თეონა ვეშაგური
(29.08.2022)

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ზეწოლის შედეგად საკუთარ პოზიციებს ტოვებს და გარბის. როგორც „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტები საუბრობენ, ინფორმაცია გადასამოწმებელია, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ფრონტის რომელიმე ნაწილზე ნამდვილად მოეხდინა გარღვევა უკრაინულ მხარეს.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ შესაძლოა უკრაინულ არმიას რაიმე მიმართულებით მიეღწია გარკეული წარმატებისთვის.

„გადამოწმება სჭირდება ამ ინფორმაციას, გააჩნია რა სიტუაციაა ფრონტზე და რა სიღრმეზე მიდის ბრძოლა. ის, რომ ვიღაც ჯარისკაცი შესაძლოა აღმოჩნდა დეზერტირი, ეს არ ნიშნავს, რომ რუსული არმია მასობრივად იხევს უკან, ამიტომ უნდა დავუცადოთ დამატებით ინფორმაციებს.

„სასურველია სიმართლე იყოს, მაგრამ ამ დღეეში არ ჩანდა იმის წინაპირობა, რომ უკრაინულ არმიას რაიმე მსგავსი მოეხდენდა და გაარღვევდა ხერსონის თავდაცვის ფრონტს, თუმცა, არ არის გამორიცხული რაიმე მიმართულებით მიეღწიათ გარკეული წარმატებითვის" - განაცხადა კაპანაძემ.

გარდა ამისა, როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, უკრაინელები მუდმვად ცდილობენ გარკვეული სუსტი წერტილები უპოვონ რუსეთის არმიას, ამიტომ არაფერია გამორიცხული.

„სულ სხვა თემაა, უკრაინული მხარე როგორ აკეთებს ინფორმაციის ინტერპრეტაციას, მაგრამ დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ გარკვეულ ნაწილში მოეხდინათ უპირატესობის დაბრუნება. რადგან უკრაინულმა არმიამ რამდენჯერმე სცადა კონტრშეტვებით უპირატესობის მოპოვება. ალბათ ამ ეტაპზე გამოუვიდათ კიდეც. ისინი მუდმივად ცდილობენ გარკვეული სუსტი წერტილები უპოვონ რუსეთის არმიას". - განაცხდა მაისაიამ.

უკრაინული მედიიის ცნობით, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.

გავრცელდა ვიდეოც, სადაც ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის პირველი ხაზი უკვე გაარღვიეს და რუსულ პოზიციებს ტანკების, არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ბომბავენ.

მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ჰაიმარს-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებით თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს და მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებია დარჩენილი.

ამასთან, რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღის გადატანისა და პერსონალის გადაყვანის შესაძლებლობა მოესპო.

„უკრაინისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნების ბრწყინვალე შანსია", - აცხადებენ ოპერატიულ ჯგუფში.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„ძალიან ვთხოვთ მშვიდობიან მოსახლეობას, თუ არ იყო ან არ არის შესაძლებელი ქალაქებიდან ევაკუაცია, სადაც შესაძლოა აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყოს, თავშესაფარი იპოვონ და დაელოდონ - ვითარება დინამიურად იცვლება", - განაცხადა მან.

ჰუმენიუკმა ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა.

აღნიშნულზე ისაუბრა ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატმაც, სერჰი ხლანის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა დროებით ოკუპირებულ საოლქო ცენტრში საბრძოლო მასალის საცავებსა და მოწინააღმდეგის სამხედრო ნაწილს დაარტყეს.

„ხერსონის ოლქი. ორკებისთვის წუხანდელი ღამე იოლი არ იყო. ბევრისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა. „ჩამოფრენები" საწყობებსა და რაშისტების სამხედრო ნაწილში", - წერს ხლანი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე