
ლეგენდარული ფაკეტის დამსახურებაა, „ინტერის" და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ თითქმის ნახევარი საუკუნეა (ცხადი, ჩემი გუნდების და ნაკრების შემდეგ). იმ ფაკეტისა, რომელმაც არ იკადრა დავით ყიფიანისთვის უბრალოდ ფეხი დაედო და წაექცია, - დიდი-დიდი, ყვითელ ბარათს მიიღებდა და მილანის მეაცაზე ჩვენს „დინამოსთან" არ დამარცხდებოდა (ინტერი - დინამო: 0-1). ცოტა ხნის წინ გააცილა მთელმა იტალიამ (და, არა მარტო) ფაკეტი ბოლო გზაზე. იგი არა მარტო „ინტერის", იტალიის ნაკრების სული და გული იყო.
უცნაური რამ შევამჩნიე იტალიელებს: „იუვეს" გულშემატკივარი „ინტერის" (ასევე სხვა გუნდების) ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მათ მოწინააღმდეგეს გულშემატკივრობს. უკვირთ, რატომ ვგულშემატკივრობ ხოლმე „ატალანტას" ან „ნაპოლის" - „შენ ხომ ინტერისტი ხარო?!"
იგივე გულშემატკივრები, ყველანი, გულმხურვალედ გულშემატკივრობენ იტალიის ნაკრებს - სპორტის ყველა სახეობაში. სულამანიძემ რომ იტალიელი ფერარა (ძიუდოს სიის პირველი ნომერი), მერე კი, ჩვენმა ნაკრებმა მათი ნაკრები დაამარცხა, ძალიან ეწყინათ, მაგრამ არავის, - ვისაც ვიცნობ, - წამოცდენია საყვედური არც ფერარას, არც სხვა ძიუდოისტების მიმართ. ჩვენი ნაკრები კი, ძალიან მიქეს.
აქ - და, რამდენადაც ვიცი, სხვა ქვეყნებშიც, - სპორტსმენს არ აფასებენ მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. აფასებენ იმის მიხედვით, თუ როგორი გულით ატარებს მისი ქვეყნის მისსავე მაისურზე გამოსახულ დროშას. აქაურ გულშემატკივარს სულაც არ ანაღვლებს ფერარას პოლიტიკური სიმპათიები, - არც სინერის, არც სხვების... ისინი იტალიელები არიან და იტალიის დროშით ასპარეზობენ, იბრძვიან, იხარჯებიან... შუახნის ხალხს გემახსოვრებათ ნეაპოლის სტადიონზე გაშლილი თეთრი ქსოვილი წარწერით: „მარადონა გვიყვარხარ, მაგრამ იტალია ჩვენი სამშობლოა" (იტალია-არგენტინის შეხვედრა ნეაპოლში რომ დაინიშნა, „შინ ვთამაშობთო", ახარა მარადონამ თანაგუნდელებს).
ასე ვიყავით ქართველებიც სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში. მეტიც, „დინამოს" გულშემატკივრები აღტაცებას ვერ მალავდნენ „ტორბედოს", „გურიის", ბათუმის „დინამოს" გამარჯვებისას.
გვიხაროდა, ჭადრაკის მსოფლიო პირველობა ქალთა შორის ერთი რესპუბლიკის, ერთი ქალაქის, მეტიც, ერთი უბნის ჩემპიონატად რომ იყო ქცეული წლების მანძილზე.
ცრემლიანი და უსაზღვროდ ბედნიერი ვუყურებდი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს, ორი ქართველი ბიჭი, ორი ქართველი კაცი (და, რა კაცები!) რომ იბრძოდა ფინალში... ორი ქართული დროშა დაჰყურებდა სხვა დროშებს...
უმრავლესობა დღესაც ასეა - გვახარებს ყველაზე მაღლა აწეული ქართული დროშა და ჩვენს ჰიმნზე გულზეხელდადებული გოგონები და ბიჭები, ცრემლს რომ ვერ მალავენ სიხარულისას. ვერც მე ვმალავ ცრემლს, ოღონდ სიამაყისას...
საუბედუროდ, არის მცირე ნაწილი, რომელიც დროის მდინარის ზედაპირზე ტივტივებს და - უკონტროლო, მეტად უპასუხისმგებლო საინფორმაციო წყაროების თუ ინტერნეტის წყალობით, - სიბილწეს კადრულობს, - „ერთი კოვზი კუპრი მთელ კასრ თაფლს წაბილწავსო", სწორედ ასეა.
ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, ლაშა ბექაურზე აუგი რომ თქვა?!...
თქვენ წარმოიდგინეთ, იტყვის, - ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფალ სივრცეში. იტყვის ის, ვისაც შინაგანი ცენზორი, ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელი, სინდისი არ გააჩნია.
ათას პარტნიორგამოცვლილი და ათას ღობეზე გადამხტარი ვინმე უხსენებილი ლაშა ბექაურს ეუბნება, „გვარს არცხვენო". თვითონ გვარს კი არა მხოლოდ, ქვეყანას და, საერთოდ, ადამის მოდგმას არცხვენს.
უცენზუროთა კიდევ ერთ წყებას გიორგი გველესიანის ქცევა და განათლება არ მოსწონს, - უწუნებს მწყობრ, ლოგიკურ და, რაც მთავარია, სითბოთი უხვად გაჯერებულ მსჯელობას. თითონ კი, მოკლე, ათწინადადებიან გზავნილში ოცამდე გრამატიკულ შეცდომას უშვებს და ისეთ აზრებს აფრქვევს, რომ მის ფსიქიკურ მდგრადობაში ეჭვი გეპარება.
„რა უნდაო, სპორტსმენს, პარლამენტში?!...", იქით ლაშა ტალახაძეს და გენო პეტრიაშვილს გადასწვდნენ...
მე არ ვარ მსაჯული, ვინ უნდა იყოს პარლამენტში, - მე ჩემი ერთი ხმით გამოვხატავ, - ვინ მინდა, იქ იყოს.
კანონების გამომცემ ორგანოში პატიოსანი ადამიანები უნდა იყვნენ. ისინი, ვისაც უნდა, ჩემი ქვეყანა წინ მიდიოდეს... ისინი, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვქონდეს; ვინც დროებით ოკუპირებული ნაწილების შემორიგება-შემოერთებაზე ფიქრობს და მსჯელობს; ვისაც უნდა, რომ მშრომელ კაცს ღონიერი ოჯახი ჰქონდეს და ქუჩაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს უსაფრთხოდ სიარული შეეძლოს...
ამნაირი კანონების დაწერას რად უნდა მაინცდამაინც იურისტი?!
ამნაირი კანონების დაწერას მართლისმთქმელი, შინაგანად სუფთა, განათლებული ადამიანები სჭირია, - ისინი ვინც სათქმელს იტყვის.
იურისტები?!...
იურისტებმა იმ მართალი ადამიანების ნათქვამს კანონის სახე უნდა მისცენ, - სხვა მათ არაფერი ევალებათ.
მათემატიკა მეცნიერებათა მსახურია (და, როგორი მსახური!) - მისი დახმარებით მოსაზრებად, ჰიპოტეზად, თეორემად იქცევა ფიზიკოსის, ბიოლოგის, ქიმიკოსის ექსპერიმენტული მონაცემები. - ზუსტად ასეა კანონ-შემოქმედებაშიც.
არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების, მომღერლების, არტისტების დაყოფას: „ეს ჩვენიანია, - ის ცუდიო". ეს დალოცვილი ქვეყანა ისევეა თქვენი, როგორც როგორც მათი და როგორც ჩემი...
თუ მაინცდამაინც შეჯიბრი გვინდა, ერთმანეთს იმაში გავეჯიბროთ, ვინ მეტს შრომობს და ქმნის ამ ქვეყნისთვის.
სულგანათლებული მერაბ კოსტავას პერიფრაზს მოვიშველიებ, ყოველგვარი ყალბი პათეტიკის და გულზე ხელის ბაგუნის გარეშე: „გიყვარდეთ ეს ქვეყანა თქვენში და არა თქვენი თავი ამ ქვეყანაში!"...
სერგო ორჯონიკიძისთვის რომ გეკითხათ, ასე რამ შეგაზარაო შენი ქვეყანა, გიპასუხებდათ,"შენ ვინ მიგდიხარ, შენზე ათასჯერ უფრო მეტად მიყვარსო სამშობლო?!"
სამშობლოს სიყვარულზე ხმის ამომღები კაცი არ გააჩუქებს მშობლიურ მიწას, - და, ექიდნეს ღიმილით არ დააყოლებს "რაღაც უბრალო ქვების გროვა წაიღესო".
სოფელში მცხოვრები გლეხი გულზე ხელს არ იბაგუნებს და არ ყვირის - „სამშობლო მიყვარსო... ჩემისთანა მორწმუნეს მეორეს ვერ ნახავო..."
ის უბრალოდ, ჭურისთავზე გაშლილ სახელდახელო სუფრაზე, ორშიმოდან მომცრო ჭიქაში ჩამოასხამს, „ღმერთს დიდება, - ჩვენ მშვიდობაო", გადმოგხედავს, დალევს, ხელახლა შეავსებს და მოგაწოდებს. მისი თხუთმეტიოდე წლის ბიჭი მორიდებით უმზერს მამას. იმ პატარა ბიჭში მაისურაძეა, პეტრიაშვილია, ბექაურია... და, შინდისელია, თუ დასჭირდა ქვეყანას.
შენც, - იმ ჭურისთავის სტუმარს და მასპინძლის დამფასებელს, - სულით და გულით გინდა, ის ბიჭი ჩემპიონი გახდეს... ერთხელ კი არა, კიდევ ბევრჯერ ასწიოს ევროპის თასი, გინდაც ბურთი ვერ გაიტანოს. მერე რა?!... გოლებს მისი ძმები, აფხაზი და ოსი ბიჭები გაიტანენ...
გაიტანენ!... ასწევენ!... ისინი ჩვენზე უკეთესები არიან და იმიტომ.
მინდა მჯეროდეს, რომ მოდის ის დრო, როცა ვეღარ წაწყმედს "ერთი კოვზი კუპრი მთელ კასრ თაფლს".
ღმერთმა დაგვილოცოს ქვეყანა!
სოლომონ ნერგაძე, 2026
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



