რეზონანსი
(14.07.2022)

დეოლიგარქიზაციაზე ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? ევროკომისიის ეს მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს, გადაჭარბებული ზეგავლენისა და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმოადგენს. მსგავსი პრიორიტეტები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელს რეგიონშია წარმოდგენილი. იმისათვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ თავისი გეგმა შეიმუშავა, სადაც ვნახე, რომ ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც, ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვისთვის",- განაცხადა ჰარცელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე