
შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის პროცესს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ქართულმა საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ ერთადერთი ვინც ცდილობს ქვეყნის კონსტიტუციურ გადატრიალებას, მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა“.
„საკონსტიტუციო სასამართლოებმა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან ნათელი გახადა ორი რამ: ერთი, რეალურად ერთადერთი პარტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალების მოხდენას, მმართველი ძალაა. მეორე, ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან ნათლად დაინახა რა განსხვავებაა, როგორც პროფესიული, ასევე, მორალური და ზოგადად პოლიტიკური მომზადების დონის თვალსაზრისით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იყო ამ პროცესის წამოწყება, რადგან სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მმართველი რეჟიმისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. შეიძლება აკრძალო პარტიები, მაგრამ ვერ აკრძალავ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი ალბათ, ამ სხდომის შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ აუცილებელი და გარდაუვალია პოლიტიკური ცვლილება ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ მის მოლოდინებს, როგორც თავად სალომე სამადაშვილმა განაცხადა, „ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული იქნება“.
„მე ველოდები, რომ გაფართოების ანგარიში იქნება კიდევ უფრო კრიტიკული საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ, რადგან გასული წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ რეგრესი ყველა მიმართულებით. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნება იმის ფონზე, რომ იგივე ანგარიში კიდევ უფრო ნათელი გახდება წარმატებული ქვეყნებისთვის, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის ვალდებულებებს, როგორც კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ სპეციალურად მათზე მორგებული სამოქმედო გეგმები იქნება, რაც დააჩქარებს მათ ინტეგრაციას ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამსახურებით საქართველო კარგავს ისტორიულ შანსს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



