
პოლონეთში აღმასრულებელი ხელისუფლების ორ მთავარ შტოს - პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული ხანგრძლივი პოლიტიკური უთანხმოება უკიდურესად გამწვავდა და ვარშავის ქუჩებში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების ეპიცენტრში მოექცა საკონსტიტუციო ტრიბუნალი, რომლის გარშემოც განვითარებულმა პროცესებმა ქვეყანა კონსტიტუციური კრიზისის წინაშე დააყენა.
დაპირისპირების ძირითადი მიზეზი პოლონეთში არსებული „ორხელისუფლებიანობა" და სასამართლო სისტემაზე კონტროლისთვის ბრძოლაა. დონალდ ტუსკის პროევროპული კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალში ახალი მოსამართლეები აირჩია. თუმცა ოპოზიციასთან დაახლოებულმა პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უარი თქვა ახლად არჩეული მოსამართლეების ფიცის მიღებაზე, ხოლო ტრიბუნალის მოქმედმა თავმჯდომარემ, ბოგდან შვეჩკოვსკიმ, ისინი საქმიანობას ჩამოაშორა. აღნიშნულმა წარმოშვა სამართლებრივი ჩიხი, რამაც 2026 წლის ოქტომბრის მიწურულს ღია ფიზიკური დაპირისპირება გარდაუვალი გახადა.
- პრეზიდენტი ნავროცკი: „პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა. საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა".
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე 30 ოქტომბერს მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ. მოგვიანებით, ტრიბუნალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ვებგვერდი „დაჰაკეს", ხოლო თავმჯდომარე კვლავ აგრძელებდა მოვალეობის შესრულებას.
ტრიბუნალის შენობასთან სამართალდამცავები, მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურები და ოპოზიციის დემონსტრანტები შეიკრიბნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.
პოლონური მედიის ცნობით, პარასკევს, როდესაც საკონსტიტუციო ტრიბუნალში კრიზისი დაიწყო, ნავროცკი სენეგალში, სახელმწიფო ვიზიტზე მიემგზავრებოდა. მან გასცა განკარგულება, რომ თვითმფრინავს გეზი შეეცვალა და ვარშავაში დაბრუნებულიყო. 31 ოქტომბერს პირადად გამოცხადდა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან, სადაც მოსამართლეებთან, მათ შორის ანა კორვინ-პიოტროვსკასთან, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. ვიდეოკადრებში ჩანს, პრეზიდენტი როგორ უყვირის მოსამართლეებს, რომ ისინი „საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეები არ არიან".
პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მომხდარს სახელმწიფო ორგანოს მიტაცება უწოდა.
„გასულ ღამეს, პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა. საკონსტიტუციო სახელმწიფო ორგანოს ხელში ჩაგდება ძალის გამოყენებით მოხდა", - დაწერა ნავროცკიმ „იქსზე".
პარტია „კანონისა და სამართლიანობის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა და მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა.
პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალში მიმდინარე მოველებთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებზე კომპრომისი არ შეიძლება. ხალხისადმი სატელევიზიო მიმართვაში ტუსკმა განაცხადა, რომ პარტია „კანონისა და სამართლიანობის" ყოფილის მთავრობის მიერ დაწესებული ტრიბუნალი სასამართლო არ იყო.
- პრემიერი ტუსკი: „საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია, პროცესის, რომელსაც პარტია „კანონი და სამართლიანობა", ასევე პრეზიდენტები - დუდა და ნავროცკი ახორციელებენ".
ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ ტრიბუნალის მუშაობაში და არ უნდა გასცემდნენ ბრძანებებს მის შენობაში, მაშინაც კი, თუ ისინი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებენ.
„საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია, პროცესის, რომელსაც პარტია „კანონი და სამართლიანობა", ასევე პრეზიდენტები - დუდა და ნავროცკი ახორციელებენ. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მე ვცადე ტრიბუნალის აღდგენა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ტრიბუნალი, პარტია „კანონი და სამართლიანობის" მიერ დაწესებული ფორმით, ნამდვილი სასამართლო არ იყო. მინდა, ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი: ტრიბუნალის კანონიერად არჩეულ წევრებს თავს დაესხნენ და ადგილზე მყოფმა პოლიციამ ტრიბუნალი თავდამსხმელებისგან დაიცვა", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ „კანონი და სამართლიანობის" წევრები პრორუსულ ძალებში პოულობენ მხარდაჭერას.
„შემთხვევითი არ არის, რომ ისინი მხარდაჭერას მსოფლიოში პრორუსულ ძალებში პოულობენ და მიმდინარე კონფლიქტში მათ მხარს უჭერს ონლაინ რუსული ბოტების არმიაც კი. სინამდვილეში, საჯაროდ შექებაც კი მიიღეს კრემლის მთავარი იდეოლოგისგან", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამ ეტაპზე პოლონეთი ღრმა პოლიტიკურ-სამართლებრივ კრიზისშია. პრეზიდენტმა ნავროცკიმ გამოაცხადა, რომ იწვევს შეხვედრას საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლებთან შექმნილი ვითარების განსახილველად და სამართლებრივი წესრიგის აღდგენის გზების მოსაძებნად:
„სამართლებრივი წესრიგის აღდგენასა და მთავრობის მიერ გაგზავნილი ძალოვანი სტრუქტურების ტრიბუნალის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებას მოვითხოვ".
ვინაიდან ორივე მხარე ერთმანეთს არალეგიტიმურობასა და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს, საკონსტიტუციო ტრიბუნალისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დაპირისპირებამ აჩვენა, რომ პოლონეთში პოლიტიკური ჭიდილი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავიდა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფიზიკურ კონტროლში გადაიზარდა.
თამარ ოყუჯავა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



