
ზელენსკის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. საქართველოს ელჩი უკრაინიდან ბრუნდება, თუმცა თბილისში კონსულტაციები არ გაიმართება. უკრაინული მხარის მოთხოვნა, რომ ქართველმა დიპლომატმა ხელისუფლებასთან კიევისთვის სააკაშვილის გადაცემის საკითხი მოაგვაროს, არ შესრულდება. ოფიციალური თბილისის პასუხი საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნეს - დიპლომატიური დემარში ქართული მხარისთვის უსაფუძვლო და გაუგებარია. ელჩი თბილისში მხოლოდ მადლობას მიიღებს კიევში გაწეული საქმიანობისთვის.
საქართველო უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება, თუმცა ამაში ოპოზიციის ერთი ნაწილი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები ზელენსკის გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევენ, ქვეყნიდან ელჩის გაწვევას იწონებენ და იქვე აღიარებენ, რომ ეს უკიდურესად ხისტი ნაბიჯია.
ზელენსკის გადაწყვეტილების მხარდამჭერებს, მმართველი გუნდი ქართველ პოლიტიკოსებად არ მიიჩნევს. ოპოზიციის ეს ნაწილი „ქართული ოცნების“ შეფასებით, სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებს. დიპლომატიურ დემარშზე ოპონენტების რეაქციამ „ქართული ოცნება“ დაარწმუნა, რომ ოპოზიციის მიზანი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაა.
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
როგორც ზაქარაშვილმა მედიასთან თქვა, ასეთი შემთხვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში იშვიათია და მსგავსი გადაწყვეტილები არა მარტო მისთვის იყო მოულოდნელი, არამედ მოულოდნელი იყო მისი კოლეგებისთვის და დიპლომატიური კორპუსისთვისაც.
როგორც მან აღნიშნა, კიევიდან საზღვრამდე ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და ქვეყნის დატოვების პროცესი საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული.
„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლის 12 საათამდე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, რომ 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო.
მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული", - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა ხუთშაბათს.
ელჩის თქმით, მიუხედავად მისთვის გარკვეული ულტიმატურმის წაყენებისა, საქართველო ჯერჯერობით არ არის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ეტაპზე, თუმცა უკრაინის მხარის გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთობების გამწვავებად.
„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, ეს არის ურთიერთობების გამწვავება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის მხარეს დიდი ხანია ელჩი არ ჰყავს საქართველოში, ამის შემდეგ თეორიულად შესაძლებელია ის, რომ მოდით დავწიოთ დიპლომატიური ურთიერთობების დონე, რისი შემდეგი ეტაპიც არის ურთიერთობების გაწყვეტა.
თუმცა ჯერ არ ვართ ყველაზე დაბალ ნიშნულზე, ვინაიდან აკრედიტებული ელჩი საქართველოში ზოგადად არსებობს, თუმცა არა უკრაინაში, მაგრამ გაწვეულია კონსულტაციებზე. შემდეგი თეორიული ნაწილი არის ელჩების არარსებობა არც ერთი მხარის მიერ. ეს არის ურთიერთობების გაწყვეტის წინა ეტაპი, ჯერჯერობით, წინა ეტაპზე არ ვართ,“ - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.
უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, იმიტომ, რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ.
„უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ცხადი. თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნით, იმიტომ რომ არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ. უკრაინის ხელისუფლება არის გულახდილი. (ამ ძალებში) უკრაინა რა თქმა უნდა არ იგულისხმება, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც არის გულახდილი. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ საუბრობდა უმაღლეს დონეზე, თუ რა უნდათ საქართველოსგან. შეგახსენებთ, ეს იყო უმაღლესი დონე, მაგალითად უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. მადლობა მათ, რომ არ აქვთ დაფარული საკუთარი ინტერესი, საკუთარი პოზიცია, ღიად საუბრობენ იმაზე, რომ აქვთ ერთადერთი ინტერესი საქართველოს მიმართ - ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ გაიხსენა ომის დაწყების პირველ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა და აღნიშნა, რომ უკრაინას ბელარუსიდან არ ჰყავდა გაწვეული ელჩი მაშინ, როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელარუსის ტერიტორიიდან პირდაპირ კიევზე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ არსებობს საქართველოს და მის გარეთაც მოარული ხმები, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ზელენსკის მიერ არ იყო მიღებული. აბაშიძე ამბობს, რომ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება, უკრაინაში შეკედლებულმა ნაცკრიმინალებმა უკარნახეს.
„საქართველოს არ პატიობენ არა მხოლოდს იმას, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არა თუ მეორე ფრონტი არ გახსნა, არამედ არავის ვასალი არ არის. ჩვენ ქვეყანას „ენჯეო ჟორჯია“ არ ჰქვია და ეს არის სუვერენული სახელმწიფო საქართველო. ამას არ პატიობენ „ოცნების“ ხელისუფლებას. თუ ვისჯებით, ეს უკვე იმათ ნამუსზე იყოს, ვინც ამას ზელენსკს აიძულებს. უკრაინაში სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგმარეობაა. ამერიკის და ბრიტანეთის დაზვერვის თანამშრომლები, არა ერთი ამბობს, რომ უკრაინელები რუსების თავდაცვით ზღუდეებს ვერ არღვევენ.
„უკრაინაში არის იმაზე დიდი კორუფცია, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ საჭიროა განტევების ვაცის პოვნა. ე.წ. დაბალი ღობის, როგორადაც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ პოდოლიაკი, არახამია და სხვა ბოროტი კლოუნები, რომლებიც ცდილობენ თავი იმართლონ. თითქოს საქართველოში იხლართება გემები, როგორ წაართვან მიწა-წყალი უკრაინელებს და გაწყვიტონ. არადა ამ დროს ბელარუსისი ელჩი კი არ გააძევეს, არამედ თავად წავიდა. კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა ხდება მისი ხელისუფლების მიერ კონსულტაციებისთვის და არა მასპინძელი ქვეყნის მიერ. ამას ჰქვია გაძევება და სხვა არაფერი. ქართველი ხალხიკარგად ხედავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ცალკარაში მეგობრობას მაინც აგრძელებს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა იმხელა დახმარებას უწევს უკრაინელებს, ამდენი ქართველი დაიღუპა და მაინც ქართველების გარდა სხვა მტერი ვერ დაინახეს. მართალია არსებობს ორ ხელისუფლებას შორის სირთულეები, მაგრამ აბაშიძე კითხულობს, რომ ქართველმა და უკრაინელმა ხალხმა რა დააშავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



