ნატალია ჯვარიძე
(15.04.2024)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. მან აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის უპრეცენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს შემდგომ ესკალაციას არ გამოიწვევს.

მისივე თქმით, ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის ღრმა განხეთქილება ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის.

„ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ. ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი". - აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა 13 აპრილს, ღამით ისრაელის მიმართულებით 350-მდე დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, თუმცა მცირე რაოდენობის დარტმები მაინც განხორციელდა, მათ შორის ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე.

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა „სიენენს" განუცხადა, რომ ისრაელს ომი არ სურს და ამ სიტუაციაში ბალანსი საჭიროა. როგორც მან აღნიშნა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბევრ მსოფლიო ლიდერს ესაუბრა და ირანის ქმედებების საპასუხოდ მოკავშირეებთან დიალოგი მიმდინარეობს.

„განვიხილავთ ყველაფერს. ვმოქმედებთ ცივი გონებით და გააზრებულად. ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ფოკუსირებულად და პაუხისმგებლობით ვმოქმედებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისრაელის ხალხის დაცვას უზრუნველყოფს". - აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორის თენგიზ ფხალაძის შეფასებით, ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება ძალიან დიდხნიანია, შესაბამისად, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიც არის იმ საფრთხეების მინიმალიზაცია, რასაც ისრაელი გრძნობს ირანისა და იმ ჯგუფებისგან, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან. მისივე თქმით, მაქიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ძალისხმევები, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებს აქვს ამ დეესკალაციისთვის, რადგან შესაძლოა, ეს დიდ ომში გადაიზარდოს.

„დღეს ძალიან რთულია რეცეპტის გამოწერა დეესკალაცის, რადგან ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობას გრძელი ფესვები აქვს, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულია. ათწლეულებია მიმდინარეობს, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული. ეს დაპირისპირება იმდენად მრავალშრიანი და მრავალკომპონენტიანია, რომ ასე მარტივი არ არის იმის თქმა, რომ როგორ და როდის შეიძლება ომის თავიდან აცილება, თუმცა, ფაქტია, რომ ამისათვის რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს.

„მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გამოიყოს დეესკალაციისთვის. მათ შორის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხები, როგორიც არის იმ საფრთხეების მინიმალიზაცია, რასაც ისრაელი გრძნობს ირანისა და იმ ჯგუფებიგან, რომლებიც დაკავშირებულია ირანთან. რასაკვირველია, არ არის ეს მარტივი თემა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა იყოს ის დიპლომატიური რესურსები გამოყენებული, რომლებიც დასავლეთის სახელმწიფოებს აქვს ამ დეესკალაციისთვის, რადგან შესაძლოა, ეს დიდ ომში გადაიზარდოს, ეს კი ყველასთვის პრობლემატური იქნება" - განაცხადა ფხალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე