
ოპოზიციის ნაწილისთვის საპროტესტო აქციებზე კვლავ პრობლემად რჩება მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამოჩენა - "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება და აცხადებს, რომ მომდევნო შეკრებებზე მათ წინააღმდეგ უფრო ორგანიზებულ მოქმედებებს მიმართავს.
ამასთან, 28 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ჩერგოლეიშვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში პროტესტის მთავარ მიღწევად თანმიმდევრულობასა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფას ასახელებს.
ოპოზიციაში წარმოქმნილი უთანხმოების ფონზე, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური პარტიები ერთიანი ფრონტის შენარჩუნებას და ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო საპროტესტო ბრძოლის გაგრძელებას?
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერებს შორის დაპირისპირება ერთიანი საპროტესტო ფრონტის შენარჩუნებას საფრთხეს უქმნის. მათი შეფასებით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას ცდილობს, პიროვნული და პარტიული უთანხმოებები საერთო მიზანს აზიანებს.
ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებას მისი პოლიტიკური სისუსტისა და არაეფექტიანობის გამოვლინებად აფასებს. მათი თქმით, ერთმანეთთან კინკლაობისა და ურთიერთბრალდებების ნაცვლად, ოპოზიციურმა ძალებმა საზოგადოებას კონკრეტული პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შესთავაზონ.
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი ფრონტით ბრძოლას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძის "რეზონანსთან" შეფასებით, ოპოზიციაში სააკაშვილის ბანერების გამო დაწყებული დაპირისპირება სერიოზულ პრობლემას ქმნის, რადგან ამ დროს ოპოზიციას საპროტესტო მოძრაობის გააქტიურება და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის წარმოება სჭირდება.
მისი აზრით, ჩერგოლეიშვილმა და სხვა ოპოზიციონერებმა პირადი უთანხმოებები გვერდზე უნდა გადადონ, რადგან სააკაშვილის მხარდამჭერებსაც აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება.
- ნიკა ჩიტაძე: "ვინც საუბრობს, რომ არც "ნაცები" და არც "ქოცები" და აქციაზე და გადაცემებშიც "ნაცები" არაო, ისინი "ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს"
"ეს ძაან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც სააკაშვილის მომხრეა, იმ ადამიანების უფლებაა პროტესტის გამოხატვა. თუ ამ შემთხვევაში დაპირისპირება იქნება, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემას შექმნის. მითუმეტეს საპროტესტო მოძრაობა ახლა უნდა გააქტიურებულიყო. ალბათ იმაზე რომ დაფიქრდეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი, რომ პირველ რიგში სააკაშვილის მომხრეებს და "ფედერალისტების" საერთოა ბრძოლა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში რაღაც პიროვნული პრობლემები გვერდზე უნდა გადაიწიოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩერგოლეიშვილის რეპლიკები "ფედერალისტებისა" და ენმ-ს რეიტინგის სხვაობის ფონზე არარელევანტურია.
"არანაირად არაა რელევანტური, არც ჩერგოლეიშვილის და არც სხვების რეპლიკები. იქ სხვებიც იყვნენ. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაც მიტინგებზე ამ კუთხით ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანებს უფლება აქვთ, რომ სააკაშვილის ბანერები წარმოადგინონ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისას იკვეთება, რომ მესამე პრეზიდენტს ძალიან ბევრი რამ გამოუგონეს.
"ბევრი საუბრობს, რომ არც "ნაცები" და არც "ქოცები", ვინც ამას აკეთებს ვფიქრობ "ქოცების სამსახურში დგას, ასევე, ვინც ამბობს, რომ აქციაზეც და გადაცემებშიც "ნაცები" არა, ისინი "ოცნების" წისქვილზე ასხამენ წყალს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ მათ უჭირთ ერთიანი პოლიტიკური ბრძოლის წარმოება და ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის პოლიტიკური არგუმენტების შეთავაზების ნაცვლად, ერთმანეთთან დაპირისპირებით არიან დაკავებული.
მისი აზრით, ეს პროცესი ოპოზიციის სისუსტესა და საარჩევნო პერსპექტივის არქონას წარმოაჩენს.
"რაც უფრო მეტ ასეთ იაფასიან შოუს მოაწყობენ მცირერიცხოვან აქციებზე, მით უკეთესია პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის, რამეთუ თავად რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმაც უნდა დაინახონ, თუ ვისთან აქვთ საქმე.
"ერთმანეთს დაწყევლიან, შეაგინებენ, ფიზიკურ ქმედებებში გადავლენ, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ფაქტია, რომ პირობითად, კასრში მყოფი ვირთაგვების შერკინებაა, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა არა აქვთ საარჩევნოდ, თან ძალიან ახლოსაა ის პროცესი, როცა სამართლებრივადაც უნდა აიკრძალოს ცალკეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობა.
"ძალიან არასერიოზულ სიბრტყეში არიან უკვე გადასულები, სასოწარკვეთილები, უსაშველოები, უპერსპექტივოები და ისღა დარჩენიათ ერთმანეთს ეკინკლაონ და რამეში კი არ დაარწმუნონ საკუთარი ელექტორატი, არამედ უფრო გაახალისონ ფართო საზოგადოება.
ჯერჯერობით ეს დარჩათ, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება არაპროგნოზირებადია, იქდან გამომდინარე, რომ საკუთარ თვითდაცემაში დიდოსტატები არიან და შეიძლება ისეთი რამ მოიმოქმედონ, რაც არაერთს გააოცებს.
"2027-28 წლებში მთავარი ისაა, რომ ოპოზიციურ ველზე სააგრძნობლად მოძლიერდნენ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ მწვავე დისკუსიაში შესვლა და ამის ჩანასახოვანი, მაგრამ კარგი მაგალითები ახლახანს გამოჩნდა. თუნდაც ტელეკომპანია "იმედის" გაფართოებულ განსხვავებულ ფორმატში.
- გია აბაშიძე: "რაც უფრო მეტ ასეთ იაფასიან შოუს მოაწყობენ მცირერიცხოვან აქციებზე, მით უკეთესია პოლიტიკის გაჯანსაღებისთვის, რამეთუ თავად რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმაც უნდა დაინახონ, თუ ვისთან აქვთ საქმე"
"დროა დისკუსიები გაიმართოს უმწვავეს პრობლემებზე, რომლებიც სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც არის და სამწუხაროდ რადიკალები არ აქცევენ ყურადღებას ამას, რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს ხელისუფლებასთან კონკურენციაში ყოფნისას. აი ეს არის დემოკრატიის პრინციპი, გააკრიტიკე იქ, სადაც საჭიროა და შეეშვი ამ დესტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს",- განაცხადა აბაშიძემ.
რას წერს ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებს აქციებიდან გაძევებით ემუქრება და აცხადებს, რომ მომავალ საპროტესტო შეკრებებზე მათ წინააღმდეგ უფრო ორგანიზებულ მოქმედებებს გეგმავს. ჩერგოლეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის ბანერების გამო და მიიჩნევს, რომ ისინი საპროტესტო აქციის გზავნილს ამახინჯებს.
"ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს.
"ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ (უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ)",- წერს ჩერგოლეიშვილი.
ჩერგოლეიშვილი 28 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ოპოზიციისა და პროტესტის მონაწილეთა მთავარი მიღწევა თანმიმდევრულობა და ბრძოლის გაგრძელების ნებისყოფაა. მისი შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ბიძინა ივანიშვილის შიში, დასავლეთის სანქციები და "ქართული ოცნების" გავლენიანი წარმომადგენლების ციხეში ყოფნა.
"ნებისყოფა არის ყველაზე საამაყო, რაც გასული ორი წლის მანძილზე გამოვაჩინეთ. ნებისყოფის დემონსტრირებაზე დიდი წარმატება წინააღმდეგობას არ ჰქონია. გაუმარჯოს ყველას, ვინც თანმიმდევრულად არ ნებდება! ამ ნებისყოფის დამსახურება ბიძინას პარანოია, დასავლური სანქციები და ციხეებში ჩაყრილი ბობოლა ქოცები",- წერს ჩერგოლეიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



