ნატალია ჯვარიძე
29.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში და დაჰყონ ზედიზედ 30 დღე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა, სადაც ელჩმა ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილის გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნების ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების" ძალაში შესვლის პროცედურები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით.

„აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე. საქართველოს და ჩინეთს შორის შემოღებული უვიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობის კიდევ ერთ გამოხატულებასა და თანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.

ხაზი გაესვა იმ ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს შეუწყობს ორი მეგობარი ერისა და ხალხის დაახლოებას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას". - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანალიტიკოს გია აბაშიზის შეფასებით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს უფრო აადვილებს ამ ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებას. როგორც მან აღნიშნა, მათ შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, განსაკუთრებით განათლების სფეროში.

„იმის გარდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობა უკვე უვიზოდ შეუძლიათ, ასევე ეს უფრო აადვილებს ამ ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი კავშირების განვითარებას.

„გასაგებია, რომ სტრატეგიული პარტნიორობით პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს დონეზე ავიდა, მაგრამ ის, რომ ჩვენი კულტურის, სპორტის, სოფლის მეურნების წარმომადგენლები ინტენსიურად დადიან ჩინეთში, ეს ძალიან კარგია. რასაკვირველია, კიდევ უნდა გაფართოვდეს თანამშრომლობა, განსაკუთრებით განათლების სფეროში. რაც უფრო ფართო და მრავალხრივი თანამშრომლობა იქნება ნებისმიერ სტრატეგიულ პარტნიორთან, მით უკეთესია.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ტურიზმი, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დაწესებული გვაქვს უვიზო მიმოსვლა და მავანთა კრიტიკის მიუხედავად ამან არ გამოიწვია დიდი ჩინური ნაკადების შემოსვლა და ქვეყნის გადატვირთვა. ეს იყო რადიკალების მორიგი ბლეფი. რაც უფრო მეტი ქართველი მოქალაქე ჩავა ჩინეთში და ნახავს იქაურ კულტურას და ცხოვრებას, მით უკეთესია.

„მე მხოლოდ ჩინეთზე არ მაქვს საუბარი. ეს ეხება ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მათ შორის აშშ-ს, რომლისგანაც საქართველო ჯერ კიდევ ელოდება თავისუფალ სავაჭრო ხელშეკურელებასა და პირდაპირ ავიარეისებს. უვიზო ან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს" - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან".

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესაც მიაჩნია, რომ საქართველო-ჩინეთის ამგვარი დაახლოვება მნიშვნელოვანია და ამის საშუალებით გაჩნდება ბევრი კავშირები. მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჩინურ კულტურას გაეცნონ.

„თუ ჩვენ ჩინეთისნაირი საწარმო პოტენციალის მქონე ქვეყანასთან გვექნება კარგი ურთიეთობა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და გაჩნდება ბევრი კავშირები. უვიზო რეჟიმი ბიზნესისთვის საჭირო უშუალო კონტაქტების შესაძლებლობას ქმნის.

ტურიზმისთვის ჩინეთს იმხელა პოტენციალი აქვს, რომ შეუძლია საქართველოს წინაშე სრულიად უცნობი რეალობა გაშალოს და გავრცელებისთვის ეს ძალიან საინტერსო აღმოჩნდეს. ჩვენ ევროპა კი კარგად ვიცით, თუმცა აზიური რეალობა, მათ შორის ჩინური უცხო ხილია. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჩინურ კულტურას გაეცნონ. ამრიგად, ვთვლი, რომ ჩინეთ-საქართველოს დაახლოვებას კარგი შედეგები მოჰყვება" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×