ვახტანგ იობაშვილი: „მართალია, ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გამოვირჩევით ძლიერი ტრანზიტული ფუნქციით, ეს ჩვენი უპირატესობაა"
ქეთო გოგოხია
(19.10.2026)

საქართველოს საზღვაო ტერმინალებს საქართველოს ეკონომიკაზე უდიდესი ეფექტი აქვს და ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობით ქვეყანა უზარმაზარ სარგებელს კარგავს.  ბათუმის, ყულევის, სუფსის და  ფოთის პორტები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა განთავსებული და სტრატეგიული მნიშვნელობისაა,  სერიოზული  საბიუჯეტო შენატანები მოაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს და ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს. ამ სარგებლის მიუხედავად, საზღვაო ტერმინალების პოტენციალის დიდი ნაწილი  აუთვისებელია. 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა,  საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ტერმინალები და პორტები ქვეყნის სტრატეგიული კარიბჭეებია. ამიტომ აუცილებელია ქართულმა ბიზნესმა გამოიყენოს ყველა ადგილობრივი ტერმინალი და პორტი, რითაც ეკონომიკა გაიზრდება და ადამიანები დასაქმდებიან, რაც საბოლოოდ საქართველოს  ეკონომიკური კეთილდღეობას გააუმჯობესებს და ქვეყანას გლობალური მასშტაბითაც გაცილებით კონკურენტუნარიანს გახდის.

გარდა ამისა, როგორც ვახტანგ იობაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია მცირე ნავთობგადამმუშავებელი საამქროების მშენებლობა. მისი შეფასებით, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და ტრანზიტული პოტენციალი იძლევა შესაძლებლობას, ადგილობრივად ვაწარმოოთ მოთხოვნადი საწვავი და დავაკმაყოფილოთ როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრები.

„ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ გადადგა ეს ნაბიჯი და ჩვენც ამავე გზას უნდა გავყვეთ. მაგალითად, გერმანია თუ საბერძნეთი ნავთობს არ მოიპოვებენ, თუმცა გადამამუშავებელი ქარხნები ააშენეს.

მით უმეტეს, რომ ჩვენ საამისოდ ყველა საჭირო რესურსი გაგვაჩნია - გვაქვს ბუნებრივად ბოძებული ნავმისადგომები და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. ამ ყველაფრის ეფექტურად გამოსაყენებლად საჭიროა ქარხანა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ნავთობპროდუქტებით მოვამარაგოთ როგორც ევროპა, ისე მეზობელი ქვეყნები. პირველი რიგში, საკუთარი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ წარსულში, ვაზიანის დასახლებაში, ნავთობის მცირე გადამამუშავებელი საამქროები გვქონდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 25-მდე ობიექტი მოქმედებდა, თუმცა მაღალი ხარისხის ბენზინს ვერ აწარმოებდნენ, ისინი დიზელს, მაზუთსა და ნავთს გადაამუშავებდნენ. ერთი ასეთი პატარა ქარხანა რუსთავში, „აზოტის“ ტერიტორიაზეც მდებარეობდა - მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონეთიდან ჩამოტანილი ძველი, მაგრამ კარგი ინფრასტრუქტურით. , რადგან ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ ვიყავით, ამ მიმართულებამ ჩვენთან ფეხი მაინც ვერ მოიკიდა. ეს დარგი რომ განვითარებულიყო, დღეს სოფლის მეურნეობისთვის იაფი დიზელი გვექნებოდა,“ - განუცხადა ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.

მისი აზრით, სტრატეგიული შანსის რეალობად ქცევისთვის გადამწყვეტია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების გამოვლენა და საკითხის დღის წესრიგში დაყენება.

„უნდა მივმართოთ ხელისუფლებას და დავსვათ ეს საკითხი, რათა მთავრობამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე სერიოზულად იფიქროს. მართალია, ნავთობმომპოვებელი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გამოვირჩევით ძლიერი ტრანზიტული ფუნქციით: გვაქვს ზღვა, პორტები, ტერმინალები და მოხერხებული სახმელეთო საზღვრები, რაც ექსპორტის დიდ შესაძლებლობას გვიხსნის. მცირედით რომ დავიწყოთ, მინიმუმ დიზელის საწვავი მაინც უნდა ვაწარმოოთ, რომლის დეფიციტიც დღეს გლობალური პრობლემაა.

ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას მოგვცემს, სხვა ქვეყნები ჩვენი პროდუქციით დავაინტერესოთ. თვალსაჩინოებისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვან: ნიგერიას აქვს უზარმაზარი ოდენობის ნავთობი, თუმცა არ გააჩნია გადამამუშავებელი ქარხანა. შესაბამისად, ნედლ ნავთობს უცხოეთში აგზავნიან, იქ გამოშვებულ ნავთობპროდუქტებს კი მერე ისევ თავად ყიდულობენ.

ჩვენ შემთხვევაში უამრავი ალტერნატივა არსებობს და ყველა გზა გვეხსნება იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ. ამ კუთხით დიდი პერსპექტივა გვქონია და სწორი ორიენტირი გვჭირდება. უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მთავარია პოლიტიკური ნება,“ - განუცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

მცირე ნავთობგადამმუშავებელი საამქროების შექმნა საქართველოსთვის არა მხოლოდ იაფი საწვავის წყარო, არამედ ძლიერი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობაა. რისთვისაც მნიოშვნელოვანია  სახელმწიფოს მხრიდან სწორი ორიენტირი და პოლიტიკური ნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე