ნატალია ჯვარიძე
(17.04.2024)

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ გერმანია რუსული დეზინფორმაციის მიმართ უფრო მდგრადი უნდა გახდეს და ამ კუთხით საჭიროა მეტი გამძლეობა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიზანია უკრანის მხარდაჭერის შესუსტება და ნატოს მიმართ უნდობლობის გაღვივება. მისივე თქმით, დეზინფორმაციული კამპანიები ადრევე უნდა ყოფილიყო აღიარებული და საჯაროდ გამოვლენილი.

„პუტინთან ამ საკითხშიც არ უნდა დავთმოთ და მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ გამძლეები უნდა გავხდეთ, ზოგადად, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება. რუსეთი ცდილობდა გავლენა მოეხდინა გერმანიაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებების მიღებაზე. პუტინს სურს, რომ ჩვენსა და ჩვენს მოკავშირეებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს და თავისუფალი დასავლური საზოგადოებები დაყოს, ეს მისი მუდმივი მცდელობაა. დეზინფორმაციული კამპანიები ადრევე უნდა ყოფილიყო აღიარებული და საჯაროდ გამოვლენილი". - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც მთელს ევროპაში, ასევე გერმანიაში ახორციელებს დეზინფორმაციულ პოლიტიკას. როგორც მან აღნიშნა, ისინი ამას ძირითადად სოციალურ ქსელების მეშვეობით აკეთებენ, ასევე კიბერშეტევების გზით და სხვადასხვა პოლიტიკურ-ინტელექტუალური ელიტის მოსყიდვით.

მისივე თქმით, ამის აღმოსაფხვრელად საჭიროა პრორუსული პოსტების დაბლოკვა, რომელიც გერმანიას შეუძლია, ასევე, მოსყიდულების მხილება, ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ დაირღვეს.

„დეზინფორმაციულ პოლიტიკას რუსეთი მთელ ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებდა. როგორც ჩანს, ახლა გერმანიაში ხდება იგივე. პირველ რიგში, ამას სოციალური ქსელების მეშვეობით აკეთებს, ასევე, კიბერშეტევების გზით. რაც მათ ყველაზე მეტად ახასიათებთ არის სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ინტელეტუალური ელიტის მოსყიდვა, ეს დღესაც ხდება, თუმცა, ნაკლებ შედეგს აღწევს.

გარდა ამისა, დღეს რუსეთი საკუთარი მასმედიის საშუალებით დეზინფორმაციულ პოლიტიკას ისევ ატარებს. არჩევნებში რომ ერევა, ამაზე აღარაფერს ვიძახი. იმისათვის, რომ მათ ეს ყველაფერი ვერ განახორიციელონ საჭიროა ყველა პოსტის დაბლოკვა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

„გერმანიას და დასავლეთს ამის საშუალება აქვთ. მეორე, რაც მნიშვნელოვანია ეს არის იმ ჯგუფების მხილება, რომლებიც პრორუსულ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ხშირ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რადგან რუსეთი ხშირ შემთხვევაში მათ ურიცხავს გარკვეულ თანხებს და ეს ადამიანები რუსეთის ინტერესებს ლობირებენ.

„ამიტომაც უნდა გამკაცრდეს და შესაბამისი ზომები უნდა იყოს მიღებული. ერთი არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ მეორე არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება. ამ მიმართულებით უნდა მოხდეს გარკვეული შეზღუდვები, ოღონდ ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ დაზიანდეს". - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე