
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესები მედიისთვის ღია იქნება, ყოფილმა პრემიერმა ადვოკატი შეცვალა და სავარაუდოდ, თავადაც დაესწრება სხდომებს. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილი ამჯერად ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შესაძლოა, ახალი ხმაურიანი განცხადებების და სკანდალების მოწმე გავხდეთ.
ექსპრემიერს უკვე მისჯილი აქვს 5 წელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის. ამაში მან თავი დამნაშავედ სცნო და საპროცესო გარიგებას დათანხმდა.
ამჯერად კი პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა", „გ" ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მის წინააღმდეგ ბრალდების მთავარი მოწმეები არიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მისი ნათესავი ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა.
19 ოქტომბრის პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, გადაწყდა საქმის არსებითად განსახილველად გადაცემის საკითხიც.
ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, ბურჭულაძის ჩვენება არის ზედაპირული და არ არის მითითებული დანაშაულის ჩადენის გარემოებები, რა ფორმით მოხდა თანხის სავარაუდო გადაცემა, შესაბამისად, ჩვენება, რომელიც არ შეიცავს მკაფიო ფაქტებს, ვერ დაედება საქმეს საფუძვლად. მხეიძის ჩვენება კი ირიბია, რადგან ის არ ყოფილა თანხის გადაცემის მოწმე.
ადვოკატი აცხადებს, რომ ორივე მოწმემ ასეთი ჩვენება თავისი მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მისცა:
„ორივე მათგანმა მიიღეს შეღავათები და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება".
ახალი დეტალები და „ოცნების" პოზიცია
საქმის განხილვის დაწყებასთან ერთად, ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - საქმეს მიხეილ შაყულაშვილი ჩაეხსნა. მას სოსო ბარათაშვილი შეცვლის. საქმეში ადვოკატის სტატუსით გამოჩნდა ლალი აფციუარი. მთავრობის ყოფილი მეთაურის ინტერესებს ისევ იცავს ლილი გელაშვილი.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოითხოვა, რომ სასამართლოს იყოს ღია და პროცესი არ დაიხუროს მედიისთვის, რასაც სასამართლო დათანხმდა.
ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს მიაჩნია, რომ ექსპრემიერი სხდომას პირადად უნდა დაესწროს.
„ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება.
„გვქონდა საუბარი, რომ ჩემი აზრით, მიზანშეწონილია მისი დასწრება სასამართლო სხდომებზე. ამას დავინახავთ მომავალ სხდომებზე. ამაზე ვიმსჯელებთ. საქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული. ამ საქმეს სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
- სოსო ბარათაშვილი: „ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება."
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის აზრით, დაცვის მხარის გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ საქმე პოლიტიზირებულია.
„ძალიან გაუჭირდება ადვოკატსაც და თვითონ ირაკლისაც დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრებები, იმიტომ, რომ ფაქტი რეალურია. ეს რეალური ფაქტი მან აღიარა, არა იმიტომ, რომ - როგორც შემდგომ მან თქვა - ბიძინა ივანიშვილს გაუწია ხათრი და ანგარიში, არამედ რეალური ფაქტები დაიდო, გადაღებული იქნა.
„კრიმინალური დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაულია, როდესაც აი ასეთი ვითარებიდან გამომდინარე შენ კიდევ სხვაც გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან - აგერ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ავიღოთ - აი, ამ დანაშაულებრივ სქემაში. აქ ძალიან ძნელი იქნება თავის მართლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს", - თქვა ვოლსკიმ.
მოსალოდნელი სცენარები
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებას შესაძლოა რამდენიმე გათვლა ჰქონდეს.
- ვახტანგ ძაბირაძე: „არ მგონია ღარიბაშვილმა რამე თქვას... გვარები შეიძლება დაასახელოს, მაგრამ ეს არაფერს სიკეთეს არ მოუტანს."
„შეიძლება ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიმართულება იყოს. ერთი ის, რომ ღარიბაშვილი გააქტიურდა და მის მიმართ რეპრესიები დაიწყო. მეორე, შეიძლება ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ და მათთვის ბრალის წაყენებაში ღარიბაშვილს იყენებს. მესამე, შესაძლოა საერთოდ ღარიბაშვილი გაამართლონ. ეს ხელისუფლების პროპაგანდისთვის მომგებიანი იქნება, რომ სასამართლო მოსყიდული არაა. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია „ოცნება" მიზნად რას ისახავს.
„არ მგონია ღარიბაშვილმა რამე თქვას, თუ რა ხდებობდა ხელისიფლების კულუარებში მის პერიოდში. ივანიშვილმა გუნდის წევრების შეხვედრისას ისინი დაამშვიდა და მეეჭვება ახალი ტალღა დაიწყოს. არ ველოდები, რომ ღარიბაშვილი რაღაც ისეთ გვარებს დაასახელებს. გვარები შეიძლება დაასახელოს, მაგრამ ეს ღარიბაშვილს არაფერს სიკეთეს არ მოუტანს.
„სენსაციური განცხადება მაშინ იქნება, თუ იტყვის, რომ ქრთამს ვიღებდი და ივანიშვილთან მიმქონდაო. თუ სენსაციურ განცხადებაზეა საუბარი, ეს იქნება და ამას ღარიბაშვილი არ იტყვის", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



