ-მა ბრიტანეთმა და სხვებმა უზრუნველყვეს ჩვენი თავდაცვა, ირანმა თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ჩვენ გავიმარჯვეთო, მაშინ ყველაფერი დალაგდება. ირანმა შექმნა პირობა, რომ მინიმალური მსხვერპლი ყოფილიყო, რათა ესკალაცია აღარ გაგრძელდეს. თუ ესკალაცია გაგრძელდება, ირანი მზადაა ამ ყველაფერში ჩაერთოს", - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, თუ ახლა ისრაელმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა, „ეს იქნება ნაბიჯი დიდი ომისკენ".

„შესაძლოა ისრაელს დიდი ომი აწყობდეს, რათა ყურადღება აქეთკენ გადაიტანოს. მას თავისი ანგარიში აქვს, მაგრამ მსოფლიოს - ევროკავშირს, ბრიტანეთს, აშშ-ს ეს არ აწყობს, მით უმეტეს არჩევნების წინ. მათ ისრაელი უნდა დააჯერონ, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას.

„თუ ისრაელმა ჩათვალა, რომ უნდა უპასუხოს, მაშინ ძნელი სათქმელია რას იზამს და რა რეაქცია ექნება ირანს, რადგან მას ძალიან ბევრი პროქსი ჯგუფები ჰყავს ისრაელის გარშემო - ლიბანში, იემენში, სირიაში. ამიტომ ეს არავისთვის სასარგებლო არ იქნება, არც ირანისთის, არც ისრაელისთვის და არც ახლო აღმოსავლეთისთვის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ, მისი ინფორმაციით, ისრაელმა საპასუხო ზომებზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება და შესაბამისად, რეგიონი ახალი დიდი ომის ზღვარზეა.

„როგორც ვიცი, ისრაელის მთავრობა საგანგებოდ შეიკრიბა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება საპასუხო დარტყმაზე. როგორც ჩანს, ისრაელისგან პასუხი ყველა ვარიანტში იქნება, ჯერჯერობით უცნობია როგორი. ალბათ შეეცდებიან ბირთვულ ობიექტებს დაატყან. შესაძლოა აშშ-ც ჩაერთოს, რადგან რეგიონში ამერიკის სამხედრო საზღვაო დაჯგუფებაა კონცენტრირებული და საბრძოლო მდგომარეობაშია მოყვანილი. თუმცაღა ისრაელის პასუხს კვლავ მოყვება ირანის პასუხი და ეს პრინციპში უკვე დიდი ომის დაწყებას ნიშნავს", - განაცხადა მაისაიამ.

ვის შეეხება დიდი ომი ახლო აღმოსავლეთში

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს საქართველოს ნაკლებად შეეხება.

„ჩვენ ნაკლებად შეგვეხება. ჩვენსა და იმ რეგიონს შორის თურქეთია, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, მას კი თავისი მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აქვს, მას ძლიერი არმია ჰყავს. თურქეთიც კი არ ჩაერთვება, ამიტომ ჩვენ ეს მინიმალურზე მინიმალურად შეგვეხება. ერთადერთი ის შეიძლება იყოს, რომ ისრაელიდან ადამიანების გარკვეული რაოდენობა საქართველოში ჩამოვიდეს, რომ დროებით შაფარონ თავი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ დაძაბულობამ სამხრეთ კავკასიამდეც მოაღწიოს.

„არაა გამორიცხული, რომ ირან-ისრაელის დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაშიც იქნას გადმოტანილი. შესაძლოა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებიც დაიძაბოს, ეს ვარიანტი კი ჩვენც შეიძლება შეგვეხოს. თუ კონფლიქტიო ახლო აღმოსავლეთ არ გასცდა, ეს ნაკლებად შეგვეხება, თუმცა ჯერ უცნობია ესკალაციის დონე როგორ წავა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე