
რუსთაველის თეატრის მსახიობი ქეთი სვანიძეს გული სტკივა იმ ნეგატივის გამო, რაც „ვეფხისტყაოსნის“
დადგმას მოჰყვა:
„ალბათ, არ ვიმსახურებდი ამდენ ნეგატივს, რაც „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას მოჰყვა. ასეთ რამეებს ისეთი ადამიანები წერდნენ, რომელთაც არც ერთი ჩემი ნამუშევარი არ უნახავთ და არ იციან, რას ვაკეთებ, ვინ ვარ ან რა ვარ (ამით იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყველაფერს კარგად ვაკეთებ). თუნდაც ეს კონკრეტული როლი არ უნახავთ და მგონია, რომ ბევრს ზედმეტი მოუვიდა.
საბედნიეროდ, ბევრჯერ გამიგია ჩემზე, რომ ძლიერი და მომთმენი ვარ, ვიღაცისთვის მაგალითიც კი ყოფილა ჩემი სიძლიერე. ეს არაერთხელ უთქვამთ და ძალიან გამხარებია. ამ ნეგატივზეც ხშირად აღუნიშნავთ: „ყოჩაღ, რომ გაუძელი და მყარად გააგრძელე წინსვლა“. ვთვლი, რომ ესეც უნდა გამოსცადო ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო და ამან შენს პროფესიაზე უარყოფითად არ იმოქმედოს. არ მეგულება ადამიანი, ვისზეც ეს არ იმოქმედებდა და, რა თქმა უნდა, ჩემზეც იმოქმედა, მაგრამ მე ვიცი, რას ვაკეთებ. ამ ამბავმა მხოლოდ და მხოლოდ გამაძლიერა და კიდევ მეტის კეთების სურვილი მომცა – იმ ადამიანებსაც კი, ვისაც ერთი ნეგატიური სიტყვა მაინც ჰქონდა დაწერილი, ჩემივე საქმით შევუცვალო დამოკიდებულება და დადებითად განვაწყო.
ცუდად არ მინდა გამიგონ, რასაც ვიტყვი: პატარაობიდანვე იმდენად ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებდი... ალბათ, ბევრი მცდარი ნაბიჯიც გადამიდგამს ცხოვრებაში და შემშლია, მაგრამ აქამდე რომ მოვსულიყავი, იმდენად ბეწვის ხიდზე გავდიოდი ცხოვრებისეულადაც და პროფესიულადაც, ვერ ვიხსენებ, რომ რაღაც კატასტროფული შეცდომა დავუშვი. რა თქმა უნდა, შეცდომები დამიშვია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ზედმეტადაც კი ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და დღესაც ასე ვარ. დიდი დოზით ვარ თვითკრიტიკული და ეს, ალბათ, არ შეიძლება – ცხოვრებას ართულებს", - განუცხადა "თბილისელებს" მსახიობმა.
თბილისელები
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


