რეზონანსი
(01.11.2026)

მივიღეთ მოცემულობა, რომ არათუ უცხოეთში, არამედ წევრ ქვეყნებშიც კი და ისეთ დიდ წევრ სახელმწიფოებში, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, გარკვეული ორგანიზაციები დაფინანსებას ევროკომისიისგან იღებდნენ, - განუცხადა „იმედის კვირას" საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, შემდეგ ამ დაფინანსების ნაწილს იყენებდნენ იმისთვის, რაც ვნახეთ პარიზის, მილანის და სხვადასხვა ევროპული ქალაქის ქუჩებში.

„მივიღეთ მოცემულობა, რომ არათუ უცხოეთში, არამედ წევრ ქვეყნებშიც კი და ისეთ დიდ წევრ სახელმწიფოებში, როგორიც არის საფრანგეთი, იტალია, გარკვეული ორგანიზაციები დაფინანსებას იღებდნენ ევროკომისიისგან. ანუ, საერთო ევროპული ბიუჯეტიდან იღებდნენ დაფინანსებას და შემდეგ ამ დაფინანსების ნაწილს იყენებდნენ იმისთვის, რაც ვნახეთ პარიზის, მილანის და სხვადასხვა ევროპული ქალაქის ქუჩებში. ანუ, ვანდალიზმი, რბევა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა", - აღნიშნა მან.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმითვე, ევროპაში არის ერთი ნაწილი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეროვნული სახელმწიფოები არ უნდა არსებობდეს.

„ან უნდა არსებობდეს, მაგრამ საკმაოდ სუსტი ფორმით და შესაბამისად, მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ბრიუსელის ხელში. ახლა ყველა ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს და ვიცით, რომ მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რათა ვეტოს უფლება მოიხსნას. ესეც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება რაღაც ერთიანი ფედერაციის ჩამოყალიბებისკენ, თუმცა ამ იდეას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. შესაძლოა ამ ჭრილშიც განვიხილოთ ეს. უბრალოდ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს დაფინანსება მხოლოდ ამ მიზნებს ემსახურება. თუმცა, რა თქმა უნდა, სკანდალურია თვითონ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის შიგნითვე ხდება დაფინანსების გამოყოფა თავისივე წევრი სახელმწიფოების ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შემდეგ ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეული", - დასძინა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე