რეზონანსი
(27.07.2022)

3 დაღუპული, 6 დაშავებული - ხარკოვის ოლქზე რუსეთის სარაკეტო იერიში მსხვერპლით დასრულდა, აფეთქებულია საცხოვრებელი კორპუსი. მაშველები ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ნანგრევებში კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანია

1 ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ქალაქის მიმართულებთ ოკუპანტებმა რამდენიმე რაკეტა ისროლეს. შედეგად, განადგურებულია 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებიდან ერთი გადარჩენილის ამოყვანა მოხერხდა.

მძიმე ვითარებაა ლუჰანსკის ოლქში. ტერიტორია იბომბება ავიაციით და ნაღმტყორცნებით, უტევენ დასახლებულ პუნქტებს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები უკრაინული კვალის წაშლას ცდილობენ. ამ მიზნით, დასახლებულ პუნქტებს მიწასთან ასწორებენ.

შეტევაზე გადავიდნენ უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქში. გენშტაბის ინფორმაციით, დაბომბეს დნეპრზე მდებარე ანტონოვკის ხიდი , რომელიც ქალაქ ხერსონს ოლქის რაიონებთან აკავშირებს. ფაქტს ადასტურებს ოკუპანტების მიერ დანიშნული ე.წ "ადმინისტრაციაც". სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდს უკრაინის არმია HIMARS-ის სისტემით უტევს.

წარმატება აქვთ უკრაინელებს ანდრეევკას და ლოზოვოეს მიმართულებით. ეს ტერიტორიები ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლებულია.

პოზიციების გაუმჯობესებას და კონტრშეტევაზე გასვლას უკრაინელი სამხედროები ნიკოლაევის ოლქშიც გეგმავენ. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს დღეებში ოკუპანტებს უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე