თამთა ჩაჩანიძე
(19.10.2026)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დათბობის ფონზე, სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეა წამოაყენა, რომელშიც ჩინეთის ლიდერი სი ძინპინიც უნდა მონაწილეობდეს. შესაძლო შეხვედრის მიზნად უკრაინის ომის დასრულება სახელდება და დასავლური მედიის შეფასებით, კრემლი ცდილობს, შეთანხმებას მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით მიაღწიოს. მიმომხილველები იმასაც წერენ, რომ ეს შეხვედრა, თუკი ის შედგა, ფაქტიურად განასაზღვრავს მსოფლიოში გავლენის სფეროების ხელახალ გადანაწილებას.

მედიის ცნობით, პუტინი ამის შესახებ 9 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა ტრამპს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს შედგა აშშ-რუსეთის დიზელის გარიგებაც.

რაც შეეხება სამმხრივ შეხვედრას, ეს შესაძლო ჩინეთის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრ შენჟენში, სადაც 18-19 ნოემბერს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტია დაგეგმილი. სამივე ლიდერი პირადად აპირებს მასში მონაწილეობას.

პუტინის ინიციატივა კიევში მწვავე რეაქციას იწვევს. უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ომის ბედზე მოლაპარაკებები თავად უკრაინის მონაწილეობის გარეშე არა მხოლოდ სამშვიდობო პროცესს ვერ დააჩქარებს, არამედ, შესაძლოა, კრემლს აგრესიის გაგრძელების დამატებითი სტიმული მისცეს. ქვეყნის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ პუტინი არა გლობალური ლიდერი, არამედ ომის დამნაშავეა და ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მის განდიდების მანიას გააძლიერებს.

  • დმიტრი პესკოვი: „ასეთი ჰიპოთეტური შეხვედრის საკითხი მართლაც წამოიჭრა. თუმცა, შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები ან შეთანხმებები არავის წარუდგენია და არ განხილულა".

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებითაც, პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის შესაძლო სამმხრივი შეხვედრის საკითხი მართლაც განიხილეს, თუმცა მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც შეხვედრის გამართვაზე არსებობს კონკრეტული შეთანხმება და არც მისი დღის წესრიგი განსაზღვრულა.

„ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩინეთში დაგეგმილ სამიტში სამივე სახელმწიფოს მეთაურმა მიიღოს მონაწილეობა, ასეთი ჰიპოთეტური შეხვედრის საკითხი მართლაც წამოიჭრა. თუმცა, შეხვედრასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები ან შეთანხმებები არავის წარუდგენია და არ განხილულა - არც თავად შეხვედრის გამართვის და არც მისი შესაძლო დღის წესრიგისა თუ შინაარსის შესახებ", - ციტირებს პესკოვის სიტყვებს „როიტერსი".

ამასთან პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.

რას განსაზღვრავს სამმხრივი შეხვედრა

ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჟურნალი" წერს, რომ ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპთან ურთიერთობების დათბობის ფონზე ცდილობს, უკრაინის ომის საკითხი რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების საგნად აქციოს. გამოცემის ინფორმაციით, პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინთან შეხვედრის იდეა 9 ოქტომბერს წამოაყენა, რომლის ერთ-ერთი შესაძლო მიზანი უკრაინის ომის დასრულების პირობებზე მსჯელობაა.

წყაროების შეფასებით, კრემლი ამ ფორმატს შესაძლოა არა მხოლოდ უკრაინაში მისთვის ხელსაყრელი შეთანხმების მისაღწევად, არამედ რუსეთის გლობალური გავლენის გასაძლიერებლად და მსოფლიოს გავლენის სფეროებად შესაძლო გადანაწილების საკითხის წამოსაწევადაც განიხილავდეს - 1945 წლის იალტის კონფერენციის მსგავსად.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინისა და ევროპის მონაწილეობის გარეშე ასეთი შეხვედრის იდეა შეშფოთებას იწვევს, თუმცა გავლენის სფეროების გადანაწილებაზე ტრამპსა და სი ძინპინთან შეთანხმება დადასტურებული არ არის.

„ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს ტრამპთან ურთიერთობის დათბობით, რამაც შეშფოთება გამოიწვია უკრაინასა და მის მოკავშირეებში ვაშინგტონსა და ევროპაში. ასეთი სამიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის გარეშე უპრეცედენტო იქნებოდა და განგაშს გამოიწვევდა ევროპის დედაქალაქებსა და მათ ფარგლებს გარეთ", - წერს გამოცემა.

რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ცნობით, რომელიც ამ საკითხს იცნობს, პუტინმა ეს იდეა ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. ამავე საუბრის შედეგად მხარეებმა ასევე მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის მიერ რუსული დიზელის საწვავის შესყიდვასა და მსოფლიო ბაზარზე მისი გაყიდვის ხელშეწყობაზე.

გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლმა სამმხრივი დიალოგის გამართვა აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავალი სამიტის ფარგლებში შესთავაზა, რომელიც 18-19 ნოემბერს ჩინეთის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ცენტრ შენჟენში გაიმართება.

„პოტენციური სამმხრივი დიალოგი ჩინეთის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სი ძინპინისთვის, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ჩინეთის, როგორც გავლენიანი დიპლომატიური შუამავლის როლი", - აღნიშნავენ ჩინეთის შემსწავლელი ანალიტიკოსები.

წყაროების თანახმად, რუსმა ჩინოვნიკებმა ეს იდეა პეკინს დიპლომატიური არხებით მიაწოდეს და ჩინურმა მხარემ მიანიშნა, რომ არ ექნება წინააღმდეგობა, თუ ტრამპიც შეუერთდება.

უკრაინის პოზიცია

„უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივმა შეხვედრამ შესაძლოა ომის უფრო სწრაფად დასრულებას შეუწყოს ხელი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა კი, პირიქით, პუტინს ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი არა გლობალური ლიდერი, არამედ ომის დამნაშავეა.

„პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მის განდიდების მანიას გააძლიერებს და ისეთ სტატუსს მიანიჭებს, რომელსაც არ იმსახურებს. ის არ არის გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არა გლობალური ძალა, არამედ გლობალური პრობლემაა", - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა, სულ მცირე, 13-ჯერ მცირეა ამერიკის ეკონომიკაზე და 8-ჯერ უფრო მცირე ჩინეთისაზე; ის, ისევე როგორც რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე, სწრაფად მცირდება.

  • ანდრეი სიბიგა: „პუტინის ასეთ შეხვედრაზე მიწვევა მის განდიდების მანიას გააძლიერებს და ისეთ სტატუსს მიანიჭებს, რომელსაც არ იმსახურებს. ის არ არის გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა.".

სიბიგა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში 1.6 მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა. ხოლო მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთის ტექნოლოგიური სექტორი, მრეწველობა და ბიზნესი სტაგნაციას განიცდის.

„არც პრაგმატული და არც მორალური თვალსაზრისით, პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინის ადგილი არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება მას ამ მაგიდასთან ადგილის დაკავების უფლება მისცეს, მშვიდობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია - მაგალითად, ასეთ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე დათანხმება. ამის ნაცვლად საპირისპიროს ვხედავთ: მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორი კიდევ უფრო ძლიერდება. სანამ ის ტერორს განაგრძობს, მისთვის არცერთ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი არ უნდა იყოს", - აცხადებს სიბიგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე