ხელჩართული ჩხუბი დეპუტატებს შორის პარლამენტში და პოლიციის დაპირისპირება მომიტინგეებთან რუსთაველზე
ელზა პაპოშვილი
14.05.2024

დიდი შიდა ვნებათაღელვის და მწვავე საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, მმართველმა თავისი გატანა - პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოსმენით მიიღო. ამას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი შეფასებები დასავლეთის ქვეყნების არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენელთა მხრიდან. თბილისში კი ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო როგორც პარლამენტში, ისე რუსთაველზე.

სადავო კანონს 84-მა დეპუტატმა დაუჭრა მხარი და 30 წინააღმდეგი იყო. სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მანდატურებს მოუხდათ დეპუტატების გაშველება. ერთ შემთხვევაში ნამდვილი მუშტი-კრივი მოჰყვა „რეფორმების ჯგუფის“ წევრ ტარიელ ნაკაიძის გამოსვლას. გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელ პაატა მანჯგალაძეს. ასევე მოხდა დაპირისპირება მათსა და პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელ ბექა ლილუაშვილს შორის.

პარლამენტის გარეთ ვითარება დილიდანვე დაძაბული იყო. პერიოდულად ხდებოდა შეხლა-შემოხლა პოლიციასა და პროტესტის მონაწილეებს შორის. განსაკუთრებით მწვავე ფორმა კი ამ ყველაფერმა დაახლოებისთ 4 საათზე მიიღო - პარლამენტში გამართული კენჭისყრისა და მისი შედეგების საჯაროდ გამოცხადების შემდეგ. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება აქციას, ის გვიანობამდე გაგრძლედა. საღამოს მასზე საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებიც მივიდნენ.

იქნება თუ არა პრეზიდენტის შენიშვნები

კანონის ოფიციალურად ძალაში შესვლამდე ერთადერთი პროცედურა რჩება - პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ვეტოს დაძლევა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუკი დასავლელ პარტნიორებს კონკრეტული შეთავაზებები ექნებათ კანონთან დაკავშირებით, შესაძლებელია მოხდეს კანონის კორექტირება სწორედ ვეტოს პროცედურის ფარგლებში. თუმცა უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოსთან ერთად პარლამენტისათვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს. შესაბამისად ჩნდება შეკითხვა - მოსალოდნელია თუ არა სადავო პროექტის კორექტირება?

ოპოზიციისთვის, მესამე სექტორისა და კანონპროექტის ყველა მოწინააღმდეგისთვის პროექტის ნებისმიერი ფორმით სახეცვლილება საკმარისი არ არის. ერთადერთი მოთხოვნა ინიციატივის უპირობოდ უკან გაწვევაა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი კვალვ აცხადებს, რომ პრეზიდენტის შენიშვნების წარმოდგენის შემთხვევაში, მზად არიან კონსენსუსზე წავიდნენ. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გავმართეთ ხანგრძლივი შეხვედრა შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენთან. ყველა საკითხი გულწრფელად განვიხილეთ, რომელიც დაკავშირებულია შტატები-საქართველოს ურთიერთობებთან, მათ შორის საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

„შეხვედრის დროს ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს შეშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ჯიმ ობრაიენს ავუხსენი კანონის მიღების აუცილებლობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოვთქვი მმართველი გუნდის მზადყოფნა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი არგუმენტი სათანადო ყურადღებით განხილვის შესახებ. აღვნიშნე, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც მოითხოვს ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან მიდგომას“, - წერს ირაკლი კობახიძე „იქსზე“.

აღსანიშნავია, რომ ობრაიენს სამშაბათს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც ჰქონდა დახურული შეხვედრა და შესაძლოა, ამ საუბრის შემდეგ პრეზიდენტის პოზიციაც შეიცვალოს. მთუმეტეს, რომ სამშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად ობრაიენმაც ისაუბრა იმაზე, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში კანონის კორექტირება შესაძლოა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იყოს.

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლში ვეტოს დადების შემდეგი სახის პორცედურებია  გაწერილი: მე-3 მოსმენით მიღებიდან 10 დღის ვადაში კანონი გადაეცემა პრეზიდენტს, რომელსაც 2 კვირა აქვს იმისთვის, რომ კანონს ვეტო დაადოს. თუ პრეზიდენტი არც მოტივირებულ შენიშვნებს (კანონპროექტს) წარადგენს და არც ხელს მოაწერს 2 კვირის ვადაში ამ კანონს, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და კანონს გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც ის ძალაში შევა. 

რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძააბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ძალიან საეჭვოა ხელისუფლებამ უარი თქვას საბოლოდ ამ კანონის მიღებაზე და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო არ დაძლიოს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამის ძალიან მცირე ალბათობა არსებობს.   

„პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვეტოს დაადებს და ის სწორად ამბობს, რომ აქ პუქტობრივ განხილვაში შესვლას არ აპირებს. ამ კანონის თავიდან ბოლომდე რეალიზაცია გამოიწვევს იმას, რაც გამოიწვია რუსეთში. აქ პროცესებსი სხვა განვითარებას ვერ ვხედავ. მთელმა სახელისუფლებო  გუნდმა და ივანიშვილმა თქვეს, რომ მათ აინტერსებთ არა მართლა გამჭვირვალობა, არამედ არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის შებოჭვა. 

„ეს კანონი არ არის გამჭვირვალობის შესახებ, ეს არის რეპრესიებისთვის, რომელიც წინასაარჩევნოდ იქნება გამოყენებული. ამიტომ ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია და მე არ ველი, რომ ვეტოს არ დაძლევს „ოცნება“. 

„ხელისუფლებამ შესაძლოა აქციების პროვოცირება მოახდინოს და ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ აქციებზე მისული ხალხი დააშინოს. დაიწყოს რეპრესიები, რომ მუხტი დაწიოს. ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მან პროცესები არჩევნებამდე გადმოიტანა. მას ყველაზე მეტად არჩევნების  დღეს და შემდგომ აქციების ეშინია. ამიტომ ახლა ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ აქციები გაგრძელდეს სექტემბრამდე. ეს მუხტი შენარჩუნდეს და არ მისცეს ხელისუფლებას დისკრედიტაციის საშუალება. აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი, არანაირი ძალის გამოყენება ოპოზიციის მხრიდან არ უნდა მოხდეს, რადგან მაშინვე ხელისუფლება ამის გამოყენებას დაიწყებს“, -ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“.  

მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებას და მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების  გზით უნდა მოხდეს. 

„დიდი ალბათობით, ივანიშვილს ჯერ პროცესებს აკვირდება. როგორც არ შეხვდა ობრაიენს, ასევე არ შეხვდება იმ 4 მინისტრს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან. ეს უფრო პიარული სვალაა მისი მხრიდან, რომ ის  არის უდრეკი პიროვნება და მას არავისი ეშინია. 

„დიდი ალბათობით, ქვეყნის გარედან იქნება ზეწოლა, მაგრამ ივანიშვილი პროცესების განვითარებას დაელოდება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მას კომპრომისზე წასვლის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამიტომ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც სურათი გამოიკვეთოს და მან ეს ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე გარედან, დაინახოს და იგრძნოს. ის ჯერ ცდილობს პრინციპული და  გაუტეხელი ადამიანის იმიჯით იყოს, მაგრამ თუ ჩვენი მოსახლეობა არ დაიღლება, ოპოზიცია იმოქმდებს გონივრულად და არ მოხდება რაიმე დაპირისპირება პოლიციასთან, მაშინ ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთება რაღაც კონტურები, თუ რისი დამთმობია“, - ამბობს ძაბირაძე.

არც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ ელის, რომ პრეზიდენტის ვეტოს „ოცნება“ არ დაძლევს. ჩიტაძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ პირიქით, ის განცხადებები, რაც კობახიძის მხრიდან კეთდება ვეტოში შენიშვნების დამატებაზე და მისი შესაძლო გათვალისწინებაზე, მხოლოდ დროის მოგების მცდელობაა. 

„არ ველი, რომ ვეტოს არ დაძლევენ. პირიქით, მგონია, რომ მაქსიმალურად სწრაფად ეცდებიან მის დაძლევას. კობახიძის განცხადებები იმაზე, რომ პრეზიდენტმა შენიშვნები შეიტანოს, მხოლოდ პოლიტიკური ფანდი მგონია. 

„ბიძინა ივანიშვილის  მხრიდან ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ის დათმობაზე არ წავა. რა თქმა უნდა, ვეტოს არდაძლევა მას არჩევნების წინ პოლიტიკურად ძალიან დააზიანებს საკუთარ ამომრჩეველში. 

„რაც შეეხება კობახიძის განცხადებებს, რომ მოდით, შენიშვნები დაწერეთ და მერე  გავარჩიოთ რა გვინდა ამ კანონში და რა - არა, დროის მოგების მცდელობა და პოლიტიკური ფანდი მგონია. ამით ოპოზიციის ყურადღების გადატანას ეცდებიან, ასევე დასავლეთს აჩვენებენ, თითქოს რაღაცას თმობენ და ა.შ. თუმცა მერე ისევ განმეორდება იგივე, როგორც შარლ მიშელის შემთხვევაში მოხდა. ამიტომ სწორია პრეზიდენტის დამოკიდებულება, რომ კანონის დეტალებში არ შევა“, - ამბობს ჩიტაძე.

ის რაც იმას არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან ვაჭრობასაც ცდილობს. მისი აზრით, არ არის გამორიცხული მან ხელშეუხებლობის გარანტიები ან არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება  მოითხოვოს.

„მემგონი ივანიშვილი ივაჭრებს და ეს მას ძალიან კარგად ეხერხება. არ არის გამორიცხული მან დასავლეთს მოსთხოვოს, რომ არჩევნებში არ იყოს დიდად ჩარევა და მისი  ლეგიტიმურობა მათი მხრიდან აღიარებული იყოს. თავის მხრივ კი ის ამ კანონს არ მიიღებს. ანუ ვეტოს არ დაძლევენ, ან არჩევნების  შემდეგ გააუქმებენ კიდევაც. 

„საერთოდ, ისედაც ასე ხდებოდა ხოლმე. მიუხედავა იმისა, რომ ოპოზიცია ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა, დასაველთი ამას არ აღიარებდა. ამიტომ ვნახოთ. მგონია, რომ ფული აქ არ არის მთავრი პრობლემა, მთავარი პრობლემა ძალაუფლების შენარჩუნებაა“, - ამბობს ჩიტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×