
ღიად პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერის, მამუკა ფიფიასა და სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ მოსკოვში დაფუძნებული „ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის", შესაძლოა, კრემლის ახალი პოლიტიკური პროექტის საფუძველი იყოს 2028 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, რომლის აზრითაც, სავარაუდოდ, მოსკოვში „ქართულ ოცნებას" ბოლომდე არ ენდობიან.
ფონდის პრეზენტაციაზე, რომელოც 28 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა, ფიფიამ ფონდის დაარსების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. ორგანიზაციის საბოლოო მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, ხოლო მოკლევადიან მიზნებს შორის დასახელებულია ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნა, საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა.
- პაატა ზაქარეიშვილი: „რეალურად ეს რუსეთის უსუსურობის გამოვლენაა, რომ ისეთი ძალა ვერ იპოვა საქართველოში, რომელიც მოახერხებდა რუსეთის ინტერესების სრულ დაკმაყოფილებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ძალამ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს".
28 ოქტომბრის შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს რუსულ სამთავრობო გამოცემა „სპუტნიკში" ფიფიამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფონდის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კაზბეკ ტაისაევს და „ესენგეს" საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე „ჯორჯიან ეარვეისის" ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია.
ფონდის პოლიტიკური პერსპექტივა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფონდი შეეცდება აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მას რეიტინგი არ ექნება.
„გამორიცხული არაა, რომ აქტიურად ჩაერთოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ საკითხავია, ვინ იქნება მათი ამომრჩეველი? ფაქტობრივად, ფარცხალაძე ასოცირებულია ივანიშვილთან. მის დროს იყო გენერალური პროკურორი. ამ მესიჯებს ასხედან ძალიან ბევრი პარტიები საქართველოში. ეს არის „ხალხის ძალა", რომელიც რეალურად „ოცნების" ნაწილია, ასევე „ალტ-ინფო" და „პატრიოტთა ალიანსი". მათი ადგილი არ არის საქართველოში. ეს კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის, უფრო სწორად, ფარცხალაძეებისა და ფიფიების. ისინი რაღაც ფულს აკეთებენ რუსეთში - ბიზნესები აქვთ, რაღაცას „ჩალიჩობენ" და უნდათ თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ ტყუილად არ ჭამენ პურს. ეს უფრო არის მათი ჯიბის ინტერესებია, რადგან თუ ვინმე ამის ამყოლი იყო, აძლევს ხმას „ქართულ ოცნებას".
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს კრემლის პროექტი იყოს, მაგრამ იმდენი პროექტია... ივანიშვილი არის ის, რაც მას მათ უნდათ, მაგრამ ბოლომდე არ გამოდის. ბევრ რამეზე აშკარად არ მიდის ივანიშვილი და ევაჭრება კრემლს. არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ოდეკაბეში შესვლაზე და ა.შ. როგორც ჩანს, რუსეთი უკმაყოფილოა „ოცნების" ასეთი მოქმედებებით და სხვადასხვა ვარიანტებს ჩხირკიდელაობს. ამ ვარიანტებს ასხედან ფიფია და ფარცხალაძე. ცდილობენ რაღაც სიცოცხლისუნარიანობა აჩვენონ რუსეთს, რადგან სხვაზე არ დადოს ფსონი.
„რეალურად ეს რუსეთის უსუსურობის გამოვლენაა, რომ ისეთი ძალა ვერ იპოვა საქართველოში, რომელიც მოახერხებდა რუსეთის ინტერესების სრულ დაკმაყოფილებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ძალამ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, მათ „ალტ-ინფოს", „პატრიოტთა ალიანსის" და „ხალხის ძალის" ხმებს უნდა დააჭირონ. მე ვერ ვხედავ მათ საქმიანობაში რაღაც ახალს, რეალურს, ეს ყველაფერი განმეორებაა", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ლომისას სალოცავი
რაც შეეხება ლომისას საკითხს, ზაქარეიშვილის აზრით, ამ თემის წამოწევა ქართველების მოსატყუებლადაა.
„ნამდვილად არ ვიცი ამ თემაზე დეტალურად რა ხდება. ვიცი ის, რომ ლომისობისას ხელს არ უშლიან. ეს თემა წამოწეულია ქართველების მოსატყუებლად - ჯერ აგიკრძალავენ და მერე ნებას გრთავენ, თითქოს ბედნიერი უნდა იყო...
„იგივე გააკეთა (რუსეთმა), მაგალითად, ოლეშკში, ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჯერ ოკუპაცია მოახდინა და მერე შეუშვეს (ჰუმანიტარული ორგანიზაციები). რუსეთმა ქულები დაიწერა, რომ აი, ჩვენ რა მაგრები ვართ, რა ჰუმანურები ვართ, ოკუპირებულ ქალაქში შევუშვი და მოხუცები გადავარჩენინეთ ამერიკელებს და უკრაინელებს.
„ამას აკეთებს ახლა რუსეთი ჩვენს მიმართებაშიც. ანუ აგიკრძალა ლომისის ტაძარში მისვლა, ახლა გვიშვებს და ბედნიერი უნდა იყო ამაზე?! ძალიან ცინიკურია და ვისაც ეს გაუხარდება, ნიშნავს, რომ პოლიტიკაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



