"მხოლოდ ეროვნული ან კომერციული ბანკების პერიოდული გაფრთხილებები ამ გამოწვევას ვეღარ უმკლავდება"
ქეთო გოგოხია
(19.10.2026)

ბოლო პერიოდში ფინანსური თაღლითობის ფაქტები ძალიან გახშირდა. თუ აქამდე თაღლითური სქემების უკან ჩრდილოვანი ორგანიზაციები იდგნენ, დღეს უკვე ინდივიდუალური პირებიც ატყუებენ მოქალაქეებს, რომლებსაც ფინანსური პირამიდებით და სხვა ათასგვარი ხრიკებით აბამენ მახეში,  სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან თაღლითები ხელოვნურ ინტელექტს იშველიებენ და ძარცვავენ მოსახლეობას, რამაც უკვე საგანგაშო მასშტაბი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელ განცხადებებს დრო და დრო ავრცელებენ ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები, სიტუაცია რეალურად ვერ გამოსწორდა, პირიქით, უფრო მეტად საშიში გახდა. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია უფრო ფართო და მასშტაბური კამპანია ჩატარდეს, სანამ ეს ყველაფერი შეუქცევად პროცესში გადავა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თაღლითები მსხვერპლის სახელზე სესხს აფორმებენ და მის თანხებს ითვისებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით "საზოგადოება და ბანკების"  დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ ისაუბრა.

თაღლითები მო¬ქალაქეებს ბანკის წარმომადგენლის სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ მათი სახელით უცნობი პირი სესხის აღებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც მოქალაქე აცხადებს, რომ ამ ადამიანს არ იცნობს და სესხის გაცემას ეწინააღმდეგება, მასთან ცოტა ხანში კიდევ ერთი ზარი ხორციელდება და "უსაფრთხოების პროცედურების“ გავლის საბაბით სთხოვენ პერსონალური და საბანკო მონაცემების გაზიარებას, მათ შორის SMS-ით მიღებულ ერთჯერად კოდებს. შედეგად, მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, თაღლითები მსხვერპლის სახელზე სესხს აფორმებენ და მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ითვისებენ.

გიორგი კეპულაძის შეფასებით,  ფინანსური თაღლითობა აღარ არის მხოლოდ კლასიკური „სქემების“ დონეზე.  ციფრულ ეპოქაში, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის გავრცელებასთან ერთად, რისკი გაორმაგდა. მარტო საბანკო სექტორისა თუ ეროვნული ბანკის დრო და დრო გავრცელებული განცხადებები საკმარისი აღარაა, რადგან თაღლითები მეთოდებს ყოველდღიურად ცვლიან და ინდივიდუალურ დონეზეც კი ახერხებენ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. შესაბამისად, აუცილებელია უფრო ფართო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კამპანიის წამოწყება, რომელიც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

,,თაღლითური სქემები სულ უფრო დახვეწილი ხდება, მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ არ არსებობს დაბალრისკიანი და მაღალშემოსავლიანი ინვესტიცია. როდესაც ვინმე გარანტირებულ მაღალ მოგებას გვპირდება, ეს პირველი სიგნალია, რომ საქმე თაღლითობასთან გვაქვს.განსაკუთრებით საგანგაშოა ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი - თაღლითები ტექნოლოგიებს იყენებენ ყალბი ვიდეოების, ხმოვანი შეტყობინებებისა და შეცდომაში შემყვანი პლატფორმების შესაქმნელად. 

მხოლოდ ეროვნული ან კომერციული ბანკების პერიოდული გაფრთხილებები ამ გამოწვევას ვერ უმკლავდება. აუცილებელია სახელმწიფო დონეზე უფრო მასშტაბური, სისტემური და ფართო საგანმანათლებლო კამპანია, რომ მოსახლეობას ფინანსური და ციფრული უსაფრთხოების საბაზისო უნარები გაუძლიერდეს, სანამ პროცესი სრულად უმართავი გახდება. საფრთხეებისგან თავდაცვის ერთადერთი ეფექტური გზა საზოგადოების ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ელემენტარული ციფრული უსაფრთხოების წესების დაცვაა“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კეპულაძემ.

ეროვნულმა ბანკმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა რეაგირება უნდა მოახდინონ მანამ, სანამ პირამიდა ჩამოიშლება, და არა მას შემდეგ, რაც ათასობით მოქალაქე დაზარალდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის შეფასებით, თაღლითობის მასშტაბების ზრდის ფონზე, მხოლოდ გაფრთხილება საკმარისი არ არის. აუცილებელია მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, მოსახლეობის ფინანსური განათლებისა და ცნობიერების სისტემური ამაღლება, რათა ადამიანებმა საფრთხე მარტივად ამოიცნონ.

,,ფეისბუქ-ჯგუფებში, ინსტაგრამსა თუ ტელეგრამში ყოველდღიურად შეხვდებით ათასგვარ „სარფიან“ შეთავაზებას, სადაც კონკრეტული პირები, მარტივი გამორჩენის დაპირებით, თანამოქალაქეების ნდობით ოსტატურად მანიპულირებენ. ადამიანებს ექმნებათ ილუზია, რომ რაკი კომპანიას კი არა, კონკრეტულ „ფიზიკურ პირს“ ეკონტაქტებიან, რისკი ნაკლებია. რეალურად კი, სოციალურ ქსელში უცნობი ადამიანისგან მიღებული ნებისმიერი ფინანსური შეთავაზება თითქმის 100%-ით მახეა. სანამ თითოეული მოქალაქე არ გააცნობიერებს, რომ ციფრულ სივრცეში გადარიცხული „მარტივი ფული“ უკან არასდროს ბრუნდება, ეს მასობრივი აფერა ვერ შეჩერდება. 

ცნობილი გახდა კიდევ ერთი სქემის შესახებ, თუმცა ახლაც ხშირია შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლები ახლობლის სახელით თანხის გადარიცხვის მოთხოვნას იღებენ. ერთ-ერთი სქემის მიხედვით კი, მოქალაქეებს ფინანსური ინსტიტუტების სახელით ყალბი ელექტრონული წერილები ეგზავნებათ. შეტყობინებებში მითითებულია, თითქოს ახალი რეგულაციების საფუძველზე მომხმარებელმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა განაახლოს. ამისთვის კი მათ პირადი ან საბარათე ინფორმაციის შეყვანას სთხოვენ. 

ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, ხოლო როცა საქმე ფინანსურ კომპანიებს ეხება,  ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, აუცილებლად უნდა მოიძიოს ყველა სახის ინფორმაცია ამა თუ იმ პროექტზე, რაშიც მონაწილეობას სთავაზობენ, თუ მსგავსი ინფორმაცია არ არის, დიდი რისკია, რომ თანხას დაკარგავს“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“, - გიორგი კაპანაძემ.

მზარდი საფრთხეების პარალელურად, საგრძნობლად გააქტიურდნენ სამართალდამცველი ორგანოებიც. ბოლო პერიოდში მკვეთრად იმატა ფინანსურ მაქინაციებსა და ონლაინ-თაღლითობაში ბრალდებული პირების დაკავების ფაქტებმა, რაც მიუთითებს, რომ პოლიცია პრობლემასთან ბრძოლას სულ უფრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ამასწინათ  დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს 116 475 ლარი გადასცა, ბრალდებულებმა კი შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამდენად, მთავარი ბარიერი თაღლითების გზაზე მოქალაქეების სიფრთხილე და ცნობიერების ამაღლებაა. საფრთხე ფაქტობრივად ყველგანაა,განსაკუთრებით  ციფრულ სივრცეში, სადაც  მოქალაქეების თითოეული ნაბიჯი მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე