თამთა ჩაჩანიძე
(19.10.2026)

21-23 ოქტომბერს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ბათუმი იქნება - ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ოთხშაბათიდან იწყება. ოპოზიცია ბრძოლის სხვადასხვა გზას ირჩევს - ნაწილი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას აპირებს, ნაწილი კი ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მმართველ გუნდში უკვე შეარჩიეს ოთხი დეპუტატი, რომლებიც სასამართლოზე მოსარჩელეს პოზიციას დაიცავენ და მათ შრის არ არის თეა წულუკიანი, რომლის საპარლამენტო კომისიის დასკვანც საფუძლად დაედო სარჩელს.

სამართლებრივი ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებით აქტიურობს „ლელო", რომელიც განხილვაში კვალიფიციური იურისტების ჩართვას, ინსტიტუციური ბრძოლის ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებას გეგმავს და სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. პარტიის შეფასებით, მმართველი გუნდი საგარეო პოლიტიკის კრიტიკის სამშობლოს ღალატთან გაიგივებას ცდილობს, რაც სარჩელის ერთ-ერთ მთავარ სადავო საფუძვლად მიიჩნევა.

ანალიტიკსოებს ამ საკითხვზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა მიიჩნევენ, რომ პარტიების აკრძალვის თემა, მიუხედავად მისი პოლიტიკური სიმწვავისა, ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს ხალხის მასობრივ მობილიზაციას. მათი შეფასებით, ოპოზიციის მხარდამჭერთა შეზღუდული რაოდენობა და საზოგადოების ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულება თავად ოპოზიციური პარტიების მიმართ საპროტესტო პოტენციალს ამცირებს.

ვინ როგორ ემზადება განხილვისთვის

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წევრები არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

„ოცნების" სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", „ფედერალისტური პარტია", „გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, ოთხშაბათს დაიწყება.

რაც შეეხება ოპოზიცური პარტიების მზადებას, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კაპანაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ქუჩის პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების დღევანდელი და ხვალინდელი დღე, გადამწყვეტია პროტესტში მონაწილეობა", - განაცხადა კაპანაძემ.

პატიმრობაში მყოფი ენმ-ის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ისევ ითხოვს ბათუმშ ბადრაგირებას, რათა თავად დაესწროს სასამართლოს. ბათუმში სასამართლოზე გადაყვანა მოითხოვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში თავად დაესწრება და საკუთარი პარტიის პოზიციას წარმოადგენს.

„ვიქნებით ბათუმში, ვიქნებით სასამართლო დარბაზში, სასამართლოს წინ, ვიქნებით თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც მივწვდებით „ქართულ ოცნებას". ვიღაც წარმოადგენს საკუთარი პარტიის პოზიციას, ვიღაც არა. მე გეუბნებით ჩემი სახელით, რომ ვიქნებით. დანარჩენების სახელით ვერ გეტყვით", - განაცხადა გვარამიამ.

„ძლიერი საქართველო - ლელოს" წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველს მიმართა, რომ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია წარმოადგინოს.

„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგიოლეიშვილი ამბობს, რომ ბათუმში მიდიან პარტიის წევრები, რომლებიც „დასცინებენ პროცესს, თუმცა მონაწილეობას არ მიიღებენ".

რაც შეეხება პარტიას „გახარია საქართველოსთვის", ისინი ბრძოლას სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით აპირებენ.

რატომ არაა „ოცნების" სიაში წულუკიანი

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, შესაძლოა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა შედარებით ნეიტრალური ადამიანები წარედგინა სასამართლოზე „ოცნების" მხრიდან.

„შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ დასკვნა მისი მომზადებული დოკუმენტია და გადაწყვიტეს, რომ შედარებით ნეიტრალური ადამიანები წარედგინათ სარჩელის დამცველებად. მართალი გითხრათ ჩემთვისაც გაუგებარია ისეთი ძლიერი ფიგურა, როგორიც წულუკიანია, რატომ არ არის იქ. თუმცა გორდულაძის იქ ყოფნა მიანიშნებს, რომ კადრები სწორედ იურიდიული პროფილით იქნა შერჩეული", - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა თავად წულუკიანმა შეიკავა ამისგან თავი.

  • არჩილ გამზარდია: „მანანა კობახიძის გადადგომა და წულუკიანისგან თავის შეკავება შეიძლება ეს რაღაც მოცემულობა იყოს, თუმცა ძნელი სათქმელია რისკენ შეიძლება მიდიოდეს".

„როგორც ვიცი, ისინი იურისტები არიან და ბუნებრივია, ამ გუნდში იურისტები იქნებოდნენ. შესაძლოა თავად წულუკიანმა შეიკავა თავი. შეიძლება ისიც არის ფაქტორი, რომ რაიმე პერსონალიზაცია არ იყოს წულუკიანის მიმართ. თვითონ ეს წევრები ამ მხრივ უფრო მართვადი გუნდია, წულუკიანს კიდევ რაღაც თავისი შეხედულებები გააჩნია ხოლმე. არ ვიცი ზედმეტად ხელოვნურად წავიკითხავ თუ არა, მაგრამ მანანა კობახიძის გადადგომა და წულუკიანისგან თავის შეკავება შეიძლება ეს რაღაც მოცემულობა იყოს, თუმცა ძნელი სათქმელია რისკენ შეიძლება მიდიოდეს", - განაცხადა გამზარდიამ.

სამართლებრივი ბრძოლა

რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ „ლელოს" სამართლებრივ ბრძოლას აზრი აქვს, მათი არგუმენტი კი არაა რელევანტური.

„სამშობლოს ღალატთან (ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის) კრიტიკა არ არის გაიგივებული, აქ „ლელო" მემგონი ცოტა აჭარბებს. როდესაც საგარეო პოლიტიკის გატარებაში ხელს უწყობ უცხო ქვეყანას და მკაფიოდ იკითხება ეს... მაგალითად, იგივე „ლელოს" შეფის ბინაში ერთ-ერთი ელჩი ცხოვრობდა, რომელიც ძალიან ბევრ აგრესიას ავლენდა ქართული ხელისუფლების მიმართ. სავარაუდოა, რომ „ლელო" ხელს უწყობს სხვა ქვეყანას საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიის განხორციელებაში და ეს არაა კრიტიკა, კრიტიკის ფარგლებს სცილდება", - განაცხადა საყვარელიძემ.

არჩილ გამზარდია გვეუბნება, რომ სამართლებრივი ბრძოლის ერთ-ერთი მიზანი ისიცაა, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის ჰქონდეთ საფუძველი.

„ლელოს" სტრატეგია ვიცით - არჩევნებში მონაწილეობენ მიუხედავად იმისა, თუ რა აზრი აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ პროცესშიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ამგვარი ბრძოლის მონაწილეებიც იყვნენ. ჩვენთან სასამართლოს მეტ-ნაკლებად ისეთი აღქმა რომ ჰქონდეს, რომ ისინი მმართველობითი და ძალაუფლებითი გავლენისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი არიან, მაშინ ბრძოლას ალბათ უფრო მეტი აზრი ექნებოდა.

„არის კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც ამ ბრძოლაში შედიან - პროცედურულად ყველა ეტაპი რომ გაიარონ და იგივე სტრასბურგის სასამართლოსთვის ჰქონდეთ შესაბამისი არგუმენტაცია.

„იმ ტიპის ძალაუფლებაში, რომელშიც ჩვენ ვართ და ჩემი შეფასებით, ესაა ტოტალიტარული ტიპის ძალაუფლება, ასეთი ტიპის ძალაუფლების დროს ხელისუფლება და სახელმწიფო გაიგივებულია და სინამდვილეში ეს ასე არაა. რადგან ამ ტოტალიტარულ პრინციპს ატარებს მმართველი პარტია, ბუნებრივია, აქ პროპაგანდისტული ნარატივია ის, რომ ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს, ის გამოდის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ „ლელოს" თუ სხვა დანარჩენის შეფასება რელევანტურია", - განაცხადა გამზარდიამ.

ბრძოლა ქუჩაში

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია ამ თემით იმდენ ადამიანს ვერ გამოიყვანს ქუჩაში, რომ ხელისუფლებას სირთულეები შეუქმნას.

„ბოლო ხანებში, 100 კაცი თუ გამოიყვანეს, უკვე კმაყოფილები არიან ხოლმე. ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ცოტანი არიან და ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა ეს ოპოზიციური სპექტრი გადავარჩინოთო, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია. მათი გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენას არ ნიშნავს", - განაცხადა საყვარელიძემ.

  • რამაზ საყვარელიძე: „ლაპარაკი იმაზე, რომ ახლა ეს ოპოზიციური სპექტრი გადავარჩინოთო, ბევრისთვის ღიმილის მომგვრელია. მათი გადარჩენა დემოკრატიის გადარჩენას არ ნიშნავს".

არჩილ გამზარდია გვეუბნება, რომ პარტიების აკრძალვა მოქალაქეებისთვის ის მიმზიდველი თემა არაა, რა დროსაც მასობრივად ჩაერთვებიან ქუჩის პროტესტში.

„ლელო" სამართლებროვ პროცედურებში იღებს მონაწილეობას, პარტიების ნაწილი ქუჩის აქციებით ცდილობენ, ეს თუნდაც თეორიული შესაძლებლობაა, რომ პროცესის მიმართ რაღაცა პოზიცია გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. თუმცა, მე მაინცდამაინც განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ აქ რაღაც მასობრივი საზოგადოების ჩართვა შესაძლებელი იქნება. თვითონ თემაც არამასობრივია, რაც გინდა მნიშვნელოვანი იყოს. თავის დროზე სასამართლოების შესახებ კანონი რომ უნდა მიეღოთ და ამაზე პროცედურები ტარდებოდა, საზოგადოებისთვის ეს მაინცდამაინც საინტერესო არ იყო. ასეთი თემები მოქალაქეებს ნაკლებად იზიდავს.

„ამას ემატება მოქალაქეების რაღაც ნაწილის, თვითონ პარტიების მიმართ პოზოცია. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიც არიან, ვინც არსებული ოპოზიციური სპექტრის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. თუმცა საზოგადოება მაინც პარადოქსული მოცემულობაა და არსებობს რაღაც ნაპერწკლები, რომელიც შეიძლება გადაედოს, ესეც უფრო თეორიული კონტურია, მაგრამ ასეა", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე