
ორი დღის წინ უნგრეთის საპარლამეტო არჩევნების შედეგებმა ქართულ ოპოზიციაში ახალი დისკუსია და შიდა დაპირისპირება გამოიწვია. კამათის თემაა, რომელი სცენარია უფრო მისაღები ოპოზიციის მიერ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის არჩევნებში დასამარცხებლად - უნგრული, სადაც გადამწყვეტ როლს გამოკვეთილი ლიდერი ასრულებს, თუ სერბული, სადაც მთავარი ძალა ლიდერის გარეშე მოქმედმა სტუდენტურმა მოძრაობამ აჩვენა.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოში არც უნგრული და არც სერბული სცენარის პირდაპირი გადმოტანა არ გაამართლებს. ერთის მხრივ, ქართულ ოპოზიციას მოსახლეობის ფართო ფენებთან სათანადო კავშირი არ აქვს და საზოგადოებას ხელისუფლების ალტერნატივას ვერ სთავაზობს. გარდა ამისა, ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას გააერთიანებს. მეორეს მხრივ კი, ძველი პოლიტიკური ელიტის მიერ ასპარეზის ახალგაზრდებისთვის დათმობა საქართველოში პრაქტიკულად წარმოუდგენელია.
ოპოზიციის მოლოდინები
„ფედერალისტების" ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, სერბეთის მაგალითი აჩვენებს, რომ რეპრესიები ხელისუფლების გამარჯვების გარანტია არ არის. მისი თქმით, ალექსანდრ ვუჩიჩის მარცხი ავტორიტარული მმართველობის დაუმარცხებლობის მითს ამსხვრევს.
„ბელგრადის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ 2025 წლის 28 ივნისიდან სექტემბრამდე პროტესტთან დაკავშირებით 1 636 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული საქმე, ხოლო 779 ადამიანს თავისუფლება აღეკვეთა.
„ამას გარდა, ხელისუფლება ფარულად უთვალთვალებდა, აშინებდა და აშანტაჟებდა კრიტიკოს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ფინანსურ სანქციებს აკისრებდა კრიტიკოს პროფესორებს, რეიდებს აწყობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ფიზიკურად ძალადობდა პროტესტის მონაწილეებზე - იყენებდა იმ მეთოდებს, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობია.
„ამ ყველაფრის მიუხედავად, ვუჩიჩი დამარცხდა და იძულებული გახდა, დამარცხება ეღიარებინა - თუმცა, რასაკვირველია, მარცხს არა საკუთარ მმართველობას და სერბი ხალხის არჩევანს, არამედ ჩვენთვის კარგად ნაცნობ უცნობს - დიფსტეიტს აბრალებს.
ცხადია, ძალმომრეობამ წინააღმდეგობა სერბეთშიც გააძვირა და პროტესტზე შემაკავებელი ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ვუჩიჩის მარცხი ადასტურებს, რომ გამარჯვების გარანტია რეპრესიები ვერ იქნება.
„ერთი სიტყვით - ის, რომ რეჟიმს ჩვენი დასჯა შეუძლია, არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რეჟიმის დამარცხება.
„ცხადია, ის არ იგულისხმება, რომ ვუჩიჩის მარცხი ყველა ავტორიტარის - ჩვენ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის - გარდაუვალ დამარცხებას ნიშნავს, მაგრამ მისი დაუმარცხებლობის მითს ნამდვილად ფანტავს", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
- ნიკა გვარამია: „მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით - ულიდერობა? ერთი და იგივე ადამიანები, რამდენიმე თვიანი შუალედით, ორივეს ერთნაირი რიხით რანაირად ამტკიცებენ, ვერ ვხვდები."
„ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია წერს, რომ ოპოზიციამ უცხო ქვეყნების გამოცდილების გადმოღების ნაცვლად, საქართველოს რეალობაზე მორგებული ბრძოლის სტრატეგია თავად უნდა შეიმუშაოს.
„მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით - ულიდერობა? ერთი და იგივე ადამიანები, რამდენიმე თვიანი შუალედით, ორივეს ერთნაირი რიხით რანაირად ამტკიცებენ, ვერ ვხვდები.
„სხვისი წარმატებების და წარუმატებლობების, სხვის მიერვე გაკეთებულ ანალიტიკურ მასალაზე დაყრდნობით სხვას რომ სთხოვ მოქმედებას და, ამდენ „სხვას" შორის შენი თავი მარტო ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებულთა საპარლამენტო სიის თუ ტექნიკური მთავრობის კონტექსტში გახსენდება, ამას ქვია მეთოდებში ზედაპირულობა და არასერიოზულობა, ხოლო მიზნებში - არასანდოობა და პირადი ინტერესების მსახურება.
„შენი ქვეყნის ვითარება და პრობლემები შენ უნდა გააანალიზო, შენ მოიფიქრო გამოსავალი და ბრძოლის ეფექტური ხერხები და მერე შენვე განახორციელო.
„სხვისი გამოცდილების შესწავლა და განზოგადება და მერე სხვისთვის ამის გაზიარების პროფესიული ჩვევა, შეზავებული თანამდებობრივი ამბიციის დიდი ულუფით, არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან - არც ძველთან, არც ახალთან და არც არანაირთან", - განაცხადა გვარამიამ.
კიდევ ერთ სცენარზე საუბრობდა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებს საკუთარ პოლიტიკურ მდგომარეობას უკავშირებდა და აცხადებდა, რომ პოლიტიკოსის პატიმრობაში ყოფნამ შესაძლოა, მისი პოპულარობა გაზარდოს. ამის მაგალითად მას მოჰყავდა ჟაირ ბოლსონარუს შვილი, ფლავიუ ბოლსონარუ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. სააკაშვილის პოსტი მიანიშნებდა, რომ მას საკუთარი პოლიტიკური მომავლისა და შესაძლო პოლიტიკური რეინკარნაციის იმედი ჰქონდა, მათ შორის, შესაძლოა, მისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის პოლიტიკაში გამოჩენითაც.
თუმცა, სცენარი საბოლოოდ ისე არ განვითარდა, როგორსაც სააკაშვილი პროგნიოზირებდა - არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა.
გაამართლებს თუ არა სერბული და უნგრული სცენარები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქართულ ოპოზიციას არც უნგრული და არც სერბული სცენარი არ გამოადგება, რადგან ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, არ მუშაობს მოსახლეობის ფართო მასებთან და ვერ სთავაზობს საზოგადოებას ალტერნატივას, მაშინ, როცა უნგრეთსა და სერბეთში წარმატებას განსხვავებულმა მიდგომებმა შეუწყო ხელი.
„ოპოზიციას მემგონი არცერთი სცენარი არ გამოადგება. უნგრულ სცენარში მადიარმა, ჯერ ერთი, არსებული ძირითადი კურსი გააგრძელა და პრეტენზიები კორუფციასთან დაკავშირებით ჰქონდა ორბანის მიმართ. მადიარმა ასევე მთელი უნგრეთი მოიარა და ძალიან ენერგიულად იმუშავა. ჩვენს ოპოზიციას კი ხელისუფლების მიმართ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ყველა საკითხში. მეორე, არ აქვს კონტაქტი მოსახლეობის ფართო მასებთან. ამიტომ უნგრული ვარიანტი არ გამოადფგებათ.
„რაც შეეხება სერბულ ვარიანტს, აქ სტუდენტები იყვნენ აქტიურები, ოღონდ ვნახეთ მათ რაც გააკეთეს. „სტუდენტების სია" ტყუილად არ ჰქვია, უმეტესად ამ სიაში უპარტიოები იყვნენ, სხვადასხვა სფეროდან პროფესიონალები ამოირჩიეს, პოლიტიკური ლიდერი არც ჰყავდათ, თავიანთი სიის დეპოლიტიზაცია მოახდინეს და ამ სიით არჩევნებზე მოიგეს კიდეც. არც ამათი პოლიტიკური კურსი არ უპირისპირდებოდა რადიკალურად მმართველი პარტიის კურსს", - განაცხადა საყვარელიძემ.
- ვახტანგ ძაბირაძე: „სერბეთში ძველი ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ფაქტიურად განზე გადგა და სტუდენტებს და ახალგაზრდებს დაუთმეს მთელი ასპარეზი და ჩვენთან ეს რამდენად შესაძლებელია?"
ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საქართველოში არ არსებობს ლიდერი, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს. მისი თქმით, უნგრული და სერბული პოლიტიკური სცენარების საქართველოში გამეორება რთულია, რადგან ოპოზიციურ ძალებს შორის ერთიანობის ნაცვლად ლიდერობისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ძველი პოლიტიკური ელიტის მიერ ახალგაზრდებისთვის ასპარეზის დათმობა კი წარმოუდგენლად მიაჩნია.
„საქართველოში დღეს არ მოიძებნება ლიდერი, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებს. თქვენ წარმოგიდგენთ, არც სფერო მოიძებნება, საიდანაც შეიძლება ასეთი ლიდერი წამოვიდეს და მთელი ოპოზიციის ლიდერობა იკისროს. ყველა ეტაპზე ასეთი ლიდერები გვყავდა - გამსახურდია იყო ეროვნული მოძრაობიდან, შევარდნაძე თავისი გამოცდილებით, სააკაშვილი დასავლეთში მიღებული განათლებით, ივანიშვილი ქველმოქმედებით. მერე რამდენად გაამართლეს, ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველას ჰქონდა თავისი სფერო ქარიზმისთვის.
„ამიტომ უნგრეთთან პარალელის გავლება რთულია. მადიარამდე ფაშინიანმაც იგივე გააკეთა თავის დროზე. ლიდერების ნაკლებობა ზოგადად არ არის, მაგრამ მათგან არცერთი არაა ისეთი, ვინც მთელს ოპოზიციას გააერთიანებდა, ყველას თავისი ჩონჩხი აქვს კარადაში.
„სერბულ ვარიანტშიც პრობლემაა. სერბეთში ძველი ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ფაქტიურად განზე გადგა და სტუდენტებს და ახალგაზრდებს დაუთმეს მთელი ასპარეზი და ჩვენთან ეს რამდენად შესაძლებელია? მე რასაც ვუყურებ, ეს ფაქტიურად წარმოუდგენელია, ყველა ლიდერობას ცდილობს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ებრძვიან", - განაცხადა ძაბირაძემ.
რატომ წამოიწია უცოხური სცენარების თემამ ოპოზიციაში
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციამ დაასკვნა, რომ რადგან უნგრეთსა და სერბეთში ოპოზიციამ გაიმარჯვა, აქაც შანსი გაჩნდა.
„სცენარების გადმოტანა სწორი არაა. სცენარს ერთი-ერთში ისედაც ვერ გადაიტან, მაგრამ ის, რომ სხვისი გამოცდილება გაითვალისწინო, ყოველთვის კარგია. აქ საქმე უფრო მარტივადაა - ოპოზიციამ ნახა, რომ ამ ქვეყნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და დაასკვნა, რომ თვითონაც გაიმარჯვებს. მოსწონს, რომ მისი გამარჯვების შანსი გაიზარდა, ესაა და ეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „აქ საქმე უფრო მარტივადაა - ოპოზიციამ ნახა, რომ ამ ქვეყნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და დაასკვნა, რომ თვითონაც გაიმარჯვებს. მოსწონს, რომ მისი გამარჯვების შანსი გაიზარდა, ესაა და ეს".
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ოპოზოციას რაღაც „მესამე სცენარი" აქვს მოსაფიქრებელი.
„სცენარის ზუსტად გადმოტანა ზოგადად არ ამართლებს. ვილაპარაკეთ ორ სცენარზე - არცერთი გაამართლებს საქართველოში და არც მეორე, მაგრამ მესამე სცენარი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, ჯერჯერობით არ ჩანს. ყველაზე რთული მომენტი სწორედ ესაა - ჩამოყალიბდება თუ არა მესამე სცენარი, გამოჩნდება ვინმე ახალი ლიდერი, თუ როგორ იქნება, ეგ არავინ იცის.
„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი ძალიან დაბალია, დღეს მას, ფაქტიურად, მეტოქე არ ჰყავს. ჩვენ გვჭირდება ისეთი სცენარი, რომელიც საშუალებას არ მისცემს „ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბებით დარჩეს ხელისუფლებაში, ისევე როგორც ეს იყო სააკაშვილის, გამსახურდიას და თუნდაც იგივე ივანიშვილის დროს - არცერთი ხელისუფლება არ იყო წინააღმდეგი, რომ არჩევნები გაეყალბებინათ. ეს რეალობა გვაქვს და ამიტომ ოპოზიცია ისეთი ძლიერი უნდა იყოს, რომ არჩევნების გაყალბება ხელისუფლებამ ვერ შეძლოს და რომც გააყალბოს, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს გაყალბებული არჩევნეი არ მიიღოს. ასეთი სცენარი გვინდა. უნგრეთმა და სერბეთმა ეს შეძლეს და ჩვენ ჯერჯერობით ამის პერსპექტივა არ გვიჩანს", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



