ნატალია ჯვარიძე
(15.04.2024)

ევროკომიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, რომ უკრაინის დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რომელიც რამდენიმე თვეა დაბლოკილია. მისი თქმით, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების გაწევის შემდგომი დაგვიანება დააზარელებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად ატლანტიკურ ალიანსს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს მსოფლიოს ყველა თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას და ევროკავშირმა ამ საკითხში ერთიანობა უნდა გამოავლინოს.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ უნდა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი. ავტოკრატიები მთელს მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ სწორი გზავნილი, მათ შორის სხვა ტერიტორიებზე სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად" - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრით, აშშ-ის შიგნით ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხებზე და სწორედ ეს არის მიზეზი რატომაც აგვიანებს აშშ უკრაინის დახმარებას. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი შეძლებისდაგვარად დაეხმარება, თუმცა, აუცილებელია აშშ-ის ჩართვაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინას არათანაბარი ბრძოლა მოუწევს.

„როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში თითქოს რესპუბლიკელები შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინას მხარდაჭერას გამოუცხადებდნენ. ვითომ პრინციპული გადაწყვეტილებაც მიღებულია, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ თანხმდებიან. ისინი დემოკრატებისგან ითხოვენ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის საზღვრების უსაფრთხოება. ფორმალურად, რესპუბლიკელი ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი თანახმა არიან უკრაინას დახმარება გაუწიონ, მაგრამ განსხვავებული ფორმატით - სესხის სახით.

„როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას არავინ იცის. იქამდე კი უკრაინას ძალიან გაუჭირდება. მართალია ევროკავშირის ქვეყნები შეძლებისდაგვარად ეხმარებიან, თუმცა, ეს საკმარისი არ არის და აშშ-ის დახმარება საჭიროა, რადგან საკუთარი უსაფრთხოოება სრულფასოვნად დაიცვან.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აშშ დახმარების პაკეტს მალე დაამტკიცებს, თორე უკრაინის მდგომარეობა უფრო გაუარესდება. მათ მოუწევთ არათანაბარ მდგომარებაში საკუთარი თავის დაცვა, როგორც დღეს არის, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ფრონტზე შექმნილ მდგომარეობას". - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარების საკითხი აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის თემად გადაიქცა. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას უფრო გაზრდის, თუმცა, აშშ-ის გარეშე საბრძოლო იარაღის მიწოდება ძალიან უჭირთ.

„უკრაინის დახმარების საკითხი აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის თემად გადაიქცა, რომელიც არჩევნებს და საარჩევნო კანდიდატებს შორის კონკურენციას უკავშირდება. რესპუბლიკელები ამას ბლოკავენ, რადგან უნდათ, რომ დემოკრატები მაქსიმალურად აიძულონ მათი საარჩევნო პროგრამის შეცვლაზე და გადავიდნენ რესპუბლიკურ დღის წესრიგზე. აქ კი უკვე დიდი წინააღმდეგობები იქნება.

„დონალდ ტრაპს არც უნდა, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს, პირიქით, უნდა, რომ სიტუაცია უფრო დამძიმდეს, რადგან ხალხს აჩვენოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარებით ავანტურა წამოიწყო, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მათი სურვილია მოქალააქებმა ჩათვალონ, რომ აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართულებით არის არაეფექტური.

„რა თქმა უნდა, ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარებას უფრო გაზრდის, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ აშშ-ის გარეშე საკმარისი იარაღის მიწოდება ძალიან უჭირთ. ამას აუცილებლად უარაყოფითი შედეგები მოჰყვება, უკრაინა ტერიტორიებს დაკარგავს, გაუნადგურდება ინფრასტრუქტურა და ეყოლება უფრო მეტი მსხვერპლი. სულ უფრო მძიმე და მძიმე მდგომარეობაში ვარდება". - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე