რეზონანსი
(27.10.2026)

 ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ვაკუუმის საშიშროება ჩნდება. „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტიის გაუქმების შემთხვევაში საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ. რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება პარლამენტის პრაქტიკულად ერთპარტიულად დარჩენას და რატომ მიიჩნევენ ექსპერტები, რომ ოპოზიციამ ბრძოლა შიგნიდან უნდა განაგრძოს?

საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის შესახებ მსჯელობა ახალ ფაზაში შედის, თუმცა მმართველი გუნდისთვის პროცესი შესაძლოა იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებასთან" ერთად, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. თუმცა, მათგან სამმა არჩევნების შედეგები არ აღიარა, მიღებული მანდატები ოფიციალურად გააუქმა და თავისი საარჩევნო სიები ჩახსნა.

რაც შეეხება მეოთხე პარტიას - „გახარია საქართველოსთვის", მათაც ოფიციალურად გააუქმეს არჩევნების შედეგად მიღებული 12 საპარლამენტო მანდატი და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა საარჩევნო სია არ ჩაუხსნიათ. საბოლოოდ კი, დაახლოებით ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო და მათთვის განკუთვნილი ადგილები საარჩევნო სიის მეორე 12-ეულმა დაიკავა.

ამჟამად პარლამენტში, კანონმდებლობით განსაზღვრული 150-ის ნაცლად, სულ 101 დეპუტატია, 89 საპარლამენტო უმრავლესობიდან და 12 პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის".

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, მათი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, მათი გუნდი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატებს საბოლოოდ დატოვებს.

  • გიგა ფარულავა: „როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა".

„იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ეს შედეგი, პარტიების აკრძალვის შემდეგ, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა ჩვენს პარტიას, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიანიჭა. როდესაც პოლიტიკური პარტია გაუქმდება, ბუნებრივია, უკვე აღარ იქნება ის შესაძლებლობა და მანდატი, ამ შემთხვევაში პარტიული, რომ გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია თავისი საკონსტიტუციო სარჩელის საბოლოო კორექტირების შემდეგ საჯაროდ აცხადებდა, რომ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, ამ პარტიების სიით პარლამენტსა და რეგიონალურ საკრებულოებში მყოფ დეპუტატებს მანდატი არ შეუწყდებათ.

„ჩვენ შეგვეძლო მოგვეთხოვა მანდატების გაუქმება, თუმცა არც პარტია „საქართველოსთვის" შემთხვევაში ვითხოვთ, რომელსაც აქვს როგორც საპარლამენტო, ისე საკრებულოს მანდატები, ისევე როგორც არ მოვითხოვეთ წინა შემთხვევებში, სხვა პარტიებთან დაკავშირებით. მაგალითად, „ლელოს" შემთხვევაში, რომელსაც ასევე საკრებულოში აქვს მანდატები. ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ის ანტიკონსტიტუციური პარტიები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრიან, არ სარგებლობდნენ იმ სიკეთეებით, რასაც ჰქვია პოლიტიკური პროცესის მონაწილეობა. ყველა ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ პარტიის, რომელიც არის დემოკრატიის მტერი, ადგილი არ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს არის მთავარი პრინციპი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის", - განაცხადა ორიოდე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმა, თუნდაც მათი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში, შეცდომა იქნება.

„ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას" გაუხარდება კიდევაც, თუკი მანდატებს დატოვებენ. გამოსვლას რა აზრი აქვს? გამოსვლით გააძლიერებენ „ქართულ ოცნებას". უნდა დარჩნენ და პერსონალურად იბრძოლოდ. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა შეუთანხმონ ერთმანეთს და ერთ გუნდად იმოქმედონ, უბრალოდ სტატუსი ექნებათ პერსონალური დეპუტატების. მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ნებისმიერ ადგილზე, იქნება ქუჩა, პარლამენტი, საკრებულო, მერია. არცერთი მონაკვეთის მიტოვება არ შეიძლება, ყველგან, სადაც კი საშუალებაა, უნდა იყოს ბრძოლა", - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ზაქარეიშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ" უკვე ჩაატარა ერთპარტიული მმართველობის ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ უმრავლესობას გადაწყვეტილებების მიღება ოპოზიციის გარეშეც არ უჭირს:

„ორი წელი გავიდა, რაც „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ერთპარტიული მმართველობა აქვს... ერთი წლის განმავლობაში, როდესაც გახარიას პარტია პარლამენტში არ იყო, კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში. სხვათა შორის, „ქართულმა ოცნებამ" კარგი ექსპერიმენტი ჩაატარა, ერთი წლის განმავლობაში სცადა ყველა ბრძანების ვარიანტი ყოფილიყო აპრობირებული. საკონსტიტუციო უმრავლესობის გარდა არაფერი არ გასჭირვებიათ."

  • პაატა ზაქარეიშვილი: „დიახაც, დავრჩებით" - უნდა განაცხადოს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" და განაგრძონ ბრძოლა და არა ის, რომ პაპუაშვილის სიტყვას როგორ ავყვებითო..."

ზაქარეიშვილი ყურადღებას ამახვილებს ამომრჩევლის პასუხისმგებლობაზეც და მიიჩნევს, რომ პარტიამ გადაწყვეტილება საკუთარი მხარდამჭერების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს და არა მმართველი გუნდის განცხადებებზე საპასუხოდ.

„გახარიას პარტიასა და „ლელოს" დაახლოებით ერთი ტიპის ამომრჩეველი ჰყავს, რომელთაც მოსწონთ პასუხისმგებლიანი პარტიები, რომლებიც ორიენტირებული არიან ამომრჩეველზე და არა სხვა პარტიებზე. რაც უნდა ილაპარაკოს პაპუაშვილმა, არ შეიძლება ფიქრი სხვა პარტიაზე, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზე", იმიტომ რომ შენი ამომრჩეველი გყავს. შესაბამისად, პარტია თუ სხვანაირად მოიქცევა, შესაძლოა, დაკარგოს ამომრჩევლები.

„პაპუაშვილს არ უნდა, რომ პერსონალურად დარჩნენ დეპუტატები. მან დაასწრო მოვლენებს და განცხადება გააკეთა, რომ შეუძლიათ დარჩენა. „დიახაც, დავრჩებით" - უნდა განაცხადოს პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" და განაგრძონ ბრძოლა და არა ის, რომ პაპუაშვილის სიტყვას როგორ ავყვებითო... პარტია არა პაპუაშვილის, არამედ ამომრჩევლის სიტყვას უნდა აყვეს. ბრძოლისათვის ჯობია დარჩნენ პარლამენტში და განაგრძონ ბრძოლა პერსონალურად. შიგნით როცა ხარ, მეტი მანიპულაციის საშუალება გაქვს."

 

თამარ ოყუჯავა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე