რეზონანსი
(20.10.2026)

ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვის პარალელურად საპროტესტო აქცია დაანონსდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას 21 ოქტომბერს 11:00 საათიდან დაიწყებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბონდო თედორაძის განცხადებით, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები და მოქალაქეები სასამართლოს შენობასთან დილიდან შეიკრიბებიან.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხზე უნდა იმსჯელონ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ პროცესი გაიმართება.

„21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და დანაშაულებრივი სასამართლო პროცესი. იცით, რომ რუსული ხელისუფლება პარტიების აკრძალვას გეგმავს. ჩვენ შევიკრიბებით და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებას ვგეგმავთ; იურისტები პირადად დაესწრებიან პროცესს, ჩვენ კი შენობასთან გავაპროტესტებთ ამ დანაშაულს. ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებაზე, დემოკრატიულსა და დასავლურ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, მსგავსი პროცესები არც აწმყოში მიმდინარეობს და არც სამომავლოდ იგეგმება“, - აცხადებს ბონდო თედორაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე