
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საქმის განხილვის ეტაპი რაუნდი დასრულდა. სხდომები 9 ნოემბრიდან განახლდება. პროცესი საკმაოდ მწვავე და დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობს, სადაც მხარეები ერთმანეთს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და პოლიტიკურ მოტივაციაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ ჯერჯერობით არ დააკმაყოფილა ოპოზიციის არც ერთი შუამდგომლობა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პარტიების აკრძალვაზე მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.
საქმის არსებითი განხილვის აქტიური ფაზა და ღია საჯარო სხდომები 2026 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ეტაპზე მხარეებმა სასამართლოზე თავისი პოზიციები წარმოადგინეს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებით ჰქონდათ გამყარებული. 9 ნოემბრიდან კი სასამართლო კითხვების დასმის ეტაპზე გადავა.
- ვახტანგ ხმალაძე: „გარკვეული, ასე ვთქვათ, მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან, როდესაც ისინი ერეოდნენ გამოსვლებში."
პირველ სხდომებზე იყო დაძაბული სიტყვიერი დაპირისპირებაც და საკმაოდ მწვავე კამათიც, ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და მათ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული პარტიების საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ, ძალადობისკენ და ღია ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს მოიცავდა, რაც, მათი თქმით, ამართლებდა მათი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტას.
თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენლები, იურისტები და სხდომაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მტკიცებებს მკაცრად უარყოფდნენ და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს, ხოლო სარჩელს ქვეყანაში ერთპარტიული რეჟიმის დამყარების მცდელობას უწოდებდნენ, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ.
ანალიტიკოსთა პირველი შთაბეჭდილებები და პროგნოზები არაერთგვაროვანია.
რა აჩვენა სხდომებმა
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ამ სხდომებმა ბევრი რამ აჩვენა, მათ შორის სასამართლოს მიკერძოებულობა.
„ერთი, რაც სრულიად აშკარად გამოჩნდა, ეს იყო ის, რომ მოპასუხე პარტიების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები იყო კარგად დასაბუთებული, დამაჯერებელი არგუმენტებით. ჩემი აღქმით, ეს კარგად აჩვენებდა სარჩელის სრულ უსაფუძვლობას.
„მეორე, გარკვეული, ასე ვთქვათ, მიკერძოებული დამოკიდებულება გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და ზოგიერთი მოსამართლის მხრიდან, როდესაც ისინი ერეოდნენ გამოსვლებში. ეს იყო შენიშვნები მოპასუხეთა მიმართ და არცერთი შენიშვნა მოსარჩელეთა მიმართ - არათანაბარი დამოკიდებულება მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებთან მიმართ.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხეთა მიერ წარდგენილი არცერთი შუამდგომლობა, გარდა ერთი მცირე ნაწილისა. ესეც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ჩემი აზრით, არასამართლიანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ შუამდგომლობებში იყო ისეთებიც, რომელთა დაკმაყოფილება შესაძლებლობას მისცემდა თავად სასამართლოსა და საზოგადოებას, უკეთ შეეფასებინათ მოსარჩელეთა და მოპასუხეთა პოზიციების, ასე ვთქვათ, ცხადი სიმართლე.
- ედიშერ გვენეტაძე: „ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უკვე წარმატებულია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით".
„დანარჩენი გამოჩნდება უკვე მეორე ეტაპზე. პირველ რიგში იმით, თუ რა კითხვებს დაუსვამენ მოსამართლეები მოპასუხეებსა და მოსარჩელეებს. ანუ კითხვების დასმაში გამოჩნდება თავად სასამართლოს წევრთა დამოკიდებულება ამ სარჩელის მიმართ. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა შეაფასოს მოსამართლეთა ობიექტურობის თუ მიკერძოების ხარისხი", - აღნიშნა ხმალაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები უფრო მეტად მომზადებულები იყვნენ.
„აქედან ერთადერთი რაც გამოჩნდა არის ის, რომ ეს პროცესი სამართლიანია და ის პარტიები, რომლებსაც დანაშაულები აქვთ ქვეყანაში ჩადენილი, კი არ დაიშალა, არამედ გაიშალა, იქცა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად". რა თქმა უნდა, იმსახურებენ პოლიტიკისაგან აკრძალვას. რასაკვირველია, ხელისუფლება უფრო მეტად მომზადებული იყო. რადიკალების გამოსვლა ასი ნულთან იყო შეფარდებული", - თქვა გვენეტაძემ.
რა გაგრძელება ექნება
ვახტანგ ხმალაძის ვარაუდით, სასამართლო ხელისუფლების მოთხოვნებს მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს.
„მარჩილეობას არ დავიწყებ, მაგრამ უფრო იმის მოლოდინი მაქვს, რომ სასამართლო მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნას. ძალიან გამიკვირდება და ძალიან სასიამოვნო იქნება ჩვენთვის, თუ ვცდები და საერთოდ არ დააკმაყოფილებს მოსარჩელეთა ამ სარჩელს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ სარჩელში ნახსენები ოპოზიციური პარტიები აიკრძალება.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უკვე წარმატებულია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან იგი ითვალისწინებს იმ ძალების აკრძალვას, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანაში დემოკრატიას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ასეც მოხდება, აიკრძალება", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



