
“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის პარალელურად, ახალ პარტიებს ქმნის, ერთი სული აქვთ, როდის შევა საკონსტიტუციო სარჩელი ძალაში, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესების თაობაზე განაცხადა.
შარაშიძის ვარაუდით, პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარტიები - “ნეიტრალური საქართველო”, „თავისუფალი ხალხის პარტია“ [ყოფილი “გირჩი”] და “ხალხის ძალა” - კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ პარტიების აკრძალვა, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიაც დაამატეს ე.წ. სარჩელს - პარტია, რომელიც დღეს ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს და რომელიც ყოველთვის, ყველა ეტაპზე მონაწილეობდა ყველა კონსტიტუციურ პროცესში, იყო ყველა სამართლებრივ პოლიტიკურ პროცესში. ალბათ, „ქართულ ოცნებაზე“ მეტად იყო არჩევნების მომხრე და არჩევნების პროპაგანდისტი, მაშინაც კი, როდესაც ცნობილი მოვლენების დროს საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიების გარკვეული ნაწილი ბოიკოტს უჭერდა მხარს. თვალი რომ გადაავლოთ, „ქართული ოცნება“ უფრო მეტად უწევდა 4 ოქტომბერს პროპაგანდას და უფრო მეტად აპროვოცირებდა ხალხს იმისკენ, რომ წასულიყვნენ აქციაზე და არა არჩევნებზე. ჩვენ კი პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ამის შემდეგ იყო ჩვენი პარლამენტში შესვლა და ა.შ.... და კითხვა, თუ რატომ დაგვამატეს ასაკრძალ პარტიათა სიაში, პასუხი ასეთია: ეს კიდევ უფრო მეტად ადასტურებს იმას, რაც ნახეს, ჩვენთან ოპონირების დროს ძალიან უმწეო არიან პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ 12 ვართ 89-ის წინააღმდეგ, მათ კი ჩვენთან ოპონირების რესურსი არ გააჩნიათ. ჩვენთან ოპონირებით ხალხი კარგად ხედავს მათ რეალურ სახეს.
“ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის პარალელურად, ქმნის ახალ პარტიებს. ერთი სული აქვთ, როდის შევა საკონსტიტუციო სარჩელი ძალაში, რომ ასპარეზზე გამოვიდნენ, ამას “ქართული ოცნება” იმიტომ აკეთებს, რომ საკუთარი ოპოზიცია სჭირდება. არა ჩვენნაირი მწვავე და რეალური ოპოზიცია, არამედ საკუთარი ხელდასმული ოპოზიცია, მაგალითად “ნეიტრალური საქართველო”. საიდან აქვს “ნეიტრალურ საქართველოს” ამხელა რესურსი ან ამდენი დაფინანსება? ის არის პირდაპირ რუსული პოლიტიკის გამტარი ორგანიზაცია. ასევე “გირჩი” და “ხალხის ძალა”, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან მალე. დიდი ალბათობით, ეს იქნება ის საკონსტიტუციო გადატრიალება, რასაც “ქართული ოცნება” ამზადებს და რისთვისაც მარტო საკუთარი პარტიული უმრავლესობა არ ჰყოფნის, სავარაუდოდ, ამ პარტიული კოალიციით აპირებს. აპირებს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს და 78-ე მუხლი კონსტიტუციიდან ამოიღოს. დიდი ალბათობით, ყველაფრის მიზანი სწორედ ეს არის”, - აღნიშნა შარაშიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



