რეზონანსი
(19.10.2026)

ბელგიის მთავრობა მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და ძალადობრივი არეულობის ფონზე ახალი მობილური დანაყოფის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. სამხედრო მომზადების მქონე დანაყოფის მთავარი ამოცანა არეულობის დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

ახალი დანაყოფის – „ჟანდარმერია 2.0“-ის შექმნის ინიციატივა ევროპის დედაქალაქებში, განსაკუთრებით ბრიუსელსა და პარიზში ბოლო დროს მომხდარ ძალადობრივ არეულობას უკავშირდება.

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, თეო ფრანკენის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციები უკვე  მიმდინარეობს.

„ჩვენ გვჭირდება სამხედრო მომზადების მქონე ოპერატიული რეზერვი. ძალადობა ასეთ მასშტაბებს როდესაც აღწევს, უნდა შეგვეძლოს ჩვენი მოქალაქეების დაცვა“, – განაცხადა ფრანკენმა.

თეო ფრანკენის თქმით, ინიციატივის შესახებ ინფორმირებულია ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერიც.

ბელგიაში ახალი დანაყოფის შექმნის საკითხის განხილვას წინ უძღოდა ბრიუსელში 17 ოქტომბერს მომხდარი არეულობა. ქალაქის ცენტრში ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტებმა დააზიანეს მაღაზიები, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებსა და ავტომობილებს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე